ეპიდემიოლოგია

2019 წლის დაავადებათა ტვირთის გლობალური კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად 498,000-დან 862,000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც იწვევს 18,700-მდე სიკვდილს და 1,6 მილიონამდე შესაძლებლობის შეზღუდვის მიხედვით კორექტირებული სიცოცხლის წლის (DALY) დაკარგვას.[14]

ლეიშმანიოზები ენდემურია ტროპიკული სარტყლის, ნეოტროპიკული სარტყლის და სამხრეთ ევროპის 90-ზე მეტ ქვეყანაში. ყოველწლიურად დგინდება 0.7-1 მილიონი შემთხვევის დიაგნოზი.[15] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ენდემურ რეგიონებში მცხოვრები 1 მილიარდი პირი ინფექციის რისკის ქვეშაა.[16]

ლეიშმანიური სინდრომებიდან, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე გავრცელებულია კანის ლეიშმანიოზი (CL). გლობალური CL-ის შემთხვევების დაახლოებით 85% გვხვდება ავღანეთში, ალჟირში, ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ერაყში, პაკისტანში, პერუში და სირიის არაბთა რესპუბლიკაში.​[17]​ 100000 მოსახლეზე 18,4 შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის კონტინენტის გადაცემის რაიონებში 2020 წელს.[18] შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება, რისი მიზეზებიც შეიძლება იყოს: გადაცემის ციკლის ადაპტაცია ადამიანებით დასახლებულ გარემოსთან, ურბანიზაციისა და ტყის მასივების შემცირების შედეგად არაენდემურ რეგიონებში გავრცელება, ვექტორისა და რეზერვუარის კონტროლის შეზღუდული პროგრამები ან მათი არაარსებობა, დიაგნოსტიკური შესაძლებლობებისა და შემთხვევების შეტყობინების სისტემის გაუმჯობესება, ოპორტუნისტულ ინფექციებთან ასოცირებული ლეიშმანიოზის (მაგ.: აივ ინფექცია/ შიდსი) გამოვლენის მატება და ლეიშმანიოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიმართ რეზისტენტობის განვითარება.[19][20]​ განვითარებულ ქვეყნებში CL ასევე დაფიქსირდა მზარდი რაოდენობით, სავარაუდოდ, გაზრდილი მოგზაურობის გამო CL-ის ენდემურ რაიონებში ტურიზმის, სამხედრო მოვალეობის ან პროფესიული მუშაობის შედეგად.[21][22][23][24]​ გარდა ამისა, 2020 წელს ამერიკაში სიხშირე წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა; ელ სალვადორში, კოლუმბიაში, გაიანასა და მექსიკაში შემცირდა, ხოლო გვატემალაში, პერუში, კოსტა რიკასა და პარაგვაიში აღინიშნება შემთხვევების ზრდა.[18][25]​ CL–ის დიდი აფეთქებები (ანუ 200000-ზე მეტი შემთხვევა) დაკავშირებულია კონფლიქტის მდგრად პერიოდებთან და შედეგად ჯანდაცვის სერვისების კოლაფსთან (მაგ., ავღანეთსა და სირიაში).[26]

ვისცერული ლეიშმანიოზი (VL) დაავადების ყველაზე მძიმე ფორმაა და მკურნალობის გარეშე 95%-ზე მეტ შემთხვევაში ფატალურად სრულდება. მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად VL-ის დაახლოებით 50,000-90,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.[15] VL შემთხვევების დაახლოებით 97% დაფიქსირდა ბრაზილიიდან, ეთიოპიიდან, ერითრეიდან, კენიიდან, ინდოეთიდან, ნეპალიდან, სომალიდან, სამხრეთ სუდანიდან, უგანდადან და იემენიდან.[17]​ კენიაში აფეთქება 2017 წლის დასაწყისში დაფიქსირდა.[27] ამ ქვეყნებში ვისცერული ლეიშმანიოზით ძირითადად ავადდება სოფლის ღარიბი მოსახლეობა. ვისცერული ლეიშმანიოზის გავრცელების ზრდა დაფიქსირდა ურბანულ რეგიონებშიც (მაგ.: ბრაზილიაში).[28] განვითარებად ქვეყნებში სიმპტომური ვისცერული ლეიშმანიოზი იშვიათი დაავადებაა, მაგრამ შასაძლოა გამოვლინდეს ერაყიდან ან ავღანეთიდან დაბრუნებულ სამხედროებში, მიგრანტებში, ან ენდემური რეგიონების ვიზიტორებში.[29][30][31]​ თუმცა, ერაყში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებს შორის უსიმპტომო Leishmania infantum (სინონიმი: Leishmania chagasi) ინფექციის ზედამხედველობამ გამოავლინა ინფიცირების 19,5%.[32] L infantum (სინონიმი: L chagasi) დაფიქსირებულია ფოქსჰაუნდის ჯიშის ძაღლებში აღმოსავლეთ აშშ-ში, მაგრამ ადამიანებზე გადაცემა აღწერილი არ არის.[33]

WHO: leishmaniasis country profile Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას