შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

67 წლის ქალმა მიმართა პირველადი ჯანდაცვის ექიმს ჩივილებით მზარდი ხასიათის ქოშინზე, განსაკუთრებით დაძინებისას. დიაგნოსტირებული აქვს არტერიულინ ჰიპერტენზია, რომელიც არ არის კარგად კონტროლირებული და ჰიპერლიპიდემია. მკურნალობს ბეტა-ბლოკერებითა და სტატინებით. არ არის მწეველი და ზომიერად მოიხმარს ალკოჰოლს. გასინჯვით: არტერიული წნევა - 160/90 მმ.ვწყ.სვ, ხოლო გულისცემის სიხშირე - 126 დარტყმა წუთში. მოისმინება გულის მე-4 ხმიანობა, ხოლო საუღლე ვენაში წნევა 3 სმ-ით აღემატება ნორმას. შეშუპება არ ვლინდება, თუმცა, ფილტვების აუსკულტაციით მოისმინება ორმხრივი კრეპიტაცია შუა და ქვედა წილებში. ეკგ გვიჩვენებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, ხოლო ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრამაზე ნაჩვენებია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, მარცხენა წინაგულის გაფართოება და მარჯვენა პარკუჭის ნორმალური სისტოლური ფუნქცია, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციით 40% და B- ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის (BNP) მომატებული. (BNP).

შემთხვევის ანამნეზი #2

60 წლის მამაკაცმა მიმართა გადაუდებელი თერაპიის განყოფილებას პროგრესირებადი ქოშინის ჩივილით. დიაგნოსტირებული აქვს არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი და 40 წელიწადზე მეტია, რაც მოიხმარს დიდი რაოდენობით თამბაქოს. 2 თვის წინ წარმატებით ჩაუტარდა პირველადი ანგიოპლასტიკა მიოკარდიუმის წინა კედლის დიდი ზომის ინფარქტის გამო. არტერიული წნევაა - 75/40 მმ.ვწყ.სვ, გულისცემის სიხშირე 110 დარტყმა წუთში, ხოლო სუნთქვის სიხშირე 30. აღენიშნება კისრის ვენების შებერილობა და გამოხატული S3. ეკგ: სინუსური ტაქიკარდია; გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩატრებული ექოკარდიოგრაფიით: მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დაქვეითება, 20% - განდევნის ფრაქცია.

სხვა გამოვლინებები

ბევრი პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება უსიმპტომო, ვინაიდან გულის ფუნქციის დაქვეითება კომპენსატორული მექანიზმებით ბალანსდება. ხშირად კლინიკური ნიშნები ვლინდება მხოლოდ მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ზრდის გულის დატვირთვას და ბალანსის მდგომარეობა გადადის დეკომპენსაციაში. ამგვარად, პირველი სიმპტომები და ნიშნები შეიძლება მაპროვოცირებელმა მდგომარეობამ გამოიწვიოს, როგორიცაა წინაგულების ფიბრილაცია ან თრთოლვა, ანემია, ცხელება, ინფექცია, ჰიპერთირეოზი ან ორსულობაც კი. მასშტაბურმა პულმონურმა ემბოლიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების პირველადი გამოვლინება ან უკვე დიაგნოსტირებული ქრონიკული გულის შეგუბებითი უკმარისობის გამწვავება, ჰიპოქსემიის, მიოკარდიუმის ჟანგბადით გაღარიბების და მარჯვენა პარკუჭის პოსტ-დატვირთვის გაზრდის გზით. მწვავე იშემიურმა ინსულტმა (მწვავე კორონარულმა სინდრომმა ან მიოკარდიუმის ინფარქტმა) ან უარყოფითი ინოტროპული მედიკამენტების დაწყებამ რაიმე სხვა მიზეზით (მაგ. ბეტა ბლოკატორების და კალციუმის არხების ბლოკატორების მაღალი დოზები ჰიპერტენზიის გამო) შეიძლება მწვავედ დააქვეითოს მიოკარდიუმის კუმშვადობა და განაპირობოს სიმპტომების პროვოცირება სხვამხრივ კომპენსირებულ პაციენტში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას