ეპიდემიოლოგია

ლეპტოსპიროზი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ზოონოზური ინფექციაა. დაავადების შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად შეფასებულია 1.03 მილიონ ადამიანად, საიდანაც დაახლოებით 60,000 შემთხვევა ლეტალურად სრულდება.[21] ყოველწლიურად დაახლოებით 100-200 შემთხვევაა იდენტიფიცირებულია აშშ-ში, ამასთან შემთხვევების დაახლოებით 50% მოდის პუერტო რიკოზე; ჰავაი იკავებს მეორე ადგილს ავადობით.[22]

ინფექციები და ეპიდემიები გვხვდება როგორც სოფლად, ასევე ქალაქებში ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი კლიმატის რეგიონებში.[23][24] პიკური ინციდენტობა გვხვდება წვიმიან სეზონში ტროპიკულ ზონებში და ზაფხულის ბოლოს ზომიერ რეგიონებში.[1][7] ეპიდემიები ჩვეულებრივ ასოცირდება გარე სამუშაო აქტივობებთან, წყლით დატბორვასა და დაბინძურებულ წყალთან კონტაქტთან.[24] წყალდიდობასთან დაკავშირებული ლეპტოსპიროზის ეპიდემიები, სავარაუდოდ, გაგრძელდება ამინდის ექსტრემალური მოვლენებისა და კლიმატის ცვლილების გამო.[25][26]

ლეპტოსპიროზის მთავარი რისკფაქტორია ინფიცირებული ცხოველების შარდთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტი. კონტაქტი შეიძლება მოხდეს პროფესიული ზემოქმედების შედეგად ან წყალთან ან ნიადაგთან კონტაქტით, რომელიც დაბინძურებულია ლეპტოსპირებით. ამიტომ, ინფექციის მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან სოფლის მეურნეობის ფერმერები, ქალაქის დაბალშემოსავლიანი ნაწილის მაცხოვრებლები, ვეტერინარები და ცხოველების მომვლელები, სამხედრო პერსონალი და მაღაროელები.[21][27] მოგზაურები და სპორტსმენები, რომლებიც მონაწილეობენ სპორტის წყლის სახეობდეში, ასევე წარმოადგენენ ინფექციის რისკის მზარდ პოპულაციას: მტკნარ წყალში ცურვა, ჯომარდობა, კაიაკინგი, კანოე, თევზაობა, ნადირობა და ველოსიპედით გაუკვალავ მიდამოში გადაადგილება დაკავშირებულია ლეპტოსპიროზის ინფექციასთან, განსაკუთრებით ძლიერი წვიმის ან წყალდიდობის შემდეგ.[28][29][30][31][32]

იშვიათად, ინფექციები ხდება ლაბორატორიული შემთხვევების, სისხლის გადასხმის და ქირურგიული გადანერგვის შემდეგ.[33] ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია.[34] ინფექცია შეიძლება შეძენილი იყოს ყოველდღიური საქმიანობის დროს ფეხშიშველი სიარულით.[35][36] ლეპტოსპიროზის სხვა რისკფაქტორებს მიეკუთვნება ცუდი საცხოვრებელი პირობები, მათ შორის ჭუჭყიანი იატაკი, კანალიზაციისა და ღია კანალიზაციის სიახლოვე და სანიტარული პირობების ნაკლებობა.[36]

ლეპტოსპიროზის უფრო მაღალი ინციდენტობა გვხვდება მამაკაცებში, თუმცა ეს ასიმეტრია, სავარუდოდ, ექსპოზიციასთანაა დაკავშირებული, რადგან სპორტულ მოვლენებთან ასოცირებული ეპიდემიები იწვევდა ინფექციების ანალოგიურ მაჩვენებელს მამაკაცებსა და ქალებში.[29][31] გარკვეულ სამედიცინო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მძიმე დაავადება შეიძლება უფრო ხშირი იყოს მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.[37] რაიმე კონკრეტულ ასაკობრივი ჯგუფში პრედომინანტობა არ აღინიშნება.

კლინიცისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ლეპტოსპიროზის დროს შესაძლებელია განვითარდეს თანაინფექციები, მათ შორის დენგე, მალარია, რიკეტსიოზი, ტკიპისმიერი ტიფი და აივ.[14][15][16][17][18]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას