პროგნოზი

სიკვდილობა და ავადობა

ამოუცნობი და არანამკურნალები კრიპტოკოკოზი შესაძლებელია იყოს ფატალური, განსაკუთრებით იმუნოკომპრომისულ პაციენტებში და არანამკურნალები კრიპტოკოკული მენინგოენცეფალიტი ერთმნიშვნელოვნად ფატალურია. აივ-ასოცირებული კრიპტოკოკული მენინგიტის მქონე პირებში 1-წლიანი სიკვდილობა არის 70% დაბალი-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში და 20-30% მაღალი შემოსავლის ქვეყნებში.[10][23]​​სხვა იმუნოსუპრესიულ პაციენტებში შედეგები განსხვავდება ძირითადი დაავადების მიხედვით. პაციენტებს იდიოპათიური CD4 ლიმფოპენიით აქვთ შედარებით კეთილსაიმედო გამოსავალი.[73] ადრეულ ეტაპზე შესაბამისი მკურნალობბა ამცირებს ავადობას და პრევენციას უკეთებს სიცოცხლისათვის საშიში ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების პროგრესირებას. კრიპტოკოკული პოლისაქარიდული ანტიგენის (CrAg) მდგომარეობა სიკვდილობის დამოუკიდებელი პროგნოზული ფაქტორია აივ-დადებით პაციენტებში.[54] სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის ტოქსიკური გვერდითი ეფექტები ხშირია და კრიპტოკოკული მენინგიტისა და აივ-ის მქონე პაციენტების თითქმის 30%-ს განუვითარდება იმუნური რეკონსტიტუციის ანთებითი სინდრომი (IRIS) ანტირეტროვირუსული მკურნალობის (ART) დაწყების ან ხელახლა დაწყების შემდეგ.[20][54][57]

მკურნალობის წარუმატებლობა და რეციდივი

მკურნალობის წარუმატებლობაში იგულისხმება კლინკური გაუმჯობესების არარსებობა 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ (მათ შორის მომატებული ინტრაკრანიული წნევის მკურნალობა გახანგრძლივებული დადებითი კულტურებით) ან რეციდივი საწყისი კლინიკური პასუხის შემდეგ (მაგ: სიმპტომების განმეორება თავზურგტვინის დადებითი კულტურებით ≥4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ).[20] პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ სუპრესიული მკურნალობა 1-2 წელზე მეტ ხანს, ასევე უნდა ვიფიქროთ მკურნალობის წარუმატებლობაზე.[57]

შემანარჩუნებელი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში არსებობს რეციდივების მაღალი რისკი აივ-დადებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრიპტოკოკული მენინგიტი და რომლებსაც წარმატებით უმკურნალეს. თავზურგტვინის სითხის დადებითი კულტურები 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ პროგნოზული ფაქტორია მომავალი რეციდივებისთვის და ნაკლებად სასურველი კლინიკური გამოსავლისთვის.[1] შრატში CrAg-ის რაოდენობა არ კორელირებს კლინიკურ გაუმჯობესებასთან; თუმცა, პრე-ანტირეტროვირუსული თერაპიის ტიტრი პროგნოზულია იმუნური რეკონსტიტუციური სინდრომის განვითარების რისკისთვის.[1][74][75] თუ ახალი კლინიკური სიმპტომები ჩნდება, ფრთხილი ლუმბური პუნქცია უნდა ჩატარდეს მომატებული ინტრაკრანიული წნევის ან იმუნური სინდრომის გამოსარიცხად. განმეორებების რისკი დაბალია აივ-დადებით პაციენტებში, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს საწყისი მკურნალობის კურსი, რჩებიან უსიმპტომონი და სტაბილურად მომატებული აქვთ (მაგ: >6 თვე) CD4-ის რაოდენობა ≥200 უჯრედი/მმ³ ძლიერი მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობის შემდეგ.[1][9][11]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას