მიდგომა
სადღეისოდ არ არსებობს SARS სამკურნალო ეფექტური მკურნალობის მეთოდი. სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატები იქნა გამოყენებული, მაგრამ მათი ეფექტურობა არადამაჯერებელია.[43] ამავე დროს, მკურნალობის მიზანს წარმოადგენს სიმპტომების შემსუბუქება, გართულებების პრევენცია და მკურნალობა, სასიცოცხლო პარამეტრების ინტენსიური უზრუნველყოფა.
იზოლირების პროცედურები
როგორც კი ჩამოყალიბდება მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის კლინიკური ეჭვი, უნდა დაიწყოს ყველა შესაბამისი დამცავი ღონისძიება გადაცემის რისკის შესამცირებლად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ დადგენილი მკაცრი კონტაქტისა და აეროგენული სიფრთხილის ზომების დაუყოვნებლივი განხორციელებით.[44] ღონისძიებები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, როცა დიაგნოსტიკური, თუ სამკურნალო მიზნით აეროზულგენერაციული პროცედურების საჭიროების დრო დადგება.
კლინიკური სიმძიმის შეფასება გვეხმარება, დავადგინოთ სამართავად ყველაზე შესაფერისი ადგილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრების რჩევით, SARS-CoV დაავადებით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც სამედიცინო მიზეზების გამო არ ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, შეიძლება იზოლირებული იყვნენ სახლში.[45] სტაბილური პაციენტი სასურველია, მოთავსდეს იზოლირებულად და მისი მკურნალობა ბაროკამერაში მიმდინარეობდეს, თუ ეს ხელმისაწვდომია. უფრო მძიმე შემთხვევაში (მაგ. მწვავე სუნთქვის უკმარისობის დროს) სასურველია, პაციენტი მოთავსდეთ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან შუალედური მართვის ბლოკში აეროგენული გადაცემის უსაფრთხოების ზომების დაცვით.
დამხმარე მკურნალობა
დამხმარე მოვლა მკურნალობის საფუძველია. მოიცავს ჟანგბადის შესაფერის რეჟიმში მიწოდებას ჰიპოქსემიის გასაუმჯობესებლად, დიარეით, ან ცხელებით გამოწვეული სითხის დეფიციტის შევსებას, ელექტროლიტური დარღვევების კორექციას, ანტიპირეტიკებისა და ანალგეტიკების გამოყენებას ცხელებისა და ტკივილის სამართავად.
მოსალოდნელი, ან განვითარებული სუნთქვის უკმარისობა
მოსალოდნელი, ან განვითარებული სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტები სასურველია, მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან შუალედური მოვლის განყოფილებაში. მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის შემთხვევების დაახლოებით 14%-26% და ინტენსიური თერაპიის ბლოკში მოთავსებულ პაციენტთა დაახლოებით 50%-85% საჭიროებს ინვაზიურ (უმჯობესია), ან არაინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციას.[19][24][25][37][46][47][48] ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია გამოიყენება, თუ პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად უარესდება და სპონტანური სუნთქვისას ვერ ვინარჩუნებთ SaO2-ის მაჩვენებელს 90%-ის ზემოთ, მიუხედავად ჟანგბადის მაქსიმალური მიწოდებისა.[49]
არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია[50]
დადებითი წნევით წარმოებული არაინვაზიური მექანიკური ვენტილაციის (NIPPV) როლი საკამათოა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სიკვდილობას და ინტუბაციის საჭიროებას ამცირებს, გამოითქვა შეშფოთება ვირუსის გადატანის შესაძლებლობის გამო.
NIPPV ფონზე აღინიშნება პნევმოთორაქსის, ისევე, როგორც კანქვეშა და მედიასტინური ემფიზემის მაღალი სიხშირე.
მექანიკური ვენტილაციის დროს ვირუსის გადატანის რისკის შესამცირებლად, უნდა მივიღოთ შემდეგი გამაფრთხილებელი ზომები.
ვერიდოთ საფრქვევ მატენიანებლებს და ვენტურის ნიღბის გამოყენებას დატენიანების გარეშე.[51]
ვერიდოთ პარკიანი ნიღბით ვენტილაციას და ისეთი ნიღბები გამოვიყენოთ, რომლებიც გამონასუნთქი ჰაერის ფილტრაციას ახდენს.
ინტუბაციის დროს გამოვიყენოთ შესაფერისი სედაცია.
დახურული ასპირატორების გამოყენება და მექანიკური სასუნთქი აპარატების გამოსასვლელ ხვრელში სუბმიკრონული ფილტრების დაყენება.
ხველების შემცირების მიზნით სედაცია, ან სუნთქვის დათრგუნვა.
ვენტილატორის გადაყვანა ლოდინის რეჟიმში და ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP) გამორთვა წრედის გათიშვისას.
შეძლებისდაგვარად ბრონქოსკოპიის თავიდან აცილება.
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ± გრიპის ემპირიული მკურნალობა
დიაგნოზის თავდაპირველი გაურკვევლობის გამო, კეთილგონიერი პირველი რიგის მკურნალობად მიჩნეულია, როგორც ტიპიური(მათ შორის წამლისადმი რეზისტენტული შტამები), ასევე - ატიპიური საზოგადოებაში შეძენილი რესპირატორული პათოგენების საწინააღმდეგო ანტიბიოტიკოთერაპია.
შესაბამისი ბეტა-ლაქტამი მაკროლიდთან ერთად ან მონოთერაპია რესპირატორული ფტორქინოლონით არის გონივრული ვარიანტი. ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ინტრავენური კომბინაციების შესაძლო მაგალითებია ცეფტრიაქსონი ან ცეფტაროლინი პლუს აზითრომიცინი ან კლარითრომიცინი. ლევოფლოქსაცინით, ან მოქსიფლოქსაცინით ჩატარებული მონოთერაპია ალტერნატიულ მეთოდად მოიაზრება.[52] ანტიბიოტიკოთერაპია სასურველია შეწყდეს, როგორც კი SARS დიაგნოზი დადასტურდება.
თუ ეპიდემიოლოგიურად ნაჩვენებია(მაგ. გრიპის სეზონური ეპიდემიის დროს), გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ სასურველია გამოვიყენოთ ზანამივირის, ან ოსელტამივირის 5-დღიანი კურსი
ანტივირუსული მკურნალობა დიაგნოზის დადასტურებისას.
მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების შესახებ რანდომიზებული კონტროლირებული კვლევების მონაცემები შეზღუდულია, თუმცა არსებობს კონსენსუსი, რომ ანტივირუსული თერაპია დადასტურებულ შემთხვევებში შეძლებისამებრ ადრე უნდა დაიწყოს. ანტიპროტეაზული პრეპარატები ლოპინავირი/რიტონავირი სასურველია, 14 დღის განმავლობაში მივიღოთ.[53]
თუმცა მონოთერაპიის სახით ნაკლებეფექტურია, ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციასთან ერთად შეიძლება რიბავირინის გამოყენებაც.[16]
მძიმე ინფექცია
ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებთან ერთად მძიმე ინფექციის მქონე პაციენტები (გაუარესებული რადიოლოგიური მონაცემები, ჟანგბადის მზარდი საჭიროება[PaO2 < 10 kpa/ SpO2 < 90%/ოქსიგენაციის ინდექსი < 300 მმ.ვწყ.სვ], და სუნთქვის სიხშირე ≥ 30 /წუთში) სასურველია, ღებულობდნენ კორტიკოსტეროიდებს საჭიროებისამებრ იმუნოგლობულინის, ინტერფერონის და კონვალესცენტური პლაზმის დამატებით.
როგორც აღინიშნა, კორტიკოსტეროიდებმა მძიმე შემთხვევებში გარკვეული ეფექტურობა გამოავლინა.[54] მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილია სხვადასხვა რეჟიმი, ყველაზე ხშირად გამოიყენება 3-დან 6 დღემდე პულსირებული მეთილპრედნიზოლონი. კორტიკოსტეროიდები, რომლებიც ემატება ლოპინავირს/რიტონავირს და/ან რიბავირინს ინფექციის ადრეულ ეტაპზე, ნაჩვენებია, რომ ამცირებს პროგრესირებას მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომისკენ, ისევე როგორც სიკვდილობის მაჩვენებელს.[16]
იმუნოგლობულინი, ინტერფერონი, ან კონვალესცენტური პლაზმა სასურველია, მკურნალობას დაემატოს იმ პაციენტებში, რომლებთანაც რიბავირინისა და პულსირებული მეთილპრედნიზოლონის გამოყენებისას შესაფერისი შედეგი არ იქნა მიღებული.
თუმცაღა ზოგ ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის, IgM გამდიდრებული იმუნოგლობულინი (პენტაგლობინი®), როგორც აღმოჩნდა, სარგებლიანია SARS მკურნალობისას.[55]
ინტერფერონმა იმედისმომცემი შედეგიანობა გამოავლინა ინ ვიტრო და ცხოველებში. ერთი არაკონტროლირებადი კლინიკური კვლევის შემდეგ აღინიშნა, რომ სინთეზური ინტერფერონის ალფაკონ-1 და კორტიკოსტეროიდების კომბინირებული 10-დღიანი კურსი ოქსიგენაციის გაუმჯობესებას და რადიოლოგიური პათოლოგიის გაწოვის დაჩქარებას იწვევს.[56]
კონვალესცენტური პლაზმის ეფექტიანობა SARS მკურნალობისას არ არის დადასტურებული.[57][58]
ფსიქოლოგიური დახმარება და სამართლებრივი მხარე
პაციენტები, ისევე, როგორც მათი ნათესავები, შეიძლება, საჭიროებდნენ ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას და სამართლებრივ დახმარებას სპეციალიზებული მკურნალობისთვის.
ამასთან ერთად, სამედიცინო პერსონალი აღნიშნავს ემოციურ გადაწვას, კარანტინით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ დისტრესს, კონტაგიურობის შიშს, ოჯახზე წუხილს, გარკვეულ დაღდასმულობას ისევე, როგორც პოსტტრავმულ სტრესს, რაც მათ პაციენტის მაღალხარისხოვანი მოვლის შანსს უზღუდავს. სამედიცინო პერსონალის ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა სასურველია მწვავე ფაზაში და იდეალურ შემთხვევაში, პრე-პანდემიურ პერიოდში რათა მომავალი ეპიდაფეთქებების დროს შესაფერის მზადყოფნაში იყვნენ.[59][60]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას