ეპიდემიოლოგია

2009-დან 2013 წლამდე, აშშ-ში, კაპოშის სარკომის ინციდენტობის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 0,5 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე.[6]

კაპოშის სარკომის ეპიდემიოლოგიური ქვეტიპები შეიძლება ნებისმიერი ასაკის პაციენტში შეგვხვდეს, თუმცა მამაკაცებში უფრო ხშირია. 2020 წელს, კაპოშის სარკომას ასაკობრივი სტანდარტიზებული შემთხვევების სიხშირე შეფასდა, როგორც 0,5 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე მამაკაცებში და 0,2 შემთხვევა 100,000 ქალებში.[7]

ეპიდემიური, შიდსთან დაკავშირებული სარკომა (AIDS-KS) ყველაზე ხშირი კიბოა აივ-დადებით პირებში. აივ-ით ინფიცირებულ პირებში კაპოშის სარკომას დიაგნოზის რისკი 500-ჯერ უფრო მაღალია, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით.[8] კაპოშის სარკომის ინციდენტობის მკვეთრი კლება დროში დაკავშირებულია ანტირეტროვირუსული თერაპიის გამოყენების ზრდასთან.[8][9] თუმცა, სუბ-საჰარის აფრიკაში, სადაც, 2018 წელს, ანტირეტროვირუსული თერაპიის დაფარვა მერყეობდა 9%-სა (მადაგასკარი) და 92%-ს (ნამიბია) შორის, არსებობს შეზღუდული მტკიცებულება კაპოშის სარკომის შემცირებული ინციდენტობის შესახებ.[10]

კლასიკური (სპორადული) კაპოშის სარკომა ყველაზე მაღალი ინციდენტობით ხმელთაშუა რეგიონის ქვეყნებში გვხვდება.[4] შიდსის გამოვლენამდე კაპოშის სარკომის ინციდენტობა იტალიაში 10-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე სხვა დასავლურ ქვეყნებში.[11] ებრაელ ხანდაზმულ მამაკაცებში კლასიკური კაპოშის სარკომის რისკი მაღალია.[12]

იატროგენული (ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული) კაპოშის სარკომის ინციდენტობა განსხვავდება სხვადასხვა ეთნიკურ და გეოგრაფიულ რეგიონში.[13][14][15] შეერთებულ შტატებში, კაპოშის სარკომის ინციდენტობა ტრანსპლანტანტების მიმღებთა შორის არის 8,8-დან 12,4-მდე 100000 მიმღებზე.[15][16]

შიდსის ეპიდემიამდე, ენდემური კაპოშის სარკომის ინციდენტობა უფრო მაღალი იყო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, ტანზანიასა და კამერუნში (>6 1000 ადამიან-წელიწადი), ვიდრე სამხრეთ ან ჩრდილოეთ აფრიკაში (≤2 1000 ადამიან-წელიწადი).[17]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას