მიდგომა

ეს მდგომარეობა გამორიცხვის დიაგნოზს წარმოადგენს და გამოვლინებები შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ეჭვის მაღალი ინდექსი HE-ზე, როგორც შესაძლო დიაგნოზი, უნდა დარჩეს ნებისმიერ პაციენტში, რომელსაც ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დისფუნქცია აქვს.

ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში HE განვითარებას შეიძლება იწვევდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი, როგორიცაა ჰიპოვოლემია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ინფექცია, ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია) და თირკმლის უკმარისობა, სედატივების ან ოპიოიდების მიღება, ჰიპოქსია, ჰიპოგლიკემია, კვებითი ცილის ჭარბი მიღება, შეკრულობა, ღვიძლის ან პორტული ვენის მწვავე თრომბოზი ან ტრანსიუგულარული ღვიძლშიდა პორტოსისტემური შუნტის (TIPS) ბოლოდროინდელი მოთავსება.[1][16][17][18]

HE დიაგნოზი და სტადიის დადგენა ეფუძნება კლინიკურ გამოკვლევებს. კვლევები ასევე აუცილებელია ფსიქიკური სტატუსის შეცვლის სხვა მიზეზების გამოსარიცხად.[1] ესენია ინფექცია, ელექტროლიტური დისბალანსი (ნატრიუმის, კალციუმის და კალიუმის), გლუკოზის დისბალანსი, ჰიპოქსემია, ურემია, ტოქსინების ზემოქმედება (ალკოჰოლი ან სედატიური მედიკამენტები) და ცენტრალური ნერვული სისტემის პირველადი დარღვევები, როგორიცაა სისხლდენა ან ინფექცია.

ანამნეზი.

თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს სრული ანამნეზის შეკრება იმის დასადგენად, არის თუ არა ფსიქიკური სტატუსის შეცვლის მაპროვიცირებელი ან სხვა მიზეზი. შეიძლება საჭირო იყოს ნათესაური ანამნეზის მიღება მომვლელის, ნათესავის ან მეგობრისგან.

პაციენტებმა შეიძლება აღწერონ შემდეგი სიმპტომები: ძილის დარღვევა (განსაკუთრებით, ჭარბი ძილიანობა დღისით); პიროვნების ცვლილებები, როგორიცაა აპათია, გაღიზიანება და დისინჰიბიცია; განწყობის ცვლილებები ეიფორიის და შფოთვის ჩათვლით; ყურადღების კონცენტრაციის შეზღუდვა. მდგომარეობის განვითარებასთან ერთად, პაციენტები განიცდიან დეზორიენტაციას სივრცეში და დროში. მათ შეიძლება ჰქონდეთ მწვავე დაბნეულობა, შეუსაბამო ქცევა ან პიროვნების აშკარა ცვლილებები გამოხატონ. ვითარდება მოტორული დარღვევები, როგორიცაა ასტერიქსისი და დისპრაქსია. ძილიანობას, მასშტაბურ დაბნეულობას და უცნაურ ქცევას შეიძლება მოყვეს ცნობიერების დაკარგვა ან კომა.[1]

პაციენტებს, ან დაბნეულობის შემთხვევაში, მათ მზრუნველებს/ოჯახის წევრებს უნდა ჰკითხოთ, ჰქონია თუ არა პაციენტს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის წინა ეპიზოდები. აშკარა (2, 3, ან 4 ხარისხის) ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ეპიზოდის შემდეგ, მომდევნო წლის განმავლობაში განმეორების 40%-იანი რისკი არსებობს.[1]

გამოკვლევა

უნდა ჩატარდეს სრული ფიზიკური გასინჯვა, რათა ინახოს ფსიქიკური სტატუსის შეცვლის მაპროვოცირებელი ფაქტორების და სხვა მიზეზების ნიშნები. ციროზის ფიზიკური ნიშნები მოიცავს სიყვითლეს, ასციტს, ხელისგულის ერითემას, შეშუპებას და ტელეანგიექტაზიებს. ღვიძლის გადიდება შეიძლება ინახოს ვირუსული ჰეპატიტის ადრეულ სტადიაზე. შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიყვითლეს.

შეიძლება ასევე ადგილი ჰქონდეს შეცვლილ რეფლექსებს და ნისტაგმს. შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერ-რეფლექსია და ბაბინსკის დადებითი ნიშანი. გავრცელებულია ექსტრაპირამიდული სიმპტომები, როგორიცაა კუნთების რიგიდობა, ბრადიკინეზია, ჰიპოკინეზია, ნელი მონოტონური მეტყველება და პარკინსონიზმის მსგავსი ტრემორი.[1]

ხშირად გვხვდება ასტერიქსისი.[1]

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ციროზი და არ აქვთ აშკარა ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ანამნეზი, უნდა ჩატარდეს ფარული ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის სკრინინგი. არ არსებობს ოქროს სტანდარტი და მცირე მონაცემები მოიპოვება იმის შესახებ, თუ რომელი ტესტი(ებ)ი უნდა იყოს გამოყენებული ამისათვის. ცხოველთა დასახელების ტესტი (ანუ 60 წამში ჩამოთვლილი ცხოველთა რაოდენობა, არ არის საჭირო აღჭურვილობა) დღემდე ერთადერთი მკურნალობის ადგილზე ჩატარებადი ტესტია, რომელმაც იმედისმომცემი შედეგები, თუმცა საჭიროა შემდგომი ვალიდაცია.[2]

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მენტალური (კოგნიტური და ქცევითი) და მოტორული ნიშნები. სხვები გამოხატავენ ორივეს, მაგრამ ნიშნები არ ვითარდება პარალელურად, რაც ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის სტადიის განსაზღვრას გამოწვევად აქცევს.

საწყისი კვლევები

უნდა შემოწმდეს შრატის ელექტროლიტები, ღვიძლის ტესტები, კოაგულაციის პროფილი, შარდოვანა და კრეატინინი, სისხლის საერთო ანალიზი, შრატის გლუკოზა, ანთებითი მარკერები (მაგ., C-რეაქტიული ცილა), ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი, სისხლში ალკოჰოლის დონე, არტერიული ან ვენური აირების ტესტი, შარდის ტოქსინების სკრინინგი, შარდის კულტურა და სისხლის კულტურები.[2]

სადავო საკითხს წარმოადგენს კლინიკურ პრაქტიკაში ამიაკის გაზომვის გამოყენება.[21][22][23]​​​​ სისხლში ამიაკის დონე კორელაციაშია HE-ს სიმძიმესთან, მაგრამ ჰიპერამონიემიის ყველა შემთხვევა არ არის დაკავშირებული HE-სთან.[2]​ მხოლოდ ამიაკის მაღალ დონეს არ აქვს დიაგნოსტიკური, სტადიური ან პროგნოზული მნიშვნელობა ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე HE-ს მქონე პაციენტებისთვის.[1][22]​ თუმცა, ნორმალური შეფასება მოითხოვს ხელახალ დიაგნოსტიკას[1]​ ტესტირება შეიძლება სასარგებლო იყოს არადიფერენცირებული კომის მქონე პაციენტებში, რომლებისთვისაც ამიაკის დაბალი დონე HE ნაკლებად სავარაუდოს ხდის.[22]​ ევროპული გაიდლაინები გვირჩევენ სისხლის პლაზმაში ამიაკის დონის შემოწმებას დელირიუმის/ენცეფალოპათიის და ღვიძლის დაავადების მქონე ყველა პაციენტში, რადგან მიჩნეულია, რომ მათ აქვთ მაღალი უარყოფითი პროგნოზირებადი მნიშვნელობა HE-ს სამუშაო დიაგნოზთან მიმართებაში და ნორმალური შედეგი ეჭვქვეშ დააყენებს HE-ს დიაგნოზს. .[2]

ვიზუალიზაციური კვლევები

თავის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) შეიძლება დაეხმაროს სხვა დიაგნოზის გამორიცხვას ან გამომწვევი მიზეზების შემოწმებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ გამოავლინონ ტვინის შეშუპება და ატროფია, ეს ცვლილებები არც მგრძნობიარეა და არც სპეციფიკური ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიისთვის. დელირიუმის/ენცეფალოპათიის და ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს თავის ტვინის კომპიუტერული ან მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფია, თუ არსებობს დიაგნოსტიკური ეჭვები ან პაციენტი არ პასუხობს მკურნალობას. ეს მიდგომა ყოველთვის მოწოდებულია, თუ არსებობს კლინიკური ეჭვი ინტრაცერებრალური სისხლდენის, ინსულტის ან სივრცის დამკავებელი დაზიანების არსებობის შესახებ.[2] ცერებრალური სისხლდენის რისკი მინიმუმ ხუთჯერ იზრდება ამ პაციენტების ჯგუფში.[1] თავის კომპიუტერული ტომოგრაფიის ინფორმატიულობა დაბალია ციროზის და მორეციდივე ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში.[24]

მუცლის ზედა კვადრანტის ექოსკოპია უნდა იყოს გათვალისწინებული მიღებული აუხსნელი მწვავე დეკომპენსაციის მქონე ყველა პაციენტისთვის, ვინაიდან მიზეზი შეიძლება იყოს პორტული ან ღვიძლის ვენის მწვავე თრომბოზი.

სხვა გამოკვლევები

ეეგ-მ შეიძლება ხელი შეუწყოს მსუბუქი ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დიაგნოსტიკას და ფარული გულყრების გამორიცხვას კომატოზურ პაციენტებში.[2] HE შეიძლება ასოცირებული იყოს თავის ტვინის ტალღის სიხშირის და ამპლიტუდის შემცირებასთან.

ასციტის მქონე პაციენტებში ასევე უნდა ჩატარდეს დიაგნოსტიკური პარაცენტეზი სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის გამოსარიცხად, რომელმაც შეიძლება მოახდინოს HE პროვოცირება.

წელის პუნქცია შეიძლება გაითვალისწინოთ მენინგიტის, როგორც ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლის მიზეზის გამოსარიცხად შესაბამის პირობებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას