მიდგომა
გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დგინდება დეტალური ნევროლოგიური ანამნეზითა და გასინჯვით მოპოვებული მონაცემებით, ხოლო დასტურდება დამხმარე გამოკვლევებით, როგორებიცაა თავის ტვინის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და თავზურგტვინის სითხის შეფასება (როდესაც სიმპტომების ალტერნატიულ მიზეზს ვერ ვადგენთ).
ნევროლოგიური ანამნეზი
გაფანტული სკლეროზის მადემიელინიზებელ ეპიზოდზე მიუთითებს გარდამავალი მოტორული, ნათხემის, მგრძნობელობითი, სიარულის ან მხედველობითი დისფუნქციის 48 საათიანი ან უფრო ხანგრძლივი ანამნეზი, რომელსაც თან არ ახლავს ცხელება ან სხვა ავადმყოფობა.
სიმპტომები ხშირად ასიმეტრიულია და მოიცავს სხეულის ცალ მხარეს ან მხოლოდ ერთ კიდურს, თუმცა შესაძლოა შეგვხვდეს ორმხრივი ჩართულობაც. გაფანტული უსიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა სისველის ან წიწკვნის შეგრძნება და შეხვეული ან ნახევრად შეხვეული სხეულის შეგრძნება პათოგნომურია ზურგის ტვინის დაზიანებებისთვის.
ნევროლოგიური გამოკვლევა
მხედველობის დისკის შესაფასებლად უნდა ჩატარდეს ოფთალმოსკოპია, ხოლო "მოქანავე სინათლის" ტესტის გამოყენება კი შეიძლება გუგის აფერენტული დეფექტის შესაფასებლად. ფერების გარჩევადობა უნდა შეფასდეს წითელი ფერის დესატურაციაზე (მხედველობის ნერვის ნევრიტის მსუბუქი ნიშანი). დაავადების ამოცნობაში შეიძლება განსაკუთრებით დაგვეხმაროს თვალის მოძრაობები, ვინაიდან პაციენტებს, რიგ შემთხვევაში, უვითარდებათ ბირთვთაშორისი ოფთალმოპლეგია ან სხვა დარღვევები დანარჩენი სიმპტომების გარეშე. თვალზე ნისტაგმის ან პათოლოგიური სწრაფი წყვეტილი მოძრაობა(saccades) შესაძლოა მიუთითებდეს ნათხემის დაზიანებაზე.
ზედა და ქვედა კიდურებში ტონუსისა და რეფლექსების შემოწმება მნიშვნელოვანია ზედა მოტორული ნეირონების სიმპტომატიკის განსაზღვრისთვის, როგორებიცაა სპასტიკურობა და ჰიპერრეფლექსია.
აუცილებელია სიარულის დაკვირვებით შეფასება, უკეთეს შემთხვევაში პაციენტის მიერ სულ მცირე 7.6 მეტრზე გავლის დაკვირვების გზით (25 ფუტი). შესაძლოა აღიინიშნოს ტერფის მსუბუქი დაკიდება, ასევე სპასტიურობა და წონასწორობის პრობლემები.
რადიოლოგია
მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გაფანტული სკლეროზის მტკიცებითი კვლევაა. შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სპეციალისტების მიერ, რომლებმაც კარგად იციან გაფანტული სკლეროზის მაგნიტურ-რეზონანსული მახასითებლები, პაციენტის ანამნეზური და გასინჯვის შედეგად მოპოვებული მონაცემები. 2021 წელს გამოიცა რეკომენდაციები მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის სტანდარტიზებული პროტოკოლების შესახებ.[3]
თავის ტვინის გამოსახვითი კვლევა
საგიტალური სამგანზომილებიანი (3D) სითხით შესუსტებული ინვერსიული აღდგენა (FLAIR) მრავალფუნქციური რეკონსტრუქციის ფუნქციით რეკომენდებულია გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის მიზნით, მისი მაღალი მგრძნობელობის გამო.[3]მაღალი ხარისხის ორგანზომილებიანი (2D) პულსის თანმიმდევრობა (ანუ ≤3 მმ ფენის სისქე და ფენებს შორის სივრცის არარსებობა) მისაღები ალტერნატივაა, თუ არ არის შესაძლებელი მაღალი ხარისხის 3D FLAIR სურათების მიღება. პრეკონტრასტული T1-შეწონილი თანმიმდევრობის მიღება საჭირო არ არის. უპირატესია 3 T სკანერი, მაგრამ მისაღებია 1.5 T სისტემაც; 7 T სისტემები რეკომენდებული არ არის, გარდა კვლევის კონტექსტისა. ინტრავენური გადოლინიუმზე დაფუძნებული კონტრასტული აგენტები ფასდაუდებელია პირველადი გამოკვლევების დროს, რათა დადგინდეს გავრცელების ხარისხი და გამოირიცხოს ალტერნატიული დიაგნოზები, მაგრამ ტვინში გადოლინიუმის დაგროვების პოტენციური რისკის გამო, მხოლოდ ერთჯერადი დოზები უნდა იქნას გამოყენებული. დიფუზიური შეწონილი ვიზუალიზაცია შეიძლება გამოიყენოთ დიფერენციული დიაგნოზისთვის ან იმ პაციენტებში, ვისთვისაც გადოლინიუმი უკუნაჩვენებია, მაგრამ არა, როგორც ალტერნატივა გადოლინიუმით გაძლიერებული T1 შეწონილი ვიზუალიზაციით მწვავე დემიელინიზირებელი დაზიანებების საჩვენებლად.[3]
ზურგის ტვინის ვიზუალიზაცია
ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის, თუმცა არასაკმარისი სიხშირით ინიშნება. კვლევა არაინვაზიურია და გვეხმარება გაფანტული სკლეროზის დაზიანებების აღმოჩენაში და ალტერნატიული დაავადებების გამორიცხვაში. საჭიროა კისრის და გულმკერდის/წელის სეგმენტების ვიზუალიზაცია, მოიცავს კონუსსაც. მისაღებია 1.5 T ან 3 T სკანერები, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ 3 T უკეთ ხდება დაზიანეების აღმოჩენა. ღერძული მიმდევრობები ხელს უწყობს ტვინის დაზიანების დახასიათებას, მაგრამ ეს ფუნქცია არჩევითია. რეკომენდირებულია საგიტალური გადოლინიუმით გაძლიერებული თანმიმდევრობის გამოყენება დიაგნოსტიკური მიზნებისათვის; ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ, გადოლინიუმით გაძლიერებული ტვინის ტომოგრაფიის შემდეგ, თუ ეს შესაძლებელია.[3]
ლაბორატორიული შეფასება
გაფანტული სკლეროზის დროს ლაბორატორიული შეფასება რეკომენდებულია მსგავსი დაავადებების გამოსარიცხად ან იმ მდგომარეობების დასადგენად, რომლებიც შეიძლება ამძიმებდეს გაფანტულ სკლეროზს, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, B12 ვიტამინის დეფიციტი და შაქრიანი დიაბეტი.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დიდი ზომის დაზიანებები ზურგის ტვინში, რამდენიმე სეგმენტზე, ან არადამაკმაყოფილებლად გამოჯანმრთელდნენ თვალის ნერვის ნევრიტის შემდეგ, ან აღენიშნებათ ატიპური დაზიანებები ტვინის ტომოგრაფიაზე, უნდა ჩაუტარდეთ ანტისხეულებზე ტესტირება (ანტი-აკვაპორინი 4 ([AQP4]) და ანტიმიელინური ოლიგოდენდროციტული გლიკოპროტეინები [MOG] ანტისხეულები), რათა შეფასდეს ოპტიკური ნეირომიელიტის სპექტრის დაავადებების არსებობა.[5][7][8]
შეიძლება ჩატარდეს ლუმბალური პუნქცია თავზურგტვინის სითხის გასინჯვით ოლიგოკლონურ ჩანართებზე, ასევე იმუნოგლობულინი G ინდექსის განსაზღვრა. ლუმბალური პუნქციის ინვაზიურობის გამო, პირველ რიგში, უნდა ვცადოთ სხვა, არაინვაზიური ტესტები. აღსანიშნავია, რომ თავზურგტვინის სითხე ნორმაშია გაფანტული სკლეროზის შემთხვევათა 10-20%-ში.
გამოწვეული პოტენციალი, განსაკუთრებით ვიზუალურად გამოწვეული პოტენციალი, უნდა შეფასდეს, რათა დადგინდეს დიაგნოზი იმ პაციენტებში, ვისთვისაც მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია უკუნაჩვენებია (მაგ. კარდიოსტიმულატორის არსებობა ან კლაუსტროფობია). აღნიშნული კვლევები ვერ გვეხმარება მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგში.
როგორ ჩატარდეს დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქცია მოზრდილებში. მოიცავს პაციენტის პოზიციის განხილვას, ნემსის არჩევას და გახსნისა და დახურვის წნევის გაზომვას.
როგორ ავიღოთ ვენური სისხლის ნიმუში ანტეკუბიტალური ფოსოდან ვაკუუმის ნემსის გამოყენებით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას