დიფერენციული დიაგნოზები
A ჯგუფის სტრეპტოკოკული ფარინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBV) გამოწვეული ფარინგიტი სტრეპტოკოკული ფარინგიტისგან კლინიკურად შეიძლება ძნელი გასარჩევი იყოს.
კვლევები
A ჯგუფის სტრეპტოკოკზე ხახის ნაცხის კულტურა დადებითია. თუმცა, ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებულ პაციენტთა 3-დან 30%-ს შესაძლოა ხახის ნაცხის კულტურა A ჯგუფის სტრეპტოკოკზე დადებითი ჰქონდეს, რის გამოც ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტებში ძნელია მტარებლობის ჭეშმარიტი სტრეპტოკოკული ინფექციისგან დიფერენცირება.[53][54] თუ ძლიერ საეჭვოა ეპშტეინ-ბარის ვირუსის არსებობა, ხახის ნაცხის კულტურა რუტინულად აუცილებელი არ არის.
ანტიბიოტიკები უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ თანმხლები ჭეშმარიტი სტრეპტოკოკული ინფექციის იშვიათ შემთხვევებში მას შემდეგ, რაც ხახის ნაცხის კულტურით A ჯგუფის სტრეპტოკოკი დადასტურდება. ინფექციური მონონუკლეოზის მქონე პაციენტებში ამპიცილინის, ამოქსიცილინის ან სხვა ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების არასაჭირო გამოყენება ხშირად იწვევს გამონაყარს.[45]
A ჰეპატიტი
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება ცხელებით, მუცლის ტკივილით, სიყვითლითა და შეუძლოდ ყოფნით.
ხშირია ჰეპატომეგალია.
A ჰეპატიტის შემთხვევაში, როგორც წესი, არ აღინიშნება ქუთუთოების შეშუპება, ფარინგიტი, ადენოპათია, სპლენომეგალია და ატიპური ლიმფოციტოზი.
კვლევები
ამინოტრანსფერაზების (ალანინამინოტრანსფერაზის/ასპარტატამინოტრანსფერაზის) დონე მომატებულია 10-ჯერ ან მეტჯერ.
A ჰეპატიტზე სეროლოგიური კვლევის შედეგი დადებითია.
ჰეტეროფილური ანტისხეულებზე ანალიზის შედეგი უარყოფითია.
მწვავე აივ ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
აივ ინფექციის ადრეულმა სტადიამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ავადმყოფობა ცხელებით, შეუძლოდ ყოფნით, ლიმფადენოპათიითა და მაკულოპაპულური ტიპის უფერული გამონაყარით.
ნაკლებად გამოხატულია ფარინგიტი; უფრო ხშირია გამონაყარი; აივ ინფექციასთან ერთად აღინიშნება დიარეა.
კვლევები
პლაზმის ვირუსული დატვირთვის (PVL) ტესტი დადებითია.
ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი (ELISA) აივ ინფექციაზე შესაძლოა დადებითი იყოს. თუმცა, მწვავე ინფექციის დროს ხშირად უარყოფითია და ინფექციურმა მონონუკლეოზმა შეიძლება ცრუ დადებითი შედეგი გამოიწვიოს.
ადენოვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
ადენოვირუსული ინფექციის დროს როგორც წესი, აღინიშნება სურდო, ხველა, პნევმონია, კონიუნქტივიტი და დიარეა.
კვლევები
ნაზოფარინგული ნაცხი რესპირატორული ვირუსების კულტურისთვის დადებითია ადენოვირუსზე.
ადამიანის ჰერპესვირუსი-6
ნიშნები / სიმპტომები
ხშირი ცხელებით მიმდინარე დაავადებაა ადრეული ბავშვობის პერიოდში; მისი მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია 3-5-დღიანი ცხელება, რომელსაც შემდგომ მოჰყვება მოვარდისფრო მაკულებისა და პაპულებისგან წარმოქმნილი დამახასიათებელი ეგზანთემა (ახლავს სიცხის დაწევა) ტანზე, კისერზე, პროქსიმულ კიდურებსა და ზოგიერთ შემთხვევაში სახეზე.
გახანგრძლივებული ფებრილური მონონუკლეოზის სინდრომი მოზრდილებში.
კვლევები
ადამიანის ჰერპეს ვირუსი 6-ის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი M და G დადებითია.
ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
ჯანმრთელ პირებში ინფექცია შესაძლოა იყოს უსიმპტომო ან მონონუკლეოზის სინდრომის დროს არსებული სიმპტომების (ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, ფარინგიტი) მსგავსი.
გასინჯვისას შეიძლება გამოვლინდეს ლიმფადენოპათია და სპლენომეგალია.
კვლევები
ამინოტრანსფერაზები ან ტუტე ფოსფატაზა ხშირად მომატებულია.
ციტომეგალოვირუსზე სეროლოგიური კვლევა ყველაზე ხელმისაწვდომი ტესტია თემში ჩასატარებლად და იმუნოკომპეტენტურ პირებში დიაგნოსტიკისთვის ხშირად საკმარისია.
ხელმისაწვდომობის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ვირუსული კულტურა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ან pp65 ანტიგენის დეტექციის ტესტი.
ბავშვებში ეპშტეინ-ბარის ვირუსის პირველადი ინფექციის დროს შესაძლოა განვითარდეს ორმაგი დადებითი შედეგი როგორც ვირუსის კაფსიდის ანტიგენის საწინააღმდეგო IgM-ის (VCA-IgM), ისე ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM-ის მიმართ. აღნიშნული უფრო ხშირია ჩვილებში და იშვიათია მოზარდებში. ერთ-ერთი კვლევაში თითქმის ყველა შემთხვევა, ორმაგი დადებითი შედეგით, ციტომეგალოვირუსით კოინფექციისგან განსხვავებით, იყო ცრუ დადებითი.[46]
მარტივი ჰერპესის ვირუსი-1
ნიშნები / სიმპტომები
ექსუდაციური ფარინგიტი, გინგივოსტომატიტი, ოდინოფაგია.
კვლევები
ხახის ვირუსული კულტურა და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია დადებითია მარტივ ჰერპესვირუს-1-ზე.
გრიპის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
გრიპის სეზონი ან დაფიქსირებული ეპიდაფეთქება.
როგორც წესი, სიმპტომები იწყება მწვავედ, მაღალი ცხელებით, რომელსაც ახლავს მიალგია, ართრალგია და ხველა
სიმპტომები ჩვეულებრივ, გრძელდება 2 კვირამდე.
დამახასიათებელია კისრისუკანა ლიმფადენოპათიის არარსებობა.
კვლევები
ჰეტეროფილური ანტისხეულების გამოვლენის ტესტი უარყოფითია.
სეროლოგიური კვლევა უარყოფითია ეპშტეინ-ბარის ვირუსის სპეციფიკური ანტისხეულების მიმართ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას