მიდგომა

შაკიკის გავრცელებული ფორმების დიაგნოსტიკაში წამყვანია ანამნეზი და გასინჯვა. შაკიკის მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ პაციენტი აკმაყოფილებს თავის ტკივილის საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-3 გამოცემის (ICHD-3) კრიტერიუმებს შაკიკის ან შესაძლო შაკიკის დიაგნოზისთვის.[3] ერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ერთზე მეტი თავის ტკივილის დიაგნოზი. შაკიკის დიაგნოზი არ გამორიცხავს სხვა თავის ტკივილის დაავადების არსებობას კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

ანამნეზი.

თავის ტკივილი არის წამყვანი ანამნეზური ნიშანი, რომელიც ამყარებს შაკიკის დიაგნოზს. განმეორებითი თავის ტკივილები, რომლებიც პაციენტის ფუნქციონირებას უშლის ხელს, ხშირად შაკიკია, თუმცა საჭიროა შაკიკის სხვა ნიშნების ძიება. შაკიკი ხშირად ცალმხრივია, თუმცა, როგორც აღნიშნულია კრიტერიუმებში, ცალმხრივი თავის ტკივილი არ არის საკმარისი შაკიკის დიაგნოზის დასასმელად.

ანამნეზში წამყვანი ნიშნებია აურა (არსებობის შემთხვევაში), მფეთქავი ტკივილი, რომელიც უარესდება აქტივობისას, ფოტოფობია, ფონოფობია და გულისრევა და ღებინება.[3] ყველა ნიშანი არ არის საჭირო შაკიკის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მიხედვით, თავის ტკივილი უნდა გაგრძელდეს 4-დან 72 საათის განმავლობაში და უნდა ვლინდებოდეს კრიტერიუმებში ჩამოთვლილი ზოგიერთი (ან ყველა) თანხმლები ნიშანი.

დიაგნოსტიკური ტესტები

თავის ტკივილის დიაგნოსტიკური კვლევის უმთავრესი მიზანია პრობლემური მიზეზების გამორიცხვა, რამეთუ არ არსებობს თავის ტკივილის მიზეზის დასადგენი სპეციფიკური ტესტი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ანამნეზი მიუთითებს შაკიკის დიაგნოზზე და ნევროლოგიური გამოკვლევა ნორმალურია, ტესტირება არ არის საჭირო.

ნიშნები, რომლებმაც ეჭვი უნდა გაგვიჩინოს "საშიშ" თავის ტკივილზე, შეიძლება დავიმახსოვროთ აბრევიატურით- "SNOOP4":

  • სისტემური სიმპტომები: ცხელება, წონის კლება

  • ნევროლოგიური სიმპტომები ან პათოლოგიური ნიშნები: დაბნეულობა, ყურადღების ან ცნობიერების დარღვევა

  • დაწყება (Onset): უეცარი ან წამიერი

  • ხანშიშესულები (Older) : ახლად გამოვლენილი და პროგრესული თავის ტკივილი, განსაკუთრებით 50 წლის ზემოთ პაციენტებში

  • 4 'P's

    • მიმდინარეობის (Pattern) ცვლილება (გაზრდილი სიხშირე)

    • მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება

    • ხელშემწყობი (Precipitating) ფაქტორები (ვალსალვა, ა.შ.)

    • პოზიციური გამწვავება

გამოსახულებითი კვლევები

  • ნეიროვიზუალიზაცია არ არის საჭირო შაკიკის თანმიმდევრული თავის ტკივილის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ნორმალური ნევროლოგიური გამოკვლევა, ატიპიური ნიშნების ან წითელი დროშების გარეშე.[45][46]

  • MRI (კონტრასტით) არის პრობლემური თავის ტკივილების რეკომენდებული კვლევა თითქმის ყველა სიტუაციაში. ტვინის CT (კონტრასტის გარეშე) რეკომენდებულია მწვავე თავის ტკივილის სასწრაფო გამოსაკვლევად, ინტრაკრანიული სისხლდენის გამოსავლენად. ყველა სხვა სიტუაციაში MRI არის არჩევის ტესტი, თუ არ არსებობს წინააღმდეგჩვენება.

  • სისხლძარღვთა ვიზუალიზაცია (MRI, CT,ან ტრადიციული ანგიოგრაფია)შეიძლება გამოსადეგი იყოს პაციენტებში, რომლებშიც ეჭვია გაუმსკდარ ანევრიზმაზე, არტერიულ აშრევებაზე ან ვენურ დახშობაზე.

ლაბორატორიული ტესტები და სეროლოგია

  • რუტინულმა ლაბორატორიულმა ტესტირებამ შეიძლება გამოავლინოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ანემია ან ელექტროლიტური დარღვევები, რომლებიც თავის ტკივილს უწყობს ხელს და შეიძლება შესაბამისი იყოს ანამნეზის და მანამდე ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის ფონზე. ხანშიშესულ პაციენტებში, ერითროციტების დალექვის სიჩქარე და C-რეაქტიული ცილა გვეხმარება ვასკულიტის და გიგანტურ-უჯრედოვანი არტერიტის გამოვლენაში.[47]

ლუმბალური პუნქცია

  • ლუმბური პუნქცია ჩვეულებრივ რეკომენდებულია ყველა პაციენტში, რომელსაც უტარდება გადაუდებელი გამოკვლევა უეცრად დაწყებული თავის ტკივილის გამო, განსაკუთრებით თუ CT შედეგი უარყოფითია. CT კვლევით შეიძლება ვერ გამოვლინდეს სუბარაქნოიდული ჩაქცევის 6%-მდე შემთხვევებში.[48]

  • თავის ტკივილის და ცხელების ან ცნობიერების ცვლილების მქონე პაციენტები საჭიროებენ ვიზუალიზაციურ გამოკვლევას და ლუმბურ პუნქციას მენინგიტისა და ენცეფალიტის გამოსაკვლევად.

  • პაპილოედემის მქონე პაციენტები ვიზუალიზაციის შემდეგ საჭიროებენ ლუმბურ პუნქციას თავზურგტვინის სითხის წნევის გასაზომად.

  • განიხილეთ ლუმბური პუნქცია ხშირი თავის ტკივილის მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებიც არ პასუხობენ სტანდარტულ თერაპიას.


    ლუმბური პუნქციის დიაგნოზი ზრდასრულებში: ანიმაციური დემონსტრაცია
    ლუმბური პუნქციის დიაგნოზი ზრდასრულებში: ანიმაციური დემონსტრაცია

    როგორ ჩატარდეს დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქცია მოზრდილებში. მოიცავს პაციენტის პოზიციის განხილვას, ნემსის არჩევას და გახსნისა და დახურვის წნევის გაზომვას.


ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას