პირველადი პრევენცია

პირველადი პრევენცია დამოკიდებულია ენდემურ რეგიონებში ძილის ჩვევებზე; ქვიშის ბუზების რაოდენობაზე, გავრცელებასა და სახესხვაობაზე; და გადაცემის გზებზე (ანთროპონოზური ან ზოონოზური).[1][2] ინფექციისა და დაავადების პრევენცია ეფუძნება ადამიანის და სხვა რეზერვუარების კონტროლს.[63] ეს მოიცავს ადრეულ გამოვლენას და, ანთროპონოზური ტრანმისიის ციკლისთვის, პაციენტის მკურნალობას; ზოონოზური გადაცემის ციკლისთვის - მღრღნელების საცხოვრებლების მოშლას ან ძაღლებისთვის საყელურის გამოყენებას; ვექტორების კონტროლს (ინსექტიციდების გამოყენება სახლებში, ქვიშის ბუზის ზოგიერთი სახეობის საწინააღმდეგოდ); ან პირადი დაცვის მეთოდებს (მაგ., ტოპიკური საშუალება კანის დასაცავად, ტანსაცმლის გამოყენება ზედაპირის დასაფარად, საწოლის ინსექტიციდიანი ბადეები, ფარდები ან გადასაფარებლები).[1][2][64][65]

არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ პრევენცია და კონტროლი ამცირებს დაავადების ინციდენტობას.[66] დაზუსტებით ცნობილი არ არის, აქვს თუ არა ხანგრძლივი ინსექტიციდური მოქმედების საწოლის ბადეების ფართო გავრცელებას დამატებითი დამცველობითი ეფექტი ვისცერული ლეიშმანიოზის კონტროლის მიზნით, არსებულ ღონისძიებებთან შედარებით ინდოეთსა და ნეპალში.[67][68] ზოონოზური ვისცერული ლეიშმანიოზის კონტროლის მიზნით ძაღლების მოკვლა არ არის გამართლებული.[69][70]

მიუხედავად იმისა, რომ კონტროლირებული Leishmania major ინფექცია (ლეიშმანიზაცია) იცავს ჰომოლოგიური ინფექციისგან, ადამიანისთვის ლეიშმანიოზის ეფექტური ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.[71] თუმცა, მესამე თაობის ვაქცინა ადამიანებში ვისცერული და კალა-აზარის-შემდგომი კანის ლეიშმანიოზის საწინააღმდეგოდ გამოკვლეულია 1-ლი ფაზის კლინიკური კვლევის ფარგლებში.[72] გარდა ამისა, სუდანში ჩატარებული უსაფრთხოებისა და იმუნოგენურობის მე-2 ფაზის კვლევის ფარგლებში შეფასდა შიმპანზეს ადენოვირუსზე დაფუძნებული (ChAd63-KH) ვაქცინა, სადაც 7/23 პაციენტმა (30.4%) აჩვენა >90% კლინიკური გაუმჯობესება და დაფიქსირდა მინიმალური გვერდითი რეაქციები.[73][74][75] მიმდინარეობს რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა.[73]

მეორეული პრევენცია

მეორეული პროფილაქტიკა შესაბამისი ანტი-ლეიშმანიური მედიკამენტების გამოყენებით საჭიროა ყველა აივ ინფიცირებული პაციენტისთვის, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა <200-დან 350-მდე უჯრედი/მიკროლიტრის ფარგლებში მერყეობს (ჯანმრთელობის პანამერიკული ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს CD4-ის უფრო მაღალ ზღურბლს), რადგან რეციდივის რისკი მაღალია.[8][145][169][170]​​ იმუნოსუპრესიის სხვა ფორმების მქონე პაციენტებში განიხილება მეორადი პროფილაქტიკა ინდივიდუალურად, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ადრეული რეციდივის ისტორია, რომლებისთვისაც იმუნოსუპრესიული მდგომარეობა გრძელდება. იხ მართვის მიდგომა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას