პირველადი პრევენცია

ლეპტოსპიროზის პრევენცია ორიენტირებულია მღრღნელების კონტროლზე და მაღალი რისკის ექსპოზიციის თავიდან აცილებაზე, განსაკუთრებით, წყალდიდობის შემდეგ. მაღალი რისკის შემცველი ექსპოზიციებია: მტკნარ წყალში შესვლა, კონტაქტი დამდგარ წყალთან და კონტაქტი ცხოველებთან. პირადი ჰიგიენა და დამცველობითი მოწყობილობები და ტანსაცმელი გამოიყენება დაბინძურებულ წყალთან/ნიადაგთან ექსპოზიციის მინიმიზაციის ან პრევენციისათვის. ღია ჭრილობები უნდა დაიფაროს წყალგაუმტარი სახვევებით.

დოქსიციკლინით ქიმიოპრობილაქტიკა გამოყენებულია სამხედრო პერსონალისთვის ცნობილი ადრე არსებული ექსპოზიციის გარეშე. მოლაშქრეებმა, ბაიკერებმა და აქტიურმა მოგზაურებმა შეიძლება მხედველობაში მიიღონ დოქსიციკლინით პროფილაქტიკა განვითარებად ქვეყნებში ლეპტოსპიროზის მაღალი რისკის გამო.[46] დოქსიციკლინით პროფილაქტიკა რეკომენდებულია გარდაუვალი ექსპოზიციის რისკის მქონე ადამიანებისთვის. მონაცემები მოწმობენ, რომ აზითრომიცინი არის შესაძლო ალტერნატივა პროფილაქტიკისთვის, რადგან თავდაპირველმა კვლევებმა აჩვენა სეროპოზიტიურობის ანალოგიური შემცირება.[47] ობსერვაციულმა კვლევამ დაასკვნა, რომ პერორალური პენიცილინი შეიძლება ეფექტური ქიმიოპროფილაქტიკა იყოს ლეპტოსპიროზის წინააღმდეგ, თუმცა საჭიროა შემდგომი კვლევა.[48]

ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ექსპოზიციამდე და გაგრძელდეს ექსპოზიციის დროს და მის შემდეგ. თუმცა, არსებობს შეზღუდული მონაცემები თერაპიის ხანგრძლივობის დასადგენად. ერთმა რანდომიზებულმა კონტროლირებადმა კვლევამ დაიწყო მკურნალობა ექსპოზიციამდე 1 კვირით ადრე და გაგრძელდა ექსპოზიციიდან 4 კვირის განმავლობაში.[47]

იმუნიზაცია კიდევ ერთ ეფექტურ პრევენციულ ზომას წარმოადგენს. პირუტყვი და ძაღლები ხშირად იცრებიან არაცოცხალი ვაქცინებით.[1][49] ადამიანების იმუნიზაცია პოლივალენტური ვაქცინებით ჩვეულებრივი პრაქტიკაა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, სადაც მნიშვნელოვანია პროფესიული ექსპოზიციის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების რიცხვი, როგორებიც არიან ბრინჯის ველებზე მომუშავე მუშები. ადამიანების იმუნიზაცია მონოვალენტური ვაქცინით ხშირი პრაქტიკაა საფრანგეთში. ადამიანის იმუნიზაცია აშშ-ში არ გამოიყენება.

მეორეული პრევენცია

ქვეყნების უმრავლესობაში ეპიდემიოლოგიური მონაცემების შესაგროვებლად საჭიროა ლეპტოსპიროზის დიაგნოზების შეტყობინება. აშშ-ში, ჯანმრთელობის დაცვის პროვაიდერებმა უნდა დააფიქსირონ აშშ-ში და მის ტერიტორიებზე მომხდარი ლეპტოსპიროზის ლაბორატორიულად დადასტურებული თითოეული შემთხვევა ლოკალურ ან შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტში.

ახლო კონტაქტების პროფილაქტიკა არ არის საჭირო, რადგან ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პაციენტთან ერთად მოგზაურობისას ადამიანებს შეიძლება ჰქონოდათ იგივე ექსპოზიცია და, შესაბამისად, შეიძლება იყოს ლეპტოსპიროზის განვითარების რისკი. ამ ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა საჭიროების შემთხვევაში და უნდა ვურჩიოთ, მიმართონ სამედიცინო დახმარებას სიმპტომების განვითარების შემთხვევაში.

საჭიროა რჩევების მიცემა პაციენტებისთვის იმ ექსპოზიციისა და სიტუაციების თავიდან ასარიდებლად, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო პროფილაქტიკას, უზრუნველვყოთ შემდგომი ეპიზოდების პრევენცია. პროფილაქტიკის მიმართ პაციენტების დამოკიდებულებები განსხვავებულია და ეფუძნება მათ უწინდელ გამოცდილებებს, აგრეთვე ენდემურ რეგიონებში ყოფნის ხანგრძლივობას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას