ეპიდემიოლოგია

მიუხედავად იმისა, რომ Listeria ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო L monocytogenes-ის გადაყლაპვა მეტნაკლებად ხშირია, ლისტერიოზის წლური ინციდენტობა ადამიანებში დაბალია.[10] შემთხვევების უმეტესობა სპორადულია და აღინიშნება მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში; სიკვდილობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს მაღალი.[11][12][13][14][15] ინციდენტობის მონაცემები დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, როგორც წესი, არ არის ხელმისაწვდომი.[16]Listeria-ს იზოლირება შეიძლება ჯანმრთელი მოზრდილების 5%-ის განავლიდან და დაავადება შეიძლება ამ პოპულაციიდან გავრცელდეს.[17]

იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში იშვიათად გვხვდება დისემინირებული დაავადება, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს გასტროენტერიტის სინდრომი. პათოგენი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ახალშობილებში (ასაკი <1 თვე), მოზრდილებში (ასაკი >50 წელი), ორსულებში (ყველა პაციენტის 30%) და იმუნოკომპრომისულ პირებში (აივ/შიდსის, კიბოს, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პირები, კორტიკოსტეროიდულ თერაპიაზე მყოფი პირები ან ტრანსპლანტაციის რეციპიენტები).[1][18][19] უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითება ასოცირებულია დაავადების მაღალ ინციდენტობასთან.

მიმოიხილეს ლისტერიოზის მქონე 1933 პაციენტის მიკრობიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური მონაცემები ინგლისსა და უელსში, 1990-2004 წლებში. ინციდენტობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2001-დან 2004 წლამდე. აღნიშნული ზრდის მიზეზები კვლავ უცნობია, თუმცა ინციდენტობა იყო სპორადული და მოიცავდა 60 ან მეტი წლის პაციენტებს ბაქტერიემიით.[20]

აშშ-ში 2010 წელს დაფიქსირდა 0.24 შემთხვევა/100 000 მოსახლეზე (ლაბორატორიულად დადასტურებული). ორსულობასთან ასოცირებული ლისტერიოზის სიხშირე იყო 13-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ზოგად მოსახლეობაში.[21][22] აშშ-ში ინტენსიური მონიტორინგისა და პოტენციურად დაბინძურებული საკვები პროდუქტების ამოღების შედეგად პერინათალური ლისტერიოზის პრევალენტობა შემცირდა 44%-ით.[17]

ინვაზიური ლისტერიოზის ფარდობითი რისკი აშშ-ში ბევრად უფრო მაღალია ლათინოამერიკელებში, ვიდრე არალათინოსებში, როგორც ზოგად მოსახლეობაში, ასევე ორსულებში.[23] რაც შეეხება ლათინოამერიკელ ქალებს, ორსულობასთან დაკავშირებული ლისტერიოზის მიახლოებითი ინციდენტობა 5.09 შემთხვევიდან (2004-2006) გაიზარდა 12.37 შემთხვევამდე (2007-2009) ყოველ 100 000 მოსახლეზე.[24] ორსულობასთან დაკავშირებული ლისტერიოზის ინციდენტობა არალათინოამერიკელ ქალებში ბევრად უფრო ნაკლებად გაიზარდა დროის იმავე პერიოდში.

ავსტრალიაში, 2018 წლის იანვრიდან აპრილამდე, დაფიქსირდა ლისტერიოზის ეპიდაფეთქება.[25] ყველა პაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული. ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ დაადგინა, რომ ეპიდაფეთქების წყარო იყო როკმელონი (cantaloupe melons) ერთი მწარმოებლისგან.[25]

2018 წელს დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის ცნობით, ინვაზიური L monocytogenes ინფექციების ეპიდაფეთქება, რომელიც დადასტურებულია მთლიანი გენომის სექვენირებით და უკავშირდება გაყინულ სიმინდს და, შესაძლოა, სხვა გაყინულ ბოსტნეულს, დიდ ბრიტანეთშა ევროკავშირის წევრ 4 ქვეყანაში (ავსტრია, დანია, ფინეთი, შვედეთი). 2015 წლიდან დაფიქსირდა 47 შემთხვევა და, 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, 9 პაციენტი გარდაიცვალა ინფექციით ან მის გამო.[21]

2017 წელს დაფიქსირდა ლისტერიოზის 2 502 შემთხვევა 30 ქვეყანაში (ევროკავშირი-ევროზონა), ყოველ 100 000 მოსახლეზე დაფიქსირდა 0.42 შემთხვევა (დაკორექტირებული ასაკზე).[26] 2019 წელს, ესპანეთში, დაფიქსირდა ინფიცირებულ ღორთან დაკავშირებული L monocytgenes-ის ინფექციის 222 დადასტურებული შემთხვევა; ასევე აღირიცხა 3 ფატალური და 6 სპონტანური აბორტის შემთხვევა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას