ეტიოლოგია
HAP-ისა და ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონიის (VAP) უმეტესი შემთხვა გამოწვეულია ბაქტერიებით, განსაკუთრებით აერობული გრამ-უარყოფითი ბაცილებით, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa, ნაწლავის ჩხირი, Klebsiella pneumoniae და Acinetobacter-ის სახეობები. საავადმყოფოში და საზოგადოებაში შეძენილი მეტიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus (MRSA შტამები), მეტიცილინ-მგრძნობიარე Staphylococcus aureus (MSSA) შტამებთან ერთად, გაზრდილი რაოდენობით HAP-ის შემთხვევებს იწვევს.[9][10] ოროფარინგეული პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები (viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები, კოაგულაზა-ნეგატიური სტაფილოკოკი, ნეისერიას სახეობები, და კორინებაქტერიის სახეობები) და ანაერობული ორგანიზმები იშვიათად იწვევენ HAP-ს. პაციენტები, რომლებსაც ჩატარებული აქვს ანტიმიკრობული მკურნალობა ან ჰქონდათ ექსპოზიცია საავადმყოფოს გარდა სხვა ჯანდაცვის დაწესებულებასთან, შეიძლება კოლონიზებული იყვნენ მულტირეზისტენტული (MDR) პათოგენებით, რის გამოც იმყოფებიან HAP-ის რისკის ქვეშ (მაგ., P aeruginosa და MRSA).[3] ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (ICU) შეიძლება ასევე გამრავლდეს MDR პათოგენები; შსაბამისად, რეკომენდებულია ICU ინფექციების აქტიური მონიტორინგი.[3] ასეთია Streptococcus pneumoniae და ლეგიონელას სახეობები.[11] Legionella pneumophila-ით გამოწვეული HAP-ი სპორადულია, მაგრამ უფრო ხშირია სეროჯგუფ 1-ით გამოწვევა თუ მოწოდებული წყალი კოლონიზებულია ან კონსტრუქციების მოწყობა ხდება. [12] ვირუსული და სოკოვანი ეტიოლოგია ასევე იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია გახშირდეს რიგ შემთხვევებში, როგორიცაა მაგალითად COVID-19 მიმდინარე პანდემია, გრიპის აფეთქება ან იმ შემთხვევაში, თუ Aspergillus-ი მოხვდება ვენტილაციის სისტემაში და ხდება იმუნოსუპრესიული პაციენტების ექსპოზიცია.[13][14]
პათოფიზიოლოგია
ალვეოლაში ბაქტერიის მოხვედრის ყველაზე ხშირი გზაა ოროფარინგეული პათოგენების მიკროასპირაცია ან ბაქტერიების შემცველი სეკრეტის გაჟონვა ენდოტრაქეული მილის მანჟეტიდან.[15] ინფიცირების სხვა გზებია მიკროასპირაცია (მაგ., ნაღებინები მასის), ინჰალაცია, დაინფიცირებული კათეტერიდან ინფექციის ჰემატოგენური გზით გავრცელება, პირდაპირი დაინფიცირება (მაგ., თორაკოცენტეზით) და ტრანსლოკაცია კუჭ-ნაჭლავის ტრაქტიდან.[16] მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს პაციენტში ინფექციის რომელიმე აღწერილი გზით განვითარებას, მიეკუთვნება პაციენტის ფონური დაავადება, ჩატარებული ქირურგიული ჩარევა, ანტიმიკრობული და სხვა პრეპარატების გამოყენება, ინვაზიური რესპირატორული აღჭურვილობის ან აპარატურის ზემოქმედება.[17] HAP-ის დროს პათოგენების წყაროებია სხვადასხვა მოწყობილობა (ენდოტრაქეული მილის დაინფიცირებული ბიოაპკი), გარემო (ჰაერი, წყალი, აღჭურვილობა), და მიკროორგანიზმების გადაცემა პაციენტიდან პაციენტზე ჯანდაცვის მუშაკების მეშვეობით (ხელის ცუდი ჰიგიენა).[18][19] დაბოლოს, სინუსები შეიძლება იყოს ჯანდაცვასთან ასოცირებული პათოგენების რეზერვუარი, რამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს HAP-ის განვითარებას.[20]
ბაქტერიის ადჰეზია დაავადების განვითარების აუცილებელი პირობაა.[21] HAP-ის მქონე პაციენტებში ენდოგენური ფლორა წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების კოლონიზაციის წყაროს. შეიძლება, არსებობდეს მიდრეკილება გრამ-უარყოფითი ორგანიზმებისადმი, ვინაიდან ნერწყვში გაზრდილია პროტეაზას შემცველობა და, აქედან გამომდინარე, უჯრედების ზედაპირიდან იკარგება ფიბრონექტინი, რაც იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანზე გრამ-უარყოფითი ბაცილების ადჰეზიისა და კოლონიზაციის მატებას. ჩვეულებრივ, ლორწოვანის უჯრედები დაფარულია ფიბრონექტინით, რაც ხელს უწყობს გრამ-დადებითი ბაქტერიების ადჰეზიას.[21]
კლასიფიკაცია
ამერიკის თორაკალური საზოგადოება; ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოება[1]
ჰოსპიტალური (ნოზოკომიური) პნევმონია
ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციაა, რომელიც შეძენილია საავადმყოფოში მოთავსებიდან მინიმუმ 48 საათის შემდგომ.
ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონია
ინფექცია, რომელიც ვითარდება ენდოტრაქეული ინტუბაციიდან 48-72 საათზე მეტი დროის შემდეგ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას