მიდგომა

მკურნალობა ეფუძნება ინდივიდუალურ მახასიათებლებს, როგორიცაა ორსულობა, იმუნური დეფიციტი, ანტიბიოტიკომგრძნობელობის ცოდნა და ინფექციის სპეციფიკური ადგილი.[1]

მწირია პროსპექტული, კონტროლირებული კვლევები, რომლებიც მკურნალობას ან მედიკამენტების არჩევანს განსაზღვრავს.[1]

ლისტერიული გასტროენტერიტი

ლისტერიით გამოწვეული გასტროენტერიტი ტიპურ შემთხვევებში თვითგანკურნებადია და ჩვეულებრივ არ საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას.[1][2][6][42]

რეკომენდებულია სითხის სტატუსის შენარჩუნება და დამხმარე მკურნალობა საჭიროებისამებრ. თუმცა, ფებრილური გასტროენტერიტის მქონე იმუნოკომპრომისული, ხანდაზმული (>60წ) ან ორსული პაციენტები საჭიროებენ მკურნალობას ამოქსიცილინით ან ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლით 3-5 დღის განმავლობაში.[43]

ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმზე ზემოქმედების გამო.[2][22]

სისტემური ინფექცია (არა გასტროენტერიტი ან მენინგიტი/მენინგოენცეფალიტი)

ამპიცილინი განიხილება პირველი რიგის პრეპარატად სისტემური ინფექციის მქონე პაციენტებში.[40]​ მძიმე ინფექციების და ბაქტერიემიის დროს რეკომენდებულია კომბინაციური თერაპია გენტამიცინით 14-21 დღის განმავლობაში.[40]​ გენტამიცინი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით, რადგანაც მისი გამოყენება დაკავშირებულია თირკმლის უკმარისობასთან (ორი რეტროსპექტული კვლევის მიხედვით).[22][44]

პენიცილინის მიმართ ალერგია ან აუტანლობა

პენიცილინის მიმართ ალერგიის ან აუტანლობის შემთხვევაში ეფექტურია ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი.[1][2][8][45] მეროპენემი ასევე შეიძლება გამოიყენოთ, თუმცა ეს დაკავშირებულია მკურნალობის ნაკლებ წარმატებასთან და სიკვდილობის მატებასთან.[46][47] ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმზე ზემოქმედების გამო.[2][22]

თავის ტვინის აბსცესი ან ენდოკარდიტი

თავის ტვინის აბსცესის სამკურნალო კურსი სულ მცირე 6-კვირიანია.[48][49]​ მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ენდოკარდიტის შემთხვევაში 4-6 კვირაა.[50] იმუნოკომპრომისულ პირებში მკურნალობის ხანგრძლივობა ვარიაბელურია და დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე.

სპეციალისტებთან კონსულტაცია და დამატებითი ქირურგიული მიმოხილვა შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი სინდრომების დროს, როგორიცაა თავის ტვინის აბსცესი ან ენდოკარდიტი. სისხლის განმეორებითი კულტივირება შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციის ალაგების დასადასტურებლად ბაქტერიემიისა და ენდოკარდიტის შემთხვევაში. თავის ტვინის განმეორებითი ვიზუალიზაცია ასევე შეიძლება საჭირო იყოს თავის ტვინის აბსცესის მკურნალობის შედეგის საკონტროლოდ.

მენინგიტი/მენინგოენცეფალიტი

მენინგიტი გვხვდება ინვაზიური ლისტერიოზის მქონე პაციენტების 30%-ში.[51] ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების დაგვიანება დაკავშირებულია უარეს გამოსავალთან.[52][53]

ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია შესაძლო მენინგიტის დროს

შესაძლო მენინგიტის მქონე ყველა პაციენტში რეკომენდებულია ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია.[54] იხილეთჩვენი მოდული ბაქტერიული მენინგიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

ანტიბიოტიკოთერაპია დადასტურებული მენინგიტის დროს

ბრიტანეთის ინფექციური დაავადებების ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ინტრავენურ ამპიცილინს ან ამოქსიცილინს, როგორც პირველი რიგის თერაპიას.[54] გენტამიცინი შეიძლება დაემატოს, თუმცა უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით, რადგანაც მისი გამოყენება დაკავშირებულია თირკმლის უკმარისობასთან (ორი რეტროსპექტული კვლევის მიხედვით).[22][44] თუ პაციენტი ალერგიულია პენიცილინის მიმართ, რეკომენდებულია ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი.[54] მკურნალობის კურსი 21 დღეს შეადგენს.[1][54][55] იხილეთჩვენი მოდული ბაქტერიული მენინგიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

სპეციალისტებთან კონსულტაცია და დამატებითი ქირურგიული მიმოხილვა შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი სინდრომების დროს, როგორიცაა თავის ტვინის აბსცესი ან ენდოკარდიტი. სისხლის განმეორებითი კულტივირება შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციის ალაგების დასადასტურებლად ბაქტერიემიისა და ენდოკარდიტის შემთხვევაში. თავის ტვინის განმეორებითი ვიზუალიზაცია ასევე შეიძლება საჭირო იყოს თავის ტვინის აბსცესის მკურნალობის შედეგის საკონტროლოდ.

მნიშვნელოვანი საკითხები ორსულებში

რთულია ორსული ქალების იდენტიფიცირება, რომელთაც ესაჭიროებათ ტესტირება და მკურნალობა, ვინაიდან მათ ხშირად არასპეციფიკური სიმპტომები უვლინდებათ. თუმცა, ნაყოფის და ახალშობილის მაღალი სიკვდილობის და ავადობის რისკის გამო, ზღვარი Listeria-ს სისტემური ინფექციის სამკურნალოდ ორსულ ქალებში უნდა იყოს უფრო დაბლა.[17][56][57]

მტკიცებულება მწირია ანტიბიოტიკოთერაპიისთვის ოპტიმალური აგენტების და ხანგრძლივობის შესახებ ორსულებში. არჩევანი ემყარება კლინიკურ გამოცდილებას.[58] ორსულობის დროს პენიცილინები, როგორც წესი, უსაფრთხოდ ითვლება; ამოქსიცილინი ან ამპიცილინი არჩევის პრეპარატებია.[22] ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი ალტერნატივას წარმოადგენს პენიცილინის მიმართ ალერგიის ან აუტანლობის მქონე პაციენტებში, თუმცა თავი უნდა ავარიდოთ პირველ ტრიმესტრში ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმზე გავლენის გამო.[2][22]

ამინოგლიკოზიდები არ უნდა დავნიშნოთ ორსულებში გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, როცა რისკს სარგებელი აჭარბებს. ამ შემთხვევაში გენტამიცინის გამოყენება დასაშვებია რადგანაც სმენისა და ვესტიბულური ნერვის დაზიანების ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ამინოგლიკოზიდების შემთხვევაში. გენტამიცინი ორსულობის დროს იშვიათად გამოიყენება. აუცილებელია კონსულტაცია ინფექციონისტთან.

არ არსებობს უსაფრთხოებისა და მიზნობრივი ეფექტურობის კვლევები, რომლებიც შეაფასებდა მეორე რიგის უსაფრთხო თერაპიას პენიცილინის მიმართ ალერგიულ ორსულებში. შეიძლება ალტერნატიული ვარაინტების, მაგ. მეროპენემის, ვანკომიცინის, ფთორქინოლონების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინების გამოყენება, თუმცა სარგებელი უნდა აჭარბებდეს რისკებს. გაიარეთ კონსულტაცია ინფქეციონისტთან ალტერნატიული ანტიბიოტიკის შერჩევის თაობაზე.

თითოეულ პაციენტის მკურნალობაში მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური. რეკომენდებულია კონსულტაცია სპეციალისტ- ინფექციონისტთან. რეკომენდებულია ექსპერტის კონსულტაცია სისტემური ავადმყოფობის მქონე ორსულების შემთხვევაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას