ეტიოლოგია
ჰერპეს-ზოსტერი ვითარდება ლატენტური ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის (VZV) რეაქტივაციის შედეგად, სპინალურ ფესვის ან კრანიული ნერვის განგლიიდან, სადაც ის პირველადი ინფექციის შემდეგ იმყოფება. ვარიცელა ზოსტერის ვირუსი არის ორმაგი ჯაჭვის მქონე დნმ ჰერპესის ვირუსი, რომელიც ადამიანზე ვრცელდება უშუალო კონ ტაქტით ინფიცირებული პირთან ან დაზიანებასთან და ჰაერწვეთოვანი გზით. ლატენტური ინფექცია პირველადი ინფექციის შემდგომ ყალიბდება იმუნური სისტემისგან თავის არიდების გზით, რომლის დროსაც ვირუსი ამცირებს ექსპრესირებული გენების რაოდენობას და ახდენს ძირითადი ჰისტოთავსებადობის კომპლექსის I კლასის ანტიგენების ინაქტივაციას ინფიცირებული უჯრედების ზედაპირზე.[22] ჰერპეს ზოსტერი და "ჩუტყვავილა", იგივე ვარიცელა გამოწვეულია ერთი და იგივე ვირუსის მიერ (herpesviridae ოჯახის ვირუსი). თუმცა ვარიცელა ვითარდება პირველადი ინფიცირების შემდეგ და იწვევს გენერალიზებულ გამონაყარს, ხოლო ჰერპეს-ზოსტერი ვლინდება უწინდელი ინფექციის რეაქტივაციის შედეგად და აქვს ტენდენცია გამონაყარი განლაგდეს კონკრეტული ნერვის საინერვაციო ზონაში.
პათოფიზიოლოგია
ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით (VZV) პირველადი ინფექციის შემდეგ ვირუსი გადადის ლატენტურ ფაზაში ზურგის ტვინის დორსალურ ფესვებსა და კრანიული ნერვების განგლიაში. იმუნოკომპეტენტურ პირებში ინფექცია აზიანებს ერთეულ დერმატომას, ხოლო იშვიათ შემთხვევებში ჩართულია მრავალი დერმატომა. თუმცა იმუნოსუპრესიულ პაციენტებში ხშირია რამოდენიმე დერმატომის დაზიანება. ზოგიერთი მდგომარეობის შედეგად ქვეითდება ვირუსზე სპეციფიკური უჯრედული იმუნიტეტი, რაც იწვევს ინფექციის რეაქტივაციასა და მის გავრცელებას განგლიიდან დაზიანებული სეგმენტის ნერვულ ქსოვილში და მის შესაბამის დერმატომაში კანზე.[1] ინფექციის რეაქტივაცია იწვევს განგლიონიტს: ნეირონებისა და მისი საყრდენი უჯრედების ანთება და დესტრუქცია. ვირუსი აქსონების გავლით გადაეცემა დაზიანებული განგლიონებით ინერვირებულ კანზე და იწვევს ადგილობრივ ანთბას.
ხასიათდება მწველი ტკივილის 2-3-დღიანი პროდრომული პერიოდით, რომლის შემდეგ თავს იჩენს ვეზიკულური გამონაყარი ინფიცირებული განლგიონის დერმატომული განაწილების ფარგლებში. შესაძლოა დაზიანდეს ნებისმიერი დერმატომა, თუმცა ყველაზე ხშირად დაზიანებულია დერმატომები T1 და L2.[22] მიუხედავად იმისა, რომ უხშირესად ზიანდება სენსორული ნეირონები, შემთხვევათა 5%-15%-ში ასევე ზიანდება მოტორული ნერვები.[3]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას