პროგნოზი
ლეიშმანიით გამოწვეული სინდრომები მრავალფეროვანია გამოვლინებებითა და გამოსავლით. კანის ლეიშმანიოზი, განსხვავებით ლორწოვანის ლეიშმანიოზისგან, გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და, როგორც წესი, სიცოცხლისათვის საშიში არ არის. თუმცა, არ უნდა უგულებელვყოთ პერსისტენტულ ქრონიკულ დაზიანებებსა და ნაწიბურებთან დაკავშირებული სტიგმისა და ავადობის მნიშვნელობა. ზოგიერთ პაციენტში ლორწოვანის ლეიშმანიოზს Viannia-ს სახეობის პარაზიტები იწვევს. შესაძლოა განვითარდეს მნიშვნელოვანი დაზიანება და პაციენტი შეიძლება მოკვდეს ასპირაციული პნევმონიით ან სასუნთქი გზების ობსტრუქციით. ვისცერული ლეიშმანიოზის ინფექციების უმეტესობა ლატენტურია, მაგრამ სიმპტომურ შემთხვევებში, მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, ფატალურია. თერაპიის პირველადი მიზანი არის სიკვდილობის შემცირება ან პრევენცია, თუმცა, მკურნალობაც რისკის შემცველია. კანის და ვისცერული ფორმების მკურნალობის პერიოდში სიკვდილი შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადების გართულებებით (მაგ.: ბაქტერიული სუპერინფექცია) ან დაკავშირებული იყოს მედიკამენტთან (მაგ.: ანტიმონიური პრეპარატებით გამოწვეული გულის გაჩერება). სიკვდილობა დაბალია ვისცერული ლეიშმანიოზის მქონე პაციენტებში, რომელთაც ლიპოსომური ამფოტერიცინ B-ით და მილტეფოზინით მკურნალობენ.[194] ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატებით მკურნალობისას სიკვდილობა იმატებს 45 წელზე მეტი ასაკის იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე ხარისხის მალნუტრიცია და ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება ან კოინფექცია აივ-ით.[195][196] ამფოტერიცინი-B დეზოქსიქოლატის შემთხვევაში სიკვდილობა ისეთივეა, როგორც ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატების დროს როგორც იმუნოკომპეტენტურ, ასევე აივ კოინფიცირებულ პაციენტებში.[174][197] ზოგადად, ფატალური გამოსავალი უფრო მეტად მოსალოდნელია იმუნოსუპრესიულ პაციენტებში, თუნდაც სწორი მკურნალობის პირობებში.
კლინიკური განკურნება
პირველადი განკურნება მკურნალობის შემდეგ ფასდება კლინიკურად (კანის დაზიანების დაბრტყელება ან წყლულების ალაგება კანის ფორმის დროს; ცხელების გაქრობა, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, ელენთის ზომის შემცირება ვისცერული ფორმის დროს) და ლაბორატორიული კვლევებით ვისცერული ფორმის დროს (ანემიის ხარისხის შემცირება, ანთებით მარკერების ნორმალიზება). საბოლოოდ განკურნებულად იმუნოკომპეტენტური პაციენტი ითვლება პირველადი განკურნებიდან 6 თვის შემდეგ, თუ კლინიკური გასინჯვით და ლაბორატორიული კვლევით მდგომარეობა ნორმალიზებულია. პარაზიტოლოგიური მეთოდები მკურნალობის შესაფასებლად, როგორც წესი, არ გვეხმარება, რადგან პარაზიტოლოგიური განკურნება იშვიათია; თუმცა, ეს მეთოდები გამოიყენება რეციდივის შეფასების მიზნით. იმის მიუხედავად, რომელი ანტი-ლეიშმანიური მედიკამენტით უტარდებათ მკურნალობა, იმუნოსუპრესიულ პაციენტებში მკურნალობის წარუმატებლობის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში.
რეციდივები
სათანადო მკურნალობის ფონზე რეციდივი იშვიათია იმუნოკომპეტენტურ მასპინძლებში. საწყისი მკურნალობიდან 3-6 თვეში რეციდივი ვითარდება აივ-კოინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობაში, რომლებთანაც ხშირია მომდევნო, მრავლობითი რეციდივები. ვისცერული ლეიშმანიოზითა და აივ-ით კოინფიცირებულ პაციენტებში რეციდივის რისკფაქტორებია: განმეორებითი კვლევით CD4+ უჯრედების მატების არარსებობა; მეორეული პროფილაქტიკის არარსებობა; ანამნეზში ვისცერული ლეიშმანიოზის რეციდივი; და CD4 უჯრედების რაოდენობა - <100 უჯრედი/მლ ვისცერული ლეიშმანიოზის პირველადი დიაგნოსტირებისას.[198] რეციდივი ასევე ხშირია სხვა იმუნოსუპრესიულ პაციენტებში, მაგალითად, მყარი ორგანოთა რეციპიენტებში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას