დიფერენციული დიაგნოზები
ბაცილარული ანგიომატოზი
ნიშნები / სიმპტომები
გამოწვეულია Bartonella henselae-თი ინფექციით. კაპოშის სარკომის მსგავსი წითელი პაპულები და ნოდულები მოიცავენ კანს, რბილ ქსოვილებს, ლიმფურ კვანძებს და შინაგან ორგანოებს, შეიძლება შეგვხვდეს აივ ინფექციის ფონზეც.
კვლევები
ქსოვილოვანი ბიოფსია ავლენს კაპილარების წილაკებს ეპითელიოიდური ენდოთელიური უჯრედებით, აპოპტოზური ნეიტროფილებითა და უჯრედგარე ბაქტერიებით (ვერცხლის შეღებვა). იმუნოჰისტოქიმიური კვლევისას, დაზიანებული უჯრედები ნეგატიურია ჰერპეს ვირუსის ტიპი 8-ის (HHV-8) ლატენტურობასთან ასოცირებული ნუკლეარული ანტიგენი-1-ის (LANA-1) მიმართ. ბარტონელას კლასის მიკროორგანიზმების გამოსავლენად შეიძლება სასარგებლო იყოს მიკრობიოლოგიური კვლევების ჩატარება.
პიოგენური გრანულომა
ნიშნები / სიმპტომები
სწრაფად მზარდი პოლიპოიდური წითელი წარმონაქმნი ეპიდერმული არშიით, ხშირია თითზე ან ტუჩზე; არ უკავშირდება აივ ინფექციას.
კვლევები
ქსოვილოვანი ბიოფსია ავლენს კეთილთვისებიან წილაკოვან კაპილარულ პროლიფერაციას. დაზიანებული უჯრედები იმუნოჰისტოქიმიურად უარყოფითია ადამიანის ჰერპესვირუსი-8-ის ლატენტურობასთან დაკავშირებულ ბირთვულ ანტიგენ-1-ზე (LNA1).
დერმატოფიბრომა
ნიშნები / სიმპტომები
კეთილთვისებიანი დაზიანება, რომელიც ყველაზე ხშირად მოიცავს კანს და წააგავს პაპულონოდალურ კაპოშის სარკომას. შეიძლება აღინიშნოს ჰემორაგიისა და პიგმენტაციის სხვადასხვა ხარისხი.
კვლევები
ქსოვილოვანი ბიოფსიით ვლინდება თითისტარისებრი უჯრედების კეთილთვისებიანი პროლიფერაცია. უჯრედები წააგავს ჰისტიოციტებს. ჩალაგებულია სხვადასხვა რაოდენობით კოლაგენი. შეიძლება გამოვლინდეს ჰემორაგიაც. დაზიანებული უჯრედები იმუნოჰისტოქიმიურად უარყოფითია ადამიანის ჰერპესვირუსი-8-ის ლატენტურობასთან დაკავშირებულ ბირთვულ ანტიგენ-1-ზე (LNA1).
ანგიომა
ნიშნები / სიმპტომები
კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი დაზიანებები, აივ ინფექციის ფონზე ან მის გარეშე, შეიძლება წააგავდეს კაპოშის სარკომას.
კვლევები
ქსოვილოვანი ბიოფსია ავლენს კეთილთვისებიან წილაკოვან კაპილარულ პროლიფერაციას ან მალფორმაციას, რომელიც იმუნოშეღებვისას უარყოფითია ადამიანის ჰერპესვირუსი-8-ის ლატენტურობასთან დაკავშირებულ ბირთვულ ანტიგენ-1-ზე (LANA1).
პიგმენტური პურპურული დერმატოზი
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს აღენიშნება ნარინჯისფერი-ყავისფერი წერტილოვანი შეფერილობები ქვედა კიდურებზე (შამბერგის დაავადება), რომელიც არ უკავშირდება აივ ინფექციას.
კვლევები
ქსოვილოვანი ბიოფსია ხასიათდება კანში ერითროციტების ექსტრავაზაციითა და ჰემოსიდერინის გაძლიერებული დეპონირებით. რეგრესიულ ფაზაში დაზიანება წააგავს კაპოშის სარკომას.[41]
ჰემანგიოენდოთელიომა
ნიშნები / სიმპტომები
დაბალი ხარისხის სისხლძარღვოვანი ნეოპლაზმა, რომელიც წააგავს კაპოშის სარკომას. მეტწილად მოიცავს ქვედა კიდურების დისტალურ ნაწილებს ახალგაზრდა პაციენტებში. არ უკავშირდება HHV-8 და/ან აივ ინფექციას.
კვლევები
ქსოვილის ბიოფსიის ჰისტოპათოლოგია ავლენს სისხლძარღვოვან სიმსივნეს, რომელიც ენდოთელიურ უჯრედებს მოიცავს. უჯრედები შეიძლება იყოს კაპოშიფორმული, ციტოპლაზმის შიგნით გამოხატული სანათურებით. დაზიანებული უჯრედები იმუნოჰისტოქიმიურად უარყოფითია ადამიანის ჰერპესვირუსი-8-ის ლატენტურობასთან დაკავშირებულ ბირთვულ ანტიგენ-1-ზე (LNA1).
ანგიოსარკომა
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება იყოს უფრო აგრესიული, ვიდრე კაპოშის სარკომა და ხშირად გამეორდეს სახისა და სკალპის დიდ ფართობზე, რეგიონულ ლიმფურ კვანძებში და სხვა ორგანოებში. არ უკავშირდება HHV-8 და/ან აივ ინფექციას.
კვლევები
ქსოვილოვანი ბიოფსიით ვლინდება ინფილტრირებადი სისხლძარღვოვანი ნეოპლაზმა, რომელიც მოიცავს თითისტარისებრ-ეპითელიოიდურ ენდოთელიურ უჯრედებს გამოხატული ატიპიით. HHV-8 იმუნორეაქტიულობა, როგორც წესი, უარყოფითია.
ეპშტეინ-ბარის ვირუსთან დაკავშირებული გლუვკუნთოვანი სიმსივნე
ნიშნები / სიმპტომები
ტიპურ შემთხვევებში პაციენტი არის ახალგაზრდა, იმუნოსუპრესირებული და აქვს მულტიფოკალური კეთილთვისებიანი (ლეიომიომა) და/ან ავთვისებიანი (ლეიომიოსარკომა) სიმსივნეები. ყველაზე ხშირად ჩართულია თავის ტვინი.[42]
კვლევები
ქსოვილოვანი ბიოფსიით ვლინდება თითისტარისებრი სიმსივნური უჯრედები გლუვკუნთოვანი იმუნოფენოტიპით. ინფიცირებულია ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBER დადებითი).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას