შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

64 წლის მამაკაცი თავს გრძნობს შეუძლოდ, აღენიშნება პროდუქტიული ხველა მძაფრი სუნის ჩირქოვანი ნახველით. ზუსტად ვერ აკონკრეტებს სიმპტომების დაწყების თარიღს, თუმცა მისი გადმოცემით, სიმპტომურია მინიმუმ 1 თვის განმავლობაში. იგი ცხოვრობს მარტო. ანამნეზში მნიშვნელოვანია თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარება და ალკოჰოლის ჭარბი, ქრონიკული გამოყენება. აგრეთვე აღნიშნავს, რომ მოიხმარს იყენებს ნარკოტიკულ საშუალებებსაც. გასული წლის განმავლობაში ორჯერ იპოვნეს უგონოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო და აღმოჩნდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ადგილობრივ განყოფილებაში. ფიზიკური გასინჯვით ვლინდება კვებითი უკმარისობის სურათი, არის ძალიან გამხდარი, აგრეთვე დარღვეულია პირის ღრუს ჰიგიენა. აუსკულტაციით მარჯვენა მხარეს მოისმინება ამფორული სუნთქვის ფიქსირებული ხმები. ნახველის კულტურაში იზრდება აერობებისა და ანაერობების შერეული მიკრობული პოპულაცია.

შემთხვევის ანამნეზი #2

არასათანადოდ კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტის მქონე 75 წლის ქალბატონს აღენიშნება ცხელება, მშრალი ხველა და შეუძლოდ ყოფნა. მისი სიმპტომები დაიწყო მწვავედ 48 საათის წინ და მან ჩაიტარა თვითმკურნალობა მაკროლიდებით. ფიზიკური და რადიოლოგიური გამოკვლევით დადასტურდა მარცხენა ზედა წილის პნევმონიის დიაგნოზი. იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და მკურნალობას დაემატა ამინოპენიცილინი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დაფიქსირდა მისი მდგომარეობის უმნიშვნელო კლინიკური გაუმჯობესება (მაგრამ არასოდეს არ ყოფილა სრული აპირექსია), მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში ცხელება ეტაპობრივად გაუარესდა, ხველა გახდა პროდუქტიული და გაუარესდა მისი ფილტვების ფუნქციონირება. გულმკერდის კტ სკანირებით გამოვლინდა არსებული პნევმონიის გავრცელება და განვითარდა რამოდენიმე ღრუროვანი კერა აირთხევადი დონეებით. ჩატარდა ბრონქოსკოპია და აღებული ბრონქოალვეოლური ლავაჟის სითხეზე ამოითესა Klebsiella pneumoniae.

სხვა გამოვლინებები

კლინიკური გამოვლინებები ხანდახან შესაძლოა მსუბუქად იყოს გამოხატული. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში  K pneumoniae-ს ინფექციით გამოწვეული ფილტვის აბსცესი გვხვდება მწვავე სიმპტომებით, ხშირად თანმხლები ბაქტერიემიით, არაჩირქოვანი ნახველით, გახანგრძლივებული ცხელებით და მრავლობითი ღრუებით, რომლებიც ხილვადია რენტგენოგრაფიულად.[5]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას