მიდგომა
ცხოველთან ექსპოზიციის ანამნეზის მქონე პაციენტში ცოფი ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული, განსაკუთრებით თუ გამოხატულია აუხსნელი ენცეფალიტი ან მიელიტი. ცოფი ენცეფალიტის იშვიათ მიზეზს წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებში; შესაბამისად, თავდაპირველად აუცილებელია უფრო ხშირი ეტიოლოგიის გამორიცხვაც. ცოფის სიმპტომები სწრაფად პროგრესირებს რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ აღნიშნული სწრაფი პროგრესია არ დაფიქსირდა, ცოფის დიაგნოზი ნაკლებად სავარაუდოა.[13][38][39]
ცოფი შეტყობინებადი დაავადებაა ბევრ ქვეყანაში. ცოფის შემთხვევები მაშინვე უნდა აღირიცხოს ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენელთა მიერ.
ანამნეზი
მნიშვნელოვანია პაციენტის ცნობილ გადამტანთან დადასტურებული ან სავარაუდო ექსპოზიციის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება. ცნობილი გადამტანებია ძაღლები, ღამურები, ენოტები, სკუნსები, მელიები, ტურები და მანგუსტები. აშშ-ში პაციენტთა უმრავლესობაში ცოფი ღამურებიდან ვრცელდება.[17] შეიძლება აღინიშნებოდეს ღამურის ნაკბენის ან მასთან კონტაქტის ანამნეზი. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტებმა შეიძლება სახლში შემთხვევით ღამურა აღმოაჩინონ. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ღამურასთან ან სხვა გადამტანთან კონტაქტის ანამნეზი არ აღინიშნება, შესაბამისად, ექსპოზიციის ნაკლებობის გამო ცოფის დიაგნოზი არ უნდა გამოირიცხოს.
ცოფის ენდემურ განვითარებად ქვეყნებში ძირითად ვექტორს ძაღლები წარმოადგენს. წითელი მელა ძირითადი ვექტორია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. სხვა ქვეყნებში ინფექციის ვექტორები კოიოტებს; წითელ, არქტიკულ და ნაცრისფერ მელიას, ტურებს, მანგუსტებს, ენოტებს, სკუნსებს და მგლებს მოიცავს.[18]დიდ ბრიტანეთში, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ ასევე გაავრცელა მსგავსი ინფორმაცია. NaTHNaC/Travel Health Pro: rabies factsheet Opens in new window
ცოფის ექსპოზიციის მაღალი რისკის მქონე ადამიანები მოიცავს:[33]
ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ცოცხალი ცოფის ვირუსით კვლევით ან ვაქცინის წარმოების ობიექტებში
ადამიანები, რომლებიც ატარებენ ცოფის დიაგნოსტიკურ ტესტირებას ლაბორატორიებში
ღამურებთან ხშირი კონტაქტის მქონე ადამიანები
ადამიანები, რომლებიც ურთიერთობენ ცხოველებთან, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ცოფი
ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ცხოველთა ნეკროპსიას
ადამიანები, რომელთა პროფესიული ან რეკრეაციული საქმიანობა, როგორც წესი, მოიცავს ცხოველებთან კონტაქტს
არჩეული მოგზაურები (დამოკიდებულია დანიშნულების ქვეყანაში ცხოველთა ცოფის გავრცელებაზე, მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, დაგეგმილ აქტივობებზე და ყოფნის ხანგრძლივობაზე).
უფრო მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პროფესიებია:ცხოველთა მწვრთნელები ,სპლენეოლოგები ,ვეტრინარები , მისიონერები , ზოგიერთი ლაბორატორიის მუშაკები ბავშვებს ინფექციის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ მათი სიმაღლის, ასაკობრივი უნარებიდან და ქუჩაში ძაღლებთან კონტაქტის გამო [33]
კლინიკურად განარჩევენ ცოფის 2 ფორმას: ენცეფალიტით და პარალიზით მიმდინარეს. ორივე ხასიათდება არასპეციფიკური ცხელებით, შემცივნებით, დაღლილობით, ყელის ტკივილით, ღებინებით, თავის ტკივილითა და პარესთეზიებით მიმდინარე პროდრომული ფაზით. ცხოველის ნაკბენის ადგილას გამოხატული ტკივილი ან პარესთეზიები ორივე ფორმის დროს გვხვდება. ქავილი კიდევ ერთი ხშირი გამოვლინებაა.
ენცეფალიტით მიმდინარე ფორმის დროს, პროდრომულ ფაზას მოჰყვება ცნობიერების ცვლილებები, აგზნება, ჰიპერაქტიურობა, ტრემორი, ჭარბი ნერწყვდენა, მიდრიაზი (გუგების გაფართოება), დისფაგია, ჰიდროფობია თანდართული ჰიდროფობური სპაზმებით და აეროფობია. ხშირად დაავადების მიმდინარეობისას პაციენტები პერიოდულად ინარჩუნებენ ნათელ გონებას და ცნობიერებას. ჰიდროფობური სპაზმები შეიძლება გულყრებში გადაიზარდოს. ენცეფალიტის სიმპტომებს დამბლა მოჰყვება. მას შემდეგ, რაც პარალიზი განვითარდება, პაციენტებს შეიძლება შარდვის ან ნაწლავური მოქმედების პრობლემები ჩამოუყალიბდეთ, რაც შარდის ან განავლის შეუკავებლობას იწვევს. საბოლოო ჯამში სწრაფად ვითარდება კომა და სიკვდილი.
პარალიზით მიმდინარე ფორმის დროს, ცნობიერების ადრეული ცვლილებები არ აღინიშნება. აღმავალი სისუსტე სწრაფად პროგრესირდება, რის შედეგადაც ვითარდება დუნე დამბლა, კომა და სიკვდილი.
არსებობს მოსაზრება, რომ ცოფის უფრო მსუბუქი ფორმებიც არსებობს.[2][3][4]
ფიზიკური გამოკვლევა
ცხელება ცოფის ძირითადი სიმპტომია, ამიტომ აღნიშნული დიაგნოზი ნაკლებად სავარაუდოა, თუ პაციენტს სულ მცირე ხანგამოშვებითი ცხელება მაინც არ აღენიშნება. ჰიდროფობია და აეროფობია ყველაზე სპეციფიკური სიმპტომებია. მძიმე ლარინგეული ან დიაფრაგმული სპაზმი და შედეგად მოხრჩობის შეგრძნება შეიძლება განვითარდეს.
ცოფის ენდემურ ქვეყნებში, ჰიდროფობიის გამოვლენის მიზნით წყლის შეთავაზება, ან სახეში ჰაერის დაბერვა აეროფობიის გამოსავლენად, ხშირად გამოყენებადი მანევრებია. პაციენტს შეიძლება აგრეთვე აუტონომური ნერვული სისტემის არასტაბილურობის ნიშნები აღენიშნებოდეს, როგორებიცაა ჰიპერტენზია, ჭარბი სალივაცია, ტაქიკარდია, პრიაპიზმი და ჰიპერთერმია. დამბლა დაავადების მიმდინარეობის მოგვიანებით ეტაპზე ვითარდება. დაბუჟება და სისუსტე ტიპურად სხეულის იმავე მხარეს ვითარდება, სადაც ნაკბენია. ფრთხილი ნევროლოგიური გამოკვლევა გამორიცხავს კონვერსიის სინდრომთან ასოცირებული პარეზის ალბათობას.[39][40]
ცოფის დიაგნოსტირებისთვის საჭირო გამოკვლევები
დიაგნოზის დადგენა ეფუძნება ვირუსული ანტიგენის გამოვლენას, ვირუსული ანტისხეულის აღმოჩენას, ვირუსული რნმ-ის აღმოჩენას ან ვირუსის იზოლაციას.[41] დიაგნოზის დადასტურება, როგორც წესი, კანის ბიოფსიას, თზტ სითხის, ნერწყვისა და შრატის ერთდროულ ანალიზს საჭიროებს. ვირუსის დეტექცია დაავადების მიმდინარეობის ადრეული სტადიის განმავლობაში უფრო შესაძლებელია.
ნეწყვის გამოკვლევა პჯრ-ის საშუალებით ხდება, ცოფის ვირუსის რნმ-ის აღმოსაჩენად. პაციენტთა უმრავლესობას განმეორებითი ტესტირებისას ისევ დადებითი შედეგები აღენიშნება, რადგან პჯრ ძალიან სენსიტიური კველვაა. ცოფის ვირუსის იზოლირების მიზნით ვირუსული კულტურის კვლევა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ტესტები არაინფორმატიულია. მხოლოდ ნერწყვის გამოკვლევისას მიღებული უარყოფითი შედეგი ვერ გამორიცხავს ცოფის დიაგნოზს. დადებითი შედეგები პაციენტის ინფექციურობაზე მიუთითებს, ამიტომ აუცილებელია მათი იზოლირება და მომსახურე პერსონალში ინფექციის გავრეცელების პრევენციის მიზნით სპეციალური ღონისძიებების გატარება.
კისერზე, თმის საზღვრიდან 5-6 მმ-ის ნიმუში აიღება ბიოფსიის გასაკეთებლად. ცოფის ვირუსის დეტექცია ცოფის საწინააღმდეგო პირდაპირი ფლუორესცენტული ანტისხეულების ან პჯრ-ის საშუალებით არის შესაძლებელი. პჯრ კვლევა ძალიან სენსიტიურია.
მიმდინარეობს თზტ სითხის მიკროსკოპული და ბიოქიმიური მარკერების ინდენტიფიცირებისთვის გამოკვლევა, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე შემოწმება. პირველი კვირის განმავლობაში ლიმფოციტოზი გვხვდება პაციენტთა 60%-ში, მეორე კვირის განმავლობაში კი 85%-ში. თზტ სითხეში ცილების რაოდენობა შეიძლება ოდნავ მომატებული იყოს (>0.5 გ/დლ [50 მგ/დლ]), გლუკოზა კი ნორმის ფარგლებში ან ოდნავ შემცირებული. თზტ სითხეში ქინოლინური მჟავის რაოდენობა თავიდანვე მაღალია, ლაქტატი კი დროთა განმავლობაში იმატებს. ცოფის იდენტიფიცირება თზტ სითხეში მისი გამანეიტრალებელი ანტისხეულების დეტექციის საშუალებით შეიძლება.
შრატი და თზტ სითხე ყოველთვის მოწმდება გამანეიტრალებელი ანტისხელების არსებობაზე, თუმცა დაავადების გამოვლენისას იშვიათად არის დიაგნოსტიკური. დაავადების მიმდინარეობის ადრეულ სტადიაზე ანტისხეულების დეტექცია შეიძლება ვერ მოხერხდეს, თუმცა განმეორებითი ანალიზისას ანტისხეულების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა ჰოსპიტალიზაციის მე-14 დღისთვის. შრატის ანალიზის დადებითი შედეგები ინფექციის მაჩვენებელი მხოლოდ არაიმუნიზირებულ პაციენტებშია; თზტ სითხის ანალიზის დადებითი შედეგები კი ყველა შემთხვევაში დიაგნოსტიკურია.
უარყოფითი შედეგი მხოლოდ ერთი, ნებისმიერი სახის ნიმუშის გამოკვლევისას ვერ გამორიცხავს ცოფის დიაგნოზს. კანის ბიოფსიის, ნერწყვის, თზტ სითხისა და შრატის (არაიმუნიზირებულ პაციენტებში) ანალიზის შედეგები, ყველა უარყოფითი უნდა იყოს ცოფის დიაგნოზის გამოსარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ შედეგები უარყოფითია, მაგრამ კლინიკური სურათის მიხედვით ცოფი მაინც საეჭვოა, ანალიზები ხელმეორედ უნდა ჩატარდეს.[38][39][42]
გამოკვლევები სხვა ეტიოლოგიის გამოსარიცხად
ენცეფალიტის სხვა ეტიოლოგიის გამოსარიცხად უნდა ჩატარდეს თავზურგტვინის სითხის ანალიზი. თავზურგტვინის სითხე იგზავნება მარტივი ჰერპესის ვირუსზე (პჯრ-ის საშუალებით), ენტეროვირუსსა (პჯრ-ის საშუალებით) და დასავლეთ ნილოსის ვირუსზე (ანტისხეულების დეტექციის მეშვეობით) შესამოწმებლად. ასევე უნდა განიხილებოდეს სეროლოგიური ტესტები არბოვირუსებზე, Bartonella-სა და რიკეტსიულ ინფექციაზე. აუცილებელია თავზურგტვინის სითხის ანალიზი N-მეთილ-D-ასპარტატ (NMDA) გლუტამატის რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეულების დასადგენად, რათა გამოირიცხოს ცოფის მსგავსი მიმდინარეობის მქონე დაავადება.[43]
თავის ტვინის MRI შეიძლება გაკეთდეს ნევროლოგიური სიმპტომების სხვა შესაძლო ეტიოლოგიის გამოსარიცხად, თუმცა ცოფის ინფექციის პირველი კვირის განმავლობაში, როგორც წესი, ნორმალურია.[42]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას