პირველადი პრევენცია

ცერებრული დამბლის ეტიოლოგია, როგორც წესი, მულტიფაქტორულია, შესაბამისად, მისი პრევენციითვის საჭიროა რამდენიმე განსხვავებული მიდგომა, ზუსტი ეტიოლოგიიდან გამომდინარე. ცერებრული დამბლის პრევენცია ეფექტურია ისეთ ქვეყნებში, სადაც ხელმისაწვდომია დიაგნოსტირებისათვის საჭირო მეთოდები და შესაძლებელია არსებული რისკ-ფაქტორების მკურნალობა.

აუცილებელია დედისმიერი რისკ-ფაქტორების, მათ შორის იოდის ნაკლებობის, ფარისებური ჯირკვლის დაავადებების და ინფექციების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია TORCH (ტოქსოპლაზმა, წითურა, ციტომეჰალოვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი) ინფექციების პრევენცია იმუნიზაციის საშუალებით, გამოვლინების შემთხვევაში კი - მყისიერი მკურნალობა. ანტენატალურ პერიოდში მშობლებლმა თავი უნდა აარიდონ არასაჭირო რადიაციასა და მედიკამენტებთან ექსპოზიციას. შესაძლებელია Rh-უარყოფითი დედების მკურნალობა იმუნოგლობულინების მეშვეობით, სიყვითლის მქონე ახალშობილებში კი ფოტოთერაპია და სისხლის ტრანსფუზია გამოიყენება.

აუცილებელია ნაადრევი მშობიარობის პრევენცია და ახალშობილთა გართულებების შემთხვევაში, აგრესიული მკურნალობა. მკურნალობის მეთოდები მოიცავს ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, იმ ანთებითი ცვლილებების პრევენციის მიზნით, რომლებიც თან ახლავს ნეონატალურ ასფიქსიას ან ინსულტს და იწვევს ნერვული სტრუქტურების დაზიანებას.[55]

მაგნიუმის სულფატი ნაყოფის ნეიროპროტექციისთვის

გაიდლაინებით რეკომენდებულია,დაგეგმილი ან მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის დროს, მაგნიუმის სულფატის ადმინისტრირება დაიწყოს მოსალოდნელ მშობიარობამდე 4 საათის ფარგლებში (ან რაც შეიძლება ახლოს).​[56][57][58] აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია რეკომენდაციას იძლევა პარენტერული მაგნიუმის სულფატის გამოყენების წინააღმდეგ 5 - 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში ნაადრევი მშობიარობის შესაჩერებლად. გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის დონის შემცირება და ძვლების პრობლემები განვითარებად ბავშვში ან ნაყოფში, მათ შორის ოსტეოპენია და მოტეხილობები.[59]

არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულებები, რომლებიც ამყარებს ანტენატალურად ნეიროდამცავი მაგნიუმის სულფატის ინფუზიების გამოყენებას ნაადრევი მშობიარობის რისკის მქონე ქალებში.[60][61][62][63] [ Cochrane Clinical Answers logo ]  პლაცებოსთან შედარებით, მაგნიუმის სულფატი მნიშვნელოვნად ამცირებს ცერებრულ დამბლას ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ მყოფი დედების ახალშობილებში (რისკის თანფარდობა 0.68, 95% სარწმუნოების ინტერვალი 0.54-0.87; ხუთი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა; 6145 ბავშვი).[61][62] თუმცა, მეტა-ანალიზში შესულ კვლევებში ფასდებოდა ცერებრული დამბლის შედეგი ადრეულ ბავშვობაში (ძირითადად 2 წლამდე ასაკში), როდესაც დიაგნოზი ყოველთვის ზუსტი არ არის.

ერთ-ერთი პლაცებო-კონტროლირებული რანდომიზებული კვლევის თანახმად, მაგნიუმის სულფატის გამოყენებამ ორსულ ქალებში, რომლებიც იყვნენ მშობიარობის გარდაუვალი რისკის ქვეშ გესტაციის 30 კვირამდე, ვერ უზრუნველყო ცერებრული დამბლის ან დარღვეული მოტორული ფუნქციის მნიშვნელოვანი შემცირება 6-11 წლის ასაკში ამ ბავშვების შეფასების დროს.[64]

კოქრეინის ერთ-ერთი მიმოხილვის დასკვნის თანახმად, საჭიროა მაღალი ხარისხის რანდომიზებული კონტროლირებული კვლევები, რათა შეფასდეს მაგნიუმის სულფატის ეფექტი დროული ახალშობილის ნეიროპროტექციის კუთხით.[65]

კორტიკოსტეროიდები

კოქრეინის მომიხილვების შეჯამების შედეგად არსებობს დასკვნა, რომ კორტიკოსტეროიდების ერთი კურსის გამოყენება დედებისთვის (გამოიყენება ნაყოფის ფილტვის მომწიფების დასაჩქარებლად ნაადრევი მშობიარობის რისკის მქონე ქალებში) შესაძლოა ამცირებდეს ცერებრული დამბლის რისკს (დაბალი ხარისხის მტკიცებულებები), თუმცა, განმეორებითი დოზებით ეფექტი, მაღალი ალბათობით, არ ძლიერდება.[63]

პოსტნატალური კორტიკოსტეროიდების გამოყენება დღენაკლული ახალშობილებისთვის (8 დღის ან უფრო პატარა) ფილტვის ქრონიკული დაავადების პრევენციის მიზნით შესაძლოა ზრდიდეს ცერებრული დამბლის რისკს უფრო მეტად, ვიდრე პლაცებო ან ჩაურევლობა.[66]

თერაპიული ჰიპოთერმია

მშობიარობიდან 6 საათის ფარგლებში დაწყების შემთხვევაში, თერაპიულ ჰიპოთერმიას გააჩნია ნეიროდამცავი ეფექტი.[63][66][67] სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით, თერაპიული ჰიპოთერმია ამცირებს ცერებრული დამბლის ალბათობას ჰიპოქსიური იშემიური ენცეფალოპათიის მქონე ახალშობილებში (რისკის თანფარდობა 0.66, 95% სარწმუნოების ინტერვალი 0.54 - 0.82).[66][67] [ Cochrane Clinical Answers logo ]

სავარაუდოდ ნეიროპროტექტორული ჩარევები

პროფილაქტიკური მეთილქსანთინები (კაფეინი) ენდოტრაქეული ექსტუბაციის მქონე დღენაკლულ ჩვილებში შეიძლება იყოს დაკავშირებული ცერებრული დამბლის რისკის შემცირებასთან (პლაცებოსთან შედარებით).[63][66]

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანის რეკომბინანტული ერითროპოეტინი ამცირებს ხანგრძლივი ნევროლოგიური შესაძლებლობების შეზღუდვას ძალიან დღენაკლულ ჩვილებში, თუმცა, სხვა კვლევებმა მკაფიო სარგებელი ვერ გამოავლინა.[66][68]

ნაჩვენებია, რომ პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები (ქალებისთვის ნაადრევი მშობიარობის დროს, როდესაც წყლები არ არის დარღვეული და სწრაფი დაბადების დროს სავარაუდო დაზიანების მქონე ნაადრევი ჩვილებისთვის), სავარაუდოდ, არაეფექტურია და შეიძლება გამოიწვიოს ზიანი.[61]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას