მონიტორინგი

აუცილებელია გამოვრიცხოთ ქრონიკული თრომბოემბოლიური პულმონური ჰიპერტენზია (CTEPH) ფილტვის მწვავე ემბოლიის შემდეგ (და ანტიოაგულაციიდან 3 თვის შემდეგ) პერსისტენტული დისპნოეს მქონე პაციენტებში.[4]​არ არის რეკომენდებული CTEPH-ის რუტინული სკრინინგი. CTEPH-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია განუსაზღვრელი ანტიკოაგულაცია.[4]

არ არსებობს ერთი, დეფინიციური მიდგომა პარენტერული ჰეპარინის მონიტორინგისთვის ვენური თრომბოემბოლიის მართვის დროს. შემოთავაზებული მიდგომა გულისხმობს აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (aPTT) გადამოწმებას ან ანტი-Xa-ის დონის განსაზღვრას ყოველ 6 საათში, სანამ არ მოვიპოვებთ ორ, ერთმანეთის მომდევნო თერაპიულ შედეგებს, რომლის შემდგომ შეგვეძლება მონიტორინგის სიხშირე შევამციროთ (დღეში ერთხელ).[224] ანტი-Xa დონის მონიტორინგი შესაძლოა უპირატესი იყოს aPTT-ის შემოწმებასთან შედარებით ჰეპარინის მიმართ რეზისტენტობის მქონე პაციენტებში, პროლონგირებული საბაზისო aPTT-ის დროს ან ჰეპარინის მიმართ შეცვლილი რეაგირების შემთხვევაში.[224] ანტი-Xa-ის მონიტორინგის დროს რეკომდენებულია სამიზნე თერაპიული მაჩვენებელი 0.3-დან 0.7 ერთეული/მლ-მდე.[224]

K ვიტამინის ანტაგონისტით ნამკურნალებ პაციენტებს ხშირად ესაჭირეობათ საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მონიტორინგი. მონიტორინგის ჩატარება უმჯობესია ანტიკოაგულაციაზე სპეციალიზებულ კლინიკაში. თუმცა, შერჩეულმა პაციენტებმა შესაძლოა თავად აწარმოონ K ვიტამინის ანტაგონისტით თერაპიის თვითმონიტორინგი პორტატული ხელსაწყოების გამოყენებით. პერორალური ანტიკოაგულაციის დროს თვითმონიტორინგისა და თვითმართვის საშუალებით პაციენტებმა შესაძლოა გააუმჯობესონ თერაპიის ხარისხი.[225]

დაგიბატრანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი და ედოქსაბანი არ საჭიროებენ ლაბორატორიულ მონიტორინგს კოაგულაციის ტესტებით. კლინიკური ჩვენებისამებრ უნდა წარიმართოს თირკმლის ფუნქციის შეფასება პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულაციის დაწყების წინ, ასევე თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი უშუალოდ თერაპიის დროს.

კონსენსუსის გაიდლაინების მიხედვით ვენური თრომბოემბოლიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ დამალმოლეკულურ ჰეპარინს, რეკომენდებულია სისხლდენისა და თირკმლების ფუნქციის სიმპტომების მონიტორინგი, რათა ამ ფაქტორების ცვლილებების შემთხვევაში დაკორექტირდეს მედიკამენტის დოზა.[224] საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის, თრომბოციტების და შრატში კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი; ანტი-Xa-ის რუტინული მონიტორინგი რეკომენდებული არ არის.[224]

პაციენტთა უმრავლესობას არ ესაჭიროება ფონდაპარინუქსის რუტინული მედიკამენტური მონიტორინგი; ანტი-Xa კვლევა, რომელიც კალიბრირებული იქნება ფონდაპარინუქსზე, შესაძლოა განვიხილოთ ფონდაპარინუქსის აკუმულირებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში.[224]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას