ეპიდემიოლოგია

მრავალი ოპორტუნისტული სოკოვანი პათოგენი, როგორიცაა კანდიდა და Cryptococcus neoformans, იწვევს დაავადებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შედასარებლად, ენდემური მიკოზების დროს, როგორიცაა ჰისტოპლაზმოზი და კოქციდიოიდომიკოზი, და ნაკლები სიხშირით Cryptococcus gattii, დაავადება მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონებში გვხვდება.[8][9][10][11][12][13]C neoformans ფენოტიპურად არაერთგვაროვანი პათოგენია და ადამიანის ინფექციის დროს გენეტიკური წარმომავლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის ვირულენტობაში.[14]

კრიპტოკოკული მენინგიტი

1980-იან წლებში C neoformans მნიშვნელოვან ოპორტუნისტულ ინფექციას წარმოადგენდა აშშ-ში, ევროპასა და ავსტრალიაში, ის ვლინდებოდა შიდსის მქონე პაციენტების 5-10%-ში.[15] 1990-იანი წლების შემდეგ, აშშ-ში ადრეული და ეფექტური ანტირეტროვირუსული თერაპიის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა აივ-ასოცირებული კრიპტოკოკოზის სიხშირე. ატლანტაში შემცირდა შიდსის მქონე პაციენტების ყოველწლიური ინციდენტობა - 1992 წელს იყო 66 ყოველ 10000-ზე, ხოლო 2000 წელს კი - 7 ყოველ 1000-ზე.[16]

განვითარებად ქვეყნებში კრიპტოკოკოზი შიდსის მქონე პაციენტების ავადობისა და სიკვდილობის ძირითად მიზეზად რჩება.[17][18][1] აივ-თან ასოცირებული კრიპტოკოკური მენინგიტის მქონე პაციენტების ერთ კვლევაში (ტაილანდში, უგანდაში, მალავიში და სამხრეთ აფრიკაში), სიკვდილობა აღმოჩნდა 17% ორი კვირის თავზე და 34% ათი კვირის თავზე.[19] სიკვდილის რისკი დაკავშირებული იყო შემდეგ ფაქტორებთან: სხეულის დაბალი წონა, ხანდაზმული ასაკი, ანემია (ჰემოგლობინი <75 გ/ლ [<7.5 გ/დლ]), პერიფერული ლეიკოციტოზი, სოკოვანი აგენტების დიდი რაოდენობა და მენტალური სტატუსის დარღვევა.[19]

აივ-ასოცირებული კრიპტოკოკული მენინგიტი მნიშნელოვნად ხშირია სუბსაჰარულ აფრიკაში და გამოიყენება აივ მკურნალობის პროგრამების წარუმატებლობის გასაზომად;[1] 2014 წელს კრიპტოკოკური მენინგიტის ყველა შემთხვევის დაახლოებით 73% დაფიქსირდა სუბსაჰარის აფრიკაში.[1] ტუბერკულოზისა და კრიპტოკოკოზის ორმაგი მენინგიტის გამომწვევი თანაინფექცია დაფიქსირდა ჩინეთში და ადვილად შესაძლებელია მისი გამოტოვება ან არასწორი დიაგნოზის დადგენა.[20]

ორგანოთა ტრანსპლანტაცია და კიბოს და სხვა სისტემური დაავადებების იმუნოსუპრესიული თერაპიის განვითარებამ ხელი შეუწყო სოკოვანი მენინგიტის ინციდენტობის ზრდას. ინვაზიური სოკოვანი ინფექციების დაახლოებით 8% მყარი ორგანოების გადანერგვის მიმღებებში კრიპტოკოკოზითაა გამოწვეული.[21] სოკოვანი მენინგიტი იწვევს გართულებებს 10%-მდე კიბოთი დაავადებულ პაციენტში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება არ განუვითარდეთ მენინგიტის ტიპური სიმპტომები.[22] კრიპტოკოკოზის რისკი უფრო მაღალია ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების, ვიდრე მყარი სიმსივნეების დროს.[23]

1999 წლიდან 2004 წლამდე C gattii ინფექციის 100-ზე მეტი შემთხვევის ეპიდაფეთქება მოხდა ვანკუვერის კუნძულზე, კანადაში, ძირითადად იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში.[24][25]

ჰისტოპლაზმური მენინგიტი

ჰისტოპლაზმოზი ენდემურია ოჰაიოსა და მისისიპის ველზე აშშ-ში. თუმცა, ასევე ფართოდაა გავრცელებული ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ევროპის რეგიონში.[8] ენდემური რეგიონის დასადგენად ჩატარებული კვლევებით, რომლის დროსაც უარყოფითი მანტუს სინჯის მქონე ინდივიდებში ჰისტოპლაზმინის კანის ტესტებს იყენებდნენ, დადგინდა, რომ ოჰაიოს და მისისიპის მდინარეების მოსაზღვრე შტატებში ახალგაზრდების 80%-ზე მეტი წარსულში დაინფიცირებული იყო.[26] H capsulatum-ზე ჯანმრთელი ადამიანების დაბალი ინტენსივობის ექსპოზიცია მეტწილად უსიმპტომოა. ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება კლინიკურად ვლინდება პროგრესირებადი დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის 5-10%-ში, აღნიშნულის რისკ-ფაქტორია აივ ინფექცია.[27]

კოკციდიოიდური მენინგიტი

კოქციდიოიდომიკოზი გვხვდება მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროში, უპირატესად აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთსა და მექსიკის ჩრდილო-დასავლეთში.[10][28][29] აშშ-ში ყოველწლიურად ვლინდება კოქციდიოიდომიკოზის საშუალოდ 100 000-დან 150 000-მდე შემთხვევა. პირველადი დაავადების ინციდენტობა და შემდგომი დისემინაცია განაგრძობს მატებას, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია პოპულაციის, მიგრაციისა და იმუნოკომპრომისული პირების რიცხვის მატებით.[30][31][32] ადრეული, ძლიერი ანტირეტროვირუსული თერაპია ამცირებს აივ-ასოცირებული კოქციდიოიდომიკოზის ინციდენტობას.[33][34]

კანდიდური მენინგიტი:

ყველა სახის ინვაზიური კანდიდოზის პრევალენტობა მატულობს. დღენაკლულ და 1 თვემდე ასაკის ჩვილებში მენინგიტის შედარებით ხშირი მიზეზია კანდიდური მენინგიტი.[35][36] აშშ-ში ჩატარებული 10 წლიანი რეტროსპექტული კვლევის მიხედვით, კანდიდური მენინგიტი ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის მიზეზებს შორის 0,4%-ს შეადგენდა.[37] ზრდასრულებში კანდიდემია იშვიათად ასოცირდება მენინგიტთან, აუტოფსიით მენინგიალური დაზიანება ნანახი იქნა დისემინირებული კანდიდოზის 15%-ზე ნაკლებ შემთხვევაში.[38][39] კანდიდური მენინგიტი ყველაზე ხშირი სოკოვანი მენინგიტია, რომელიც ვითარდება ცნს შუნტის ან ვენტრიკულოსტომის ჩადგმის შემდეგ.[40][41] დაავადების სიხშირე ყველაზე მაღალია 1 წლამდე ჩვილებში. ცენტრალური ნერვული სისტემის კანდიდოზი, რომელიც ნეიროქირურგიულ ჩარევას უკავშირდება, უფრო ხშირია,[42] სავარაუდოდ პროცედურებამდე პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების გამოწერის გამო.

Exserohilum rostratum მენინგიტი

2012 წელს აშშ-ში გამოვლინდა სოკოვანი ინფექციების და ფატალური სოკოვანი მენინგიტის ეპიდაფეთქება, რომელიც Exserohilum rostratum-ით დაბინძურებული ფარმაცევტული პროდუქტის (მეთილპრედნიზოლონის ფლაკონები) თერაპიული გამოყენებით იყო გამოწვეული.[43] ეს შემთხვევა გამოკვლეული იყო დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების და ადგილობრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტების მიერ. მიაკვლიეს პირველად სოკოვან პათოგენს, E rostratum-ს, რომელიც იზოლირდა პაციენტის ნიმუშებიდან, ხოლო პირველწყაროს წარმოადგენდა დაბინძურებული მეთილპრედნიზოლონ აცეტატის სამი პარტია, რომელსაც აწარმოებდა ერთ-ერთი აფთიაქი. სულ 753 შემთხვევა დაფიქსირდა 20 შტატში, 64 დაიღუპა.[44]

ასპერგილუსი და მუკორმიკოზური მენინგიტი

ასპერგილუსური მენინგიტი იშვიათია და უფრო ხშირად აღინიშნება იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში.[45] მუკორმიკოზური მენინგიტი იშვიათად გვხვდება, როგორც რინოცერებრალური მუკორმიკოზის გამოვლინება.[46]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას