ეტიოლოგია

მაღალი ხარისხის მტკიცებულების მიხედვით თავის ტვინი შაკიკის მქონე პირებში სხვადასხვა სტიმულის მიმართ ჭარბ აღგზნებას ავლენს. თუმცა, ნეიროფიზიოლოგიური კვლევების შედეგები ორაზროვანია. შეიძლება უფრო მიზანშეწონილი იყოს შაკიკის განხილვა, როგორც აგზნებადობის დარღვევა, რომელიც ხასიათდება კორტიკალური აღმგზნები-ინჰიბიტორული ბალანსის დეფიციტური რეგულირებით.[15][16]

მიგრენს აქვს ძლიერი გენეტიკური კომპენენტი. შაკიკის დღემდე აღწერილი ყველა გენი ზრდის ნეირონების აღგზნებადობას სხვადასხვა მექანიზმით.[17][18]

პათოფიზიოლოგია

შაკიკი ნეიროვასკულური დაავადებაა, რომლის დროს ნევროლოგიური მოვლენები წინ უძღვის და განაპირობებს თავის ტკივილს.

შაკიკისმიერი თავის ტკივილი განპირობებულია სამწვერა ნერვის პირველი რიგის მგრძნობელობითი ნეირონების ანთებით, რომლებიც ახდენენ დიდი ზომის სისხლძარღვების და თავის ტვინის გარსების ინერვაციას. ეს იწვევს ტვინის მიერ ტკივილის აღქმის ცვლილებას.[19] ნეირონების მომატებული აქტივობის დემონსტრირება შაკიკის დროს შესაძლებელია თავის ტვინის ღეროს არეებში. ნეირონების გაძლიერებული აქტივობა პერსისტირებს მაშინაც კი, როდესაც ხერხდება ტრიპტანების საშუალებით თავის ტკივილის კუპირება. უცნობია, ასახავს თუ არა თავის ტვინის ღეროს აქტივაცია შაკიკის მიზეზს (ცნობილი, როგორც თავის ტვინის ღეროს გენერატორი) ან აღნიშნავს თუ არა ხსენებული მოვლენა ტკივილის გამაკონტროლებელი ენდოგენური სისტემების აქტივაციას.[20]

აქტივაციის პირობებში სამწვერა ნერვის ნეირონები ათავისუფლებენ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ მენინგეური სისხლძარღვების დილატაციას, პლაზმის ცილების გაჟონვას გარშემომყოფ ქსოვილებში და თრომბოციტების გააქტიურებას. გამოიყოფა პეპტიდები, მათ შორის კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდი, ნივთიერება P და ბრადიკინინი, რაც იწვევს პერიფერიული ნოციცეპტორების სენსიბილიზაციას. ეს პერიფერიული სენსიბილიზაცია იწვევს ტრიგემინალური სენსორული ბირთვის ტკივილგამაყუჩებელი შეყვანის გაზრდას და, საბოლოოდ, ცენტრალურ სენსიბილიზაციას, ასე რომ არამტკივნეული სტიმული (მაგალითად, მსუბუქი შეხება) ინტერპრეტირებულია, როგორც ტკივილი.[21][22][23]

აურა ნეირონული დისფუნქციის შედეგია.[24] ნეირონების აღგზნების ტალღა ვრცელდება ქერქში, წინა მიმართულებით, 3-5 მმ/წთ სიჩქარით (რომელიც ქრონოლოგიურად შეესაბამება მხედველობითი სიმპტომების განვითარებას). ამას მოყვება შემცირებული ნეირონული აქტივობის გახანგრძლივებული პერიოდი, რაც მთავრდება ნეირონების აღდგენით. ქერქოვანი დეპრესია იწვევს ამგზნები ამინომჟავების და სხვა აგზნების მედიატორების გამოთავისუფლებას, რაც იწვევს ახლომდებარე გარსისა და სისხლძარღვების ნოციცეპტორების აქტივაციას, რაც იწვევს სამწვერა ნერვის მგრძნობიარე ბირთვის აქტივაციას.[23] უცნობია, როგორ ხდება ამ ნეირონების აგზნება აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის დროს, მაგრამ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ქერქის დეპრესორული იმპულსები აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის დროს ვითარდება ტვინის იმ "ჩუმ" არეებში, რომლებიც არ წარმოქმნიან აურის შესამჩნევ სიმპტომებს.[25]

კლასიფიკაცია

თავის ტკივილით მიმდინარე დარღვევებების საერთაშორისო კლასიფიკაცია, მესამე გამოცემა (ICHD-3)[3]

  • 1.1 შაკიკი აურის გარეშე: განმეორებითი თავის ტკივილი, რომელიც ვლინდება 4-დან 72 საათამდე ხანგრძლივობის შეტევებით. თავის ტკივილის ტიპური მახასიათებლებია: ცალმხრივი, პულსირებადი, ზომიერიდან ძლიერამდე ინტენსივობის, გაუარესება რუტინული ფიზიკური აქტივობის შედეგად და თანხმლები გულისრევა და/ან ფოტოფობია და ფონოფობია.

  • 1.2 შაკიკი აურით: ცალმხრივი სრულად შექცევადი ვიზუალური, სენსორული ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა სიმპტომების განმეორებითი შეტევები, რომლებიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება, ჩვეულებრივ, ვითარდება თანდათანობით და, ჩვეულებრივ, მოყვება თავის ტკივილი და შაკიკთან დაკავშირებული სიმპტომები.

    • 1.2.1 შაკიკი ტიპური აურით: შაკიკი აურით, რომლის დროსაც აურა მოიცავს მხედველობის და/ან მგრძნობელობის და/ან მეტყველების/ენობრივ სიმპტომებს, მაგრამ არა მოტორულ სისუსტეს და ხასიათდება ეტაპობრივი განვითარებით, თითოეული სიმპტომის ხანგრძლივობით არაუმეტეს 1 საათისა, დადებითი და უარყოფითი ნიშნების ერთობლიობით და სრული შექცევადობით.

      • 1.2.1.1 ტიპური აურა თავის ტკივილით

      • 1.2.1.2 ტიპური აურა თავის ტკივილის გარეშე

    • 1.2.2 შაკიკი ტვინის ღეროს აურით: შაკიკი აურით, რომლის სიმპტომები აღმოცენებულია მკაფიოდ ტვინის ღეროდან და არ ხასიათდება მოტორული სისუსტით.

    • 1.2.3 ჰემიპლეგიური შაკიკი: შაკიკი აურით, რომელიც მოიცავს მოტორულ სისუსტეს

      • 1.2.3.1 ოჯახური ჰემიპლეგიური შაკიკი

        • 1.2.3.1.1 ოჯახური ჰემიპლეგიური შაკიკი ტიპი 1 (FHM1)

        • 1.2.3.1.2 ოჯახური ჰემიპლეგიური შაკიკი ტიპი 2 (FHM2)

        • 1.2.3.1.3 ოჯახური ჰემიპლეგიური შაკიკი ტიპი 3 (FHM3)

        • 1.2.3.1.4 ოჯახური ჰემიპლეგიური შაკიკი, სხვა კერები

      • 1.2.3.2 სპორადული ჰემიპლეგიური შაკიკი (SHM)

    • 1.2.4 ბადურას შაკიკი: ერთ თვალში განმეორებითი მხედველობითი შეტევები, როგორიცაა განათებები, სკოტომები ან სიბრმავე, შესაძლოა ასოცირებული იყოს შაკიკის თავის ტკივილთან.

  • 1.3 ქრონიკული შაკიკი: თავის ტკივილი, რომელიც ვლინდება თვეში 15 ან მეტ დღეს, 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რასაც, თვეში მინიმუმ 8 დღეს აქვს შაკიკური თავის ტკივილის თავისებურებები.

  • 1.4 შაკიკის გართულებები

    • 1.4.1 შაკიკური სტატუსი: დამაუძლურებელი შაკიკის შეტევა, რომელიც გრძელდება 72 საათზე მეტხანს

    • 1.4.2 მუდმივი აურა ინფარქტის გარეშე: აურის სიმპტომები, რომელიც გრძელდება 1 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, ნეიროვიზუალიზაციით ინფარქტის დადასტურების გარეშე.

    • 1.4.3 შაკიკური ინფარქტი: შაკიკური აურის ერთი ან მეტი სიმპტომი, რომელიც ვითარდება შესაბამის ტერიტორიაზე ნეიროვიზუალიზაციით გამოვლენილ ტვინის იშემიურ დაზიანებასთან ერთად და იწყება ტიპური შაკიკის მიმდინარეობის დროს აურის შეტევით

    • 1.4.4 შაკიკის აურით გამოწვეული გულყრა: გულყრა, რომელიც გამოწვეულია აურიანი შაკიკის შეტევით

  • 1.5 სავარაუდო შაკიკი: შაკიკის მსგავსი შეტევები, როდესაც აკლია ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელიც საჭიროა ზემოთ აღწერილი შაკიკის ტიპის ან ქვეტიპის ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, და არ აკმაყოფილებს თავის ტკივილით მიმდინარე სხვა დარღვევების კრიტერიუმებს.

    • 1.5.1 სავარაუდო შაკიკი აურის გარეშე

    • 1.5.2 სავარაუდო შაკიკი აურით

  • 1.6 ეპიზოდური სინდრომები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს შაკიკთან

    • 1.6.1 მორეციდივე დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

      • 1.6.1.1 ციკლური ღებინების სინდრომი

      • 1.6.1.2 მუცლის შაკიკი

    • 1.6.2 კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუსხვევა

    • 1.6.3 კეთილთვისებიანი პაროქსიზმული კისერმრუდობა

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას