გართულებები
მართალია, პლევრული გამონაჟონი ხშირია, ემპიემა მხოლოდ 5-10%-ში ვითარდება.[133] ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ჰემატოგენურად ან უშუალოდ ინტრაპარენქიმული ქსოვილებიდან პლევრის ღრუში.
ყველა გამონაჟონის დროს ეჭვი უნდა იყოს მიტანილი ემპიემაზე, განსაკუთრებით თუ პროცესი ცალმხრივია, გამონაჟონი არ მცირდება დიურეზის აღდგენით და არ არის კავშირში გულის უკმარისობასთან.
CT კვლევა განასხვავებს პლევრულ გამონაჟონს ფილტვის შეშუპებისგან, მაგრამ დიაგნოსტიკური თორაკოცენტეზის ჩატარება საჭიროა ემპიემის ან აბსცესის გამოსარიცხად. პარაპნევმონიური გამონაჟონის მართვის გაიდლაინები უკვე ხელმისაწვდომია.[134]
სეფსისი შეიძლება განვითარდეს ჰემატოგენურად HAP-ის გამომწვევი პათოგენისგან. უნდა ჩატარდეს მინიმუმ 30 წუთის ინტერვალით აღებული სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რათა დადგინდეს პერსისტიული ბაქტერიემია, რაც დაადასტურებს ენდოკარდიტის დიაგნოზს.
უნდა ჩატარდეს სისხლის სრული საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით, რათა დადგინდეს ახალგაზრდა ნეიტროფილების წარმოქმნის ხარისხი.
დაცული უნდა იყოს სეფსისის მართვის რეკომენდაციები.[135]
ფილტვის ემბოლია ძნელი სადიაგნოსტიკოა, ვინაიდან მისი სიმპტომები არამკვეთრია (პირველ რიგში სუნთქვის გაძნელება და ტაქიკარდია). ამის გარდა, კრიტიკული პაციენტის ტრანსპორტირება სპირალური კტ კვლევისთვის შეიძლება რთული და საშიში იყოს.
Clostridium difficile-ით გამოწვეული კოლიტი ჩვეულებრივ ვითარდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. მიზანშეწონილია განავლის კვლევის ჩატარება. თუ ხდება ტოქსინის ან ანტიგენის ტესტების გამოყენება, შეიძლება საჭირო გახდეს კვლევის გამეორება, ვინაიდან სენსიტიურობა მხოლოდ 80%-ია (დამოკიდებულია გამოყენებულ კომერციულ კომპლექტზე). თუ ეჭვი მაღალია, საჭიროა მკურნალობა.
შეიძლება გამოვლინდეს მაღალი ლეიკოციტოზი, ამიტომაც უნდა ჩატარდეს სრული სისხლის საერთო ანალიზი. თუ საეჭვოა ტოქსიკური მეგაკოლონი, უნდა ჩატარდეს მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია და საჭიროა ქირურგის კონსულტაცია. C difficile ინფექციის პრევენცია შეიძლება ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების შეზღუდვით.
განკურნების შესაფასებლად განავლის ტოქსინის ტესტის განმეორებით ჩატარება არ არის აუცილებელი, ვინაიდან პაციენტები ტოქსინს გამოყოფენ კვირების განმავლობაში, ასე, რომ განკურნება ეფუძნება კლინიკურ გადაწყვეტილებას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას