ეტიოლოგია

ლეპტოსპიროზის ეტიოლოგიური აგენტი არის სპიროქეტა, როგორც სახელი გვიჩვენებს, Leptospira გვარიდან. ამ გვარისთვის გამოიყენება კლასიფიკაციის ორი ძირითადი სისტემა.

ტრადიციული სისტემა დაფუძნებულია ფენოტიპურ მახასიათებლებზე, და გვარის კლასიფიკაციას ახდენს 2 ძირითად სახეობად: L interrogans და L biflexa. სახეობის სეროჯგუფების ფარგლებში სხვადასხვა სეროვარიანტის სპეციფიკურობას განსაზღვრავს ლიპოპოლისაქარიდი (LPS) O- ანტიგენები. L interrogans შტამის 200 სეროვარიიანტი ითვლება პათოგენურად, ხოლო L biflexa-ს 60 სეროვარიანტია აღმოჩენილი, რომელიც ითვლება საპროფიტურად.[6]

კლასიფიკაციის მეორე სისტემა ეფუძნება დნმ-დნმ-ის ჰიბრიდიზაციას, რომელმაც აღმოაჩინა 35 სხვადასხვა სახეობა გვარში[38] ადამიანებში ყველაზე ხშირად პათოგენური შტამებია: L canicola, L hardjo, L hebdomadis, L autumnalis, და L weilii.[6] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული სეროჯგუფებია Icterohaemorrhagiae, Pomona, Sejroe, Australis, Autumnalis, და Grippotyphosa.[5]

პათოფიზიოლოგია

ინკუბაციის პერიოდი, როგორც წესი, 7-დან 14 დღემდეა, მაგრამ დიაპაზონი 2-დან 30 დღემდე მერყეობს. ინფექცია ყველაზე ხშირად ხდება ინფიცირებული ცხოველების შარდთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის შედეგად. ექსპოზიციის სხვა წყაროებია ინფიცირებული ცხოველების სისხლთან, სითხეებთან ან მშობიარობის ქსოვილებთან კონტაქტი. Leptospira ლეპტოსპირა ბუნებაში შენარჩუნებულია ბაქტერიის მატარებელ ცხოველებში, თირკმელების ქრონიკული ინფექციის არსებობის შედეგად. ცხოველთა რეზერვუარები, რომლებიც, სავარაუდოდ, ლეპტოსპიროზის უმეტესობას განაპირობებს, არიან ვირთხები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ძაღლები და სხვა შინაური პატარა ძუძუმწოვრები.[27] ინფიცირების შემდეგ, ცხოველი შარდით გამოყოფს ლეპტოსპირებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ითვლება, რომ ლეპტოსპიროზის შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია ლეპტოსპირებით დაბინძურებულ წყალის ან ნიადაგის ზემოქმედებით კანზე ან ლორწოვან გარსებზე ექსპოზიციის შედეგად.[34] ლეპტოსპიროზის განვითარების რისკი იზრდება, როდესაც კანის მთლიანობა ზიანდება ჭრილობებით.[36][39] მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლეპტოსპირას გადარჩენაზე წყალში (მაგ. pH, ტემპერატურა), პათოგენურ ლეპტოსპირას შეუძლია გადარჩეს და შეინარჩუნოს ვირულენტობა მინიმუმ 20 თვის განმავლობაში, თუნდაც არახელსაყრელ გარემო პირობებში.[27][40] ლეპტოსპირების დაბალი სიხშირე/შემცველობა ნიადაგში და სწრაფი განზავება, რომელიც ხდება დიდ წყალსატევებში, გვაძლევს ყფლებას ვივარაუდოთ, რომ მრავალი ინფექცია გამოწვეულია კონტაქტის დროს დაბალი დოზით ზემოქმედების შედეგად.

ლეპტოსპირების გავრცელება ორგანიზმში, სავარაუდოდ, ვითარდება მიკროორგანიზმის მოძრაობის შედეგად. ლეპტოსპიროზის სახეობების ვირულენტობა ფართოდ განსხვავდება შტამებს შორის და თუმცა კვლევებში გრძელდება ვირულენტობის ახალი ფაქტორების გამოვლენა, ისინი ბოლომდე არ არის განსაზღვრული ან მექანიკურად გაგებული. ითვლება, რომ პათოგენური ლეპტოსპირები ათავისუფლებს ჰემოლიზინს, სფინგომიელინაზებს და ფოსფოლიპაზებს. ვირულენტობის დამატებითი პოტენციური ფაქტორები მოიცავს ტოქსინის გამომუშავებას, იმუნურ მექანიზმებს და ზედაპირულ ცილებს. LipL32, კარგად აღწერილი ზედაპირული ლიპოპროტეინი, გვხვდება პათოგენურ შტამებში.[41] LipL32 არის იმუნური რეაქციის სამიზნე და ჩართულია ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის განვითარებაში თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.[1][2] TLR2 (toll-მსგავსი რეცეპტორი 2) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლეპტოსპირული პროტეინის და ლიპოპოლისაქარიდის ამოცნობაში.[42] კვლევები ასევე ვარაუდობს, რომ გენეტიკური მიდრეკილება და იმუნური ფაქტორები გავლენას ახდენს ინფექციის ბუნებრივ მიმდინარეობაზე.[43][44]

მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის შემთხვევების უმეტესობა სუბკლინიკურია, პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდებათ სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ორ ფაზაში: მწვავე/საწყისი (ან სეპტიცემიური) ფაზა, რომელიც ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, სისუსტით, თავის ტკივილით, მიალგიით და მუცლის ტკივილით, რასაც მოჰყვება 5-7 დღის შემდეგ მეორე, იმუნური ფაზა, რომელიც დაკავშირებულია ანტისხეულების გამომუშავებასთან და ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. იმუნური ფაზის დროს პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მძიმე სისტემური გამოვლინებები, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და პულმონური ჰემორაგიები, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.

კლასიფიკაცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO): ლეპტოსპიროზის კლინიკური გამოვლინება ადამიანებში[5]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ლეპტოსპიროზი კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

  • მსუბუქი, გრიპისმაგვარი ან არადიფერენცირებული, ცხელებით მიმდინარე ავადმყოფობა

  • ვეილის სინდრომი ხასიათდება სიყვითლით, თირკმლის უკმარისობით, ჰემორაგიით და მიოკარდიტით მიმდინარე არითმიებით

  • მენინგიტი/მენინგოენცეფალიტი

  • ფილტვის ჰემორაგია სუნთქვის უკმარისობით

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას