პროგნოზი

რეზექტაბელური დაავადება (1-ლი და მე-2 სტადია)

დიაგნოზის დადგენის დროს პაციენტების 15-20%-ს აქვს რეზექტაბელური დაავადება.[157] თუმცა, რადიკალური რეზექციის შემდეგაც კი, საშუალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის პერიოდი 15-19 თვეა, ხოლო 5-წლიანი ხანგრძლივობის მაჩვენებელი 20%-ია. პაციენტის გრძელვადიანი სიცოცხლის ხანგრძლივობის საუკეთესო პროგნოზული ინდიკატორია რეზექციისას ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში ამოკვეთა, სიმსივნის დნმ შემადგენლობა, სიმსივნის ზომა და ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების არარსებობა.[76]

ადგილობრივად გავრცელებული არარეზექტაბელური დაავადება (მე-3 სტადია)

პაციენტების დაახლოებით 30%-ს აღენიშნება ადგილობრივად გავრცელებული პანკრეასის კიბო.[157] მიუხედავად იმისა, რომ ქიმიოთერაპიამ, რადიოთერაპიასთან ერთად ან მის გარეშე, შეიძლება გარკვეულწილად დადებითი ეფექტი მოახდინოს გადარჩენადობასა და პალიაციაზე, მკურნალობა იშვიათად შეძლებს კიბოს კონტროლს. მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვეში პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ კიბოს ადგილობრივი პროგრესირების ან ახალი მეტასტაზების ნიშნები.[76] აღნიშნულ პაციენტებში სავარაუდოა სუბკლინიკური მეტასტაზური დაავადება, ამიტომ მათი მკურნალობის რეჟიმი ახალ აგენტებსაც უნდა მოიცავდეს. ამჟამად კვლევების საკითხია მოლეკულური ფაქტორების პროგნოზული ღირებულება, როგორებიცაა K-Ras, ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი, PTEN, AKT და კიბოს მოცირკულირე უჯრედების აღმოჩენა.[158]

მეტასტაზური დაავადება (მე-4 სტადია)

მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტები (50-55%) საშუალოდ 3-6 თვე ცოცხლობენ. გადარჩენადობა დამოკიდებულია სიმსივნის ტვირთსა და გამოვლენისას არსებულ მდგომარეობაზე.[76]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას