მიდგომა

დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ ეჭვს და პათოგენის გამოყოფას კლინიკურად სტერილური ადგილებიდან.[8][40]

უნდა გაირკვეს ანამნეზში დაბინძურებული საკვების მიღება, როგორიცაა საქონლის, ღორის ან ფრინველის უმი ხორცი, არაპასტერიზებული რძე და მისი პროდუქტები; რბილი ყველი; უმი ბოსტნეული; საკვების ნარჩენები, განსაკუთრებით მაღალი რისკის პოპულაციაში (ხანდაზმულები, ორსულები, იმუნოკომპრომისული პირები).

თუ ახალშობილის დედა ინფიცირებული იყო, არსებობს ვერტიკალური გადადების რისკი პლაცენტის გავლით ან პირდაპირი კონტაქტით დაბინძურებულ სამშობიარო გზებთან.[30][31]

კლინიკური შეფასება

იშვიათია ინვაზიური დაავადება იმუნოკომპეტენტურ პირებში. ზოგად მოსახლეობაში განავალში პათოგენის უსიმპტომო მტარებლობის 5%-იანი პრევალენტობა ფიქსირდება. როდესაც ჯანმრთელი მოზრდილი სიმპტომურად ინფიცირებულია, კლინიკური გამოვლინება წააგავს ფებრილურ გასტროენტერიტს, რომელიც სპორადულად ან ეპიდემიის სახით ვლინდება.[5][31][32][35]

სისტემური ინფექციის რისკის მქონე პაციენტებში ბაქტერიემიისა და სეფსისის ნიშნებია: ცხელება, შემცივნება, ჰიპოტენზია და თავის ტკივილი. ამ ნიშნების ფონზე საჭიროა შესწავლილ იქნეს სისხლის კულტურა ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე. გულის შუილის შემთხვევაში ეჭვი უნდა მივიტანოთ ენდოკარდიტზე. შეიძლება გამოვლინდეს მენინგიტის, ტვინის აბსცესის ან მენინგოენცეფალიტის სიმპტომები და ნიშნები კრანიული ნერვების პათოლოგიებით, კისრის გაშეშება, ფსიქიკური სტატუსის ცვლილებით, ფოკალური ნევროლოგიური ან ნათხემის სიმპტომებით. თავის ტვინის ღეროს მძიმე ენცეფალიტი (რომბენცეფალიტი) შეიძლება განვითარდეს კრანიული ნერვების დაზიანებისა და სიკვდილის მაღალი სიხშირით. აღნიშნულ მდგომარეობებში შესაძლებელია განვითარდეს გულყრებიც.

ახალშობილებში, 45-50 წელზე უფროს მოზრდილებსა და ორსულებში კლინიკური სურათი ზოგჯერ ატიპურია და ვლინდება შეუძლოდ ყოფნა.[1][2][9] ორსულებს შეიძლება ჰქონდეთ გრიპისმაგვარი სიმპტომები (ლეთარგია, ცხელება, ართრალგია, მიალგია, კანკალი, დაღლილობა, დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი).[2] ახალშობილებში შესაძლებელია ცუდად ნაკვები იყვნენ. ლისტერიით გამოწვეული ქორიოამონიონიტის ნიშნებს (როგორიცაა ინტრანატალური ცხელება) ხშირად აქვს ადგილი ნეონატალური ინფექციის შემთხვევებში.[2][4]

უსიმპტომო ორსულებში, რომლებიც აცხადებენ, რომ მიიღეს რეალიზაციიდან ამოღებული პროდუქტი ან შესაძლო დაბინძურებული პროდუქტი არ არის საჭირო ტესტირება. უსიმპტომო ორსულები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოვიკვლიოთ, თუ დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ 2 თვეში მათ სიმპტომები აღენიშნებათ.[22]

ლაბორატორული ტესტები

ზოგადი საკითხები:

  • სისხლის საერთო ანალიზი გვეხმარება ლეიკოციტოზისა თუ თრომბოციტოპენიის გამოსავლენად. თრომბოციტოპენია შეიძლება მიუთითებდეს დისემინირებულ სისხძარღვშიდა შედედებაზე (DIC).

  • თუ ეჭვქვეშაა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება, საჭიროა კოაგულოგრამისა და D-დიმერის განსაზღვრა.

  • ორსულობის ტესტი შარდში უნდა გაკეთდეს რეპროდუქტიული ასაკის ქალებში, რადგანაც ლისტერიოზი ნებისმიერ ტრიმესტრში შეიძლება გამოვლინდეს.

  • ეპიდაფეთქებებისა და მძიმე სპორადული ინფექციების შემთხვევაში, საეჭვო საკვები შეიძლება ანალიზზე გაიგზავნოს.

  • გასტროენტერიტის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს განავლის კულტურები, სეროლოგიური ტესტი ან კვერცხების/პარაზიტების კვლევები კლინიკური ეჭვების გამო სხვა პათოგენების გამოსარიცხად. განავლის ტესტი კვერცხებსა და პარაზიტებზე, ELISA ან აგლუტინაციის ტესტები ჩვეულებრივ უარყოფითი იქნება სხვა პათოგენებზე, როგორიცაა Campylobacter jejuni ან Cryptosporidium.

მიკროორგანიზმის გამოყოფა:

  • ლისტერიოზის თავდაპირველი დიაგნოზი ისმება პათოგენის იზოლირებით ჩვეულებრივი სტერილური ქსოვილებიდან (სისხლი, თავზურგტვინის სითხე [CSF], ამნიონური სითხე, პლაცენტა ან სანაყოფე სითხე).[1][5] სისხლის კულტივირებას ტიპურ შემთხვევებში ახასიათებს 0%-იანი მგრძნობელობა არაინვაზიური ფორმის დროს, ხოლო 75%-მდე მგრძნობელობა სისტემური ინფექციის შემთხვევაში.[1]

  • არასტერილური ქსოვილებიდან წარმატებული იზოლირების სიხშირე ვარიაბელურია. განავლის კულტურები შეიძლება დადებითი იყოს ჯანმრთელი უსიმპტომო პოპულაციის 5%-ში და 87%-მდე ლისტერიით გამოწვეული ფებრილური გასტროენტერიტის აფეთქებებში.[1]

  • ნიმუშები ნორმაში სტერილური ქსოვილებიდან, როგორიცაა თავზურგტვინის სითხე, შეიძლება პირდაპირ დაითესოს ტრიპტონ სოიოს აგარზე, რომელიც შეიცავს ცხვრის, ცხენის ან ბოცვერის 5% სისხლს. CSF კულტურები დადებითია ცენტრალური ნერვული სისტემის (CNS) ინფექციის მქონე პაციენტთა 20%-დან 40%-ში.[1][6][7][32]

ლუმბალური პუნქცია:

  • თავზურგტვინის სითხის(CSF) ტესტირება საჭიროა ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებში, ჩვეულებრივ, თავის რადიოლოგიური კვლევის შემდეგ. ტიპურ შემთხვევებში თავზურგტვინის სითხეში ლეიკოციტების რაოდენობაა <5000 უჯრედი/მმ³, ხოლო ცილის კონცენტრაცია <2 გ/ლ (<200 მგ/დლ). ცენტრალური ნერვული სისტემის ადრეული ინფექციის შემთხვევაში, თავზურგტვინის სითხის მაჩვენებლები შეიძლება ნორმაში იყოს და, თუ ასეა, ლუმბალური პუნქცია უნდა განმეორდეს 12-24 საათის შემდეგ.

  • თავზურგტვინის სითხის CSFგრამის წესით შეღებვა მნიშვნელოვანია დიაგნოზის დასადგენად ლისტერიული მენინგიტის შემთხვევათა 75%-ში.[1][5]​ რადგანაც პათოგენი წააგავს დიფთეროიდებსა და პნევმოკოკს, ასევე მისი გაუფერულების ტენდენციის გათვალისწინებით, გრამის წესით შეღებვის სპეციფიკურობა დაბალია.

საკვების ტესტირება:

  • საკვების სინჯი, რომელიც შეიცავს Listeria-ს სახეობის 100-ზე მეტ კოლონიის მაფორმირებელ ერთეულს/გრამზე, საჭიროებს გამოკვლევებს.[37] საკვების დაბინძურების ხარისხი შეიძლება განისაზღვროს ორგანიზმის უშუალო დათვლით მყარ სელქტიურ ნიადაგზე. Listeria ქმნის მოლურჯო-მომწვანო კოლონიებს Listeria-ს ქრომოგენულ იზოლაციურ მედიუმზე. კოლონიების დადასტურება პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციით ხდება.[37]

პერინატალური ლისტერიოზი:

  • დასტურდება პლაცენტის, ამნიონური სითხის, განავლისა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის ნიმუშების კულტივირებით.

  • მეკონიუმის გრამის წესით შეღებვა და კულტივირება შეიძლება დაგვეხმაროს ახალშობილებში ლისტერიოზის დიაგნოსტიკისათვის.[27][28][31]

სხვა ლაბორატორიული კვლევები:

  • ლისტერიის სეროლოგია: დაბალი სპეციფიკურობა ანტიგენური ჯვარედინი რეაქტიულობის გამო სხვა გრამდადებით ბაქტერიებთან; დაბალი მგრძნობელობა, განსაკუთრებით ინფექციის ადრეულ ეტაპზე.[1][27][28] კეთდება ეპიდაფეთქებაზე ეჭვის შემთხვევაში.

  • სისხლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: საჭიროებს სპეციალიზებულ დიაგნოსტიკურ ცენტრს, თუმცა ახასიათებს მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა და შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლის კულტივირების დიაგნოსტიკური ღირებულება დაბალია ნიმუშის აღებამდე ანტიბიოტიკების გამოყენების გამო.

რადიოლოგიური და ფიზიოლოგიური კვლევები

ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციის დროს სტრუქტურული დაზიანებების გამოსარიცხად რადიოლოგიური კვლევებიდან გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (MRI).

თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, როგორც წესი, კეთდება ლუმბურ პუნქციამდე. მენინგიტის, მენინგოენცეფალიტის და კერძოდ თავის ტვინის ღეროს ინფექციების დროს თავის ტვინის კტ დიაგნოსტიკურად ჩამოუვარდება მაგნიტურ რეზონანსულ სკანირებას.[6][7][32]

ენდოკარდიტზე ეჭვის შემთხვევაში ექოკარდიოგრამით ფასდება სარქვლების დაზიანება. ელექტროენცეფალოგრამა შეიძლება გაკეთდეს გულყრების გამოვლენის ან გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას