შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
17 წლის ბიჭი ბრაზილიაში კლინიკაში მოხვდა ცხელების, თავის ტკივილის და მიალგიების 4-დღიანი ანამნეზით და დიარეის, მუცლის ტკივილის და პროსტრაციის 2-დღიანი ანამნეზით. კლინიკაში მოხვედრამდე ორი კვირით ადრე ჩავარდა კანალიზაციაში დატბორვის დროს და ჰქონდა ჭრილობები. ჰოსპიტალიზაციისას ცხელება არის 39.2ºC (102.6°F), სიყვითლე არ ვლინდება, კონიუნქტივა შეწითლებულია, ისმინება გაფანტულად ხიხინი, ვლინდება ჰეპატომეგალია და ძლიერი ტკივილი მუცლის კედლის და წვივების არეებში. ლაბორატორიულმა გამოკვლევამ გამოავლინა ლეიკოციტოზი, ღვიძლის ამინოტრანსფერაზების მსუბუქად მომატება, კრეატინინის მომატება 221 მიკრომოლ/ლ (2.5 მგ/დლ) და ჰიპოკალიემია. მომდევნო 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად ინტრავენური ანტიბიოტიკის და დამხმარე თერაპიისა, პაციენტს განუვითარდა ჰიპოქსემიური რესპირატორული უკმარისობა და თირკმლის ოლიგურიული უკმარისობა. საავადმყოფოში მიყვანის მე-2 დღეს მას განუვითარდა სუნთქვის დარღვევა; აღინიშნა, რომ ჰქონდა pH 7.34, გახდა ოლიგურიული კრეატინის მატებასთან ერთად და საჭიროებდა ინტრაპერიტონეალურ დიალიზს. საავადმყოფოში მიყვანის მე-3 დღეს, ის ინტუბირებული იყო მძიმე რესპირატორული დისტრესის გამო, pH 7.3, PaO₂ 55 და PaCO₂ 62 FiO₂-ზე 100%; ენდოტრაქეალური ინტუბაციის შემდეგ მას განუვითარდა მასიური სისხლდენა და ჰიპოტენზიური შოკი და გარდაიცვალა. სისხლისა და შარდის კულტურები არ იყო ინფორმაციული და მიკროსკოპული აგლუტინაციის ტესტი (MAT) იყო უარყოფითი; თუმცა ლეპტოსპიროზის დიაგნოზი დადასტურდა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით.
შემთხვევის ანამნეზი #2
42 წლის მამაკაცი შემოდის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მადის გაქრობის, ცხელების, შეუძლოდ ყოფნის, თავის ტკივილის, რეტროორბიტალური ტკივილის და მიალგიის ჩივილებით, რომელიც განვითარდა 4 დღის განმავლობაში. მან უარყო ბოლოდროინდელი მოგზაურობა ან ცხოველებთან კონტაქტი; იგი დასაქმებულია ადგილობრივ ფერმაში, სადაც კრეფს ხილს. პაციენტი ამბობს, რომ წინა 14 დღის განმავლობაში მუშაობამდე ძლიერი წვიმია შემდეგ. გასინჯვით ვლინდება წითელასმაგვარი გამონაყარი ქავილის გარეშე ტანზე, კონიუნქტივის ორმხრივი ჰიპერემია და ლაცერაციები ზედა კიდურებზე. ლაბორატორიულმა გამოკვლევამ აჩვენა ლეიკოციტოზი, ანემია და ღვიძლის ამინოტრანსფერაზების მომატება. საავადმყოფოში ყოფნისას პაციენტს განუვითარდა პანკრეატიტი, როგორც გართულება, რომელიც გამოვლინდა შეუჩერებელი ღებინებით და მუცლის ტკივილით. ამილაზები და ლიპაზები მნიშვნელოვნად იყო მომატებული. დიაგნოზი დადგინდა მიკროსკოპული აგლუტინაციის ტესტის გამოყენებით, რომელმაც დაადასტურა ეჭვი ლეპტოსპიროზზე.
სხვა გამოვლინებები
ასეპტიური მენინგიტი ხშირი მანიფესტაციაა დაავადების იმუნური ფაზის დროს; მისი ინციდენტობა, დაახლოებით, 25% შეადგენს.[6][7] სიმპტომები უცვლელად შეიცავს თავის ტკივილს, ფსიქიკური სტატუსის ცვლილებებს და ცხელებას. თუმცა, პაციენტების უმცირესობაში ნევროლოგიური ჩართულობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს უჩვეულო გამოვლინებების სპექტრით, როგორიცაა კომა, მენინგოენცეფალიტი, განივი მიელიტი, ჰემიპლეგია და გიენ-ბარეს სინდრომი.[1] სიმპტომები მოიცავს მოუსვენრობას, დაბნეულობას, ჰალუცინაციებს, დელირიუმს და ფსიქოზურ ქცევას. პაციენტთა მცირე ნაწილს უვითარდება მწვავე პანკრეატიტი, როგორც გართულება, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.[8] დაფიქსირდა ლეპტოსპიროზის შემთხვევა ნეფროზული სინდრომის კლინიკური ნიშნებით მასიური პროტეინურიით.[9]
პაციენტების გარკვეული პოპულაციები, მაგ. ხანდაზმულები და ორსული ქალები, ლეპტოსპირული ინფექციის შედეგად მძიმე დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ორსულობის პერიოდში ნაყოფმა შეიძლება ინფექცია შეიძინოს მწვავე/საწყისი ფაზის განმავლობაში პლაცენტური გადაცემის გზით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური აბორტი.[10] ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ სპონტანური აბორტი, თუ ლეპტოსპიროზი ხდება ორსულობის ადრეულ თვეებში.[11] ნაყოფი იმყოფება ავადობის და სიკვდილობის რისკის ქვეშ, თუ დედას აქვს მაღალი ცხელება ან აღინიშნება ჰემოდინამიკური დარღვევები.[12] ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მძიმე ინფექციის უფრო მაღალი რისკი. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვითარდება ვეილის დაავადება და ფიქსირდება მაღალი სიკვდილობა.[5] იმუნოდეფიციტის მქონე პირებში ინფექცია შეიძლება იყოს უფრო მძიმე და გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა გართულებები, მათ შორის გულის ბლოკადა, თუმცა ეს ძალიან იშვიათია.[13]
თანაინფექციები შეიძლება განვითარდეს ლეპტოსპიროზის დროს, როგორიცაა დენგე, მალარია, რიკეტსიოზი, ტკიპისმიერი ტიფი და აივ-ი.[14][15][16][17][18] ლეპტოსპიროზითა და მალარიის ერთობლივი ინფექციით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მძიმე დაავადება და განუვითარდეთ ჰეპატორენალური დისფუნქცია.[19] ლეპტოსპიროზის კლინიკური დიაგნოსტიკა ტროპიკულ რეგიონებში ხშირად რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ლეპტოსპიროზის კლინიკური გამოვლინებები ხშირად არ განსხვავდება სხვა ენდემური ინფექციებისგან.[20]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას