შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
აშშ-ში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში 11 წლის ბიჭი ცხელების, ყელის ტკივილისა და ღებინების ჩივილებით მოვიდა. ცხოველებთან ექსპოზიციის ერთადერთ წყაროს შინაური ცხოველები წარმოადგენენ. საზღვარგარეთ მოგაზაურობის ანამნეზი არ აღენიშნება, თუმცა 2 თვის წინ ალაბამაში იმყოფებოდა საზაფხულო ბანაკში. პაციენტს არასდროს გაუკეთებია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ლაბორატორულ ტესტებსა და გულმკერდის რენტგენზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება, შესაბამისად, პაციენტი გაიწერა სახლზე. პაციენტი იმავე დღეს დაბრუნდა საავადმყოფოში უძილობის, მოშარდვის უეცარი მოთხოვნილების, თავის ქალისა და მარჯვენა ხელის პარესთეზიების, დისფაგიის, დისორიენტაციის და ატაქსიის დამატებითი სიმპტომებით. მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა, განუვითარდა მეტყველების პრობლემები, ჰალუცინაციები და აგზნება, რის შედეგადაც საჭირი გახდა პაციენტის სედაცია. დასავლეთ ნილოსის ვირუსზე, HSV და ენტეროვირუსზე ტესტები უარყოფითი აღმოჩნდა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტს განუვითრადა კომა და აუტონომიური სისტემის დარღვევები. მე14 დღეს პაციენტი დაიღუპა.
შემთხვევის ანამნეზი #2
52 წლის მამაკაცს, რომელიც ახლახანდს დაბრუნდა ინდოეთიდან, აღენიშნება მოუსვენრობისა და მუცლის წყვეტილი ტკივილის 3 დღიანი ანამნეზი. ფიზიკური გამოკვლევისას მხოლოდ ოფლიანობა და ოდნავი დისტრესი არის გამოხატული. საჭირო გახდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, ნაწლავის ობსტრუქციის გამორიცხვის მიზნით. მომდევნო 12 საათის განმავლობაში, პაციენტს განუვითარდა გულის არითმია, ცხელება და მომატებული ოფლიანობა. მას აღარ შეეძლო სითხეების მიღება. მომდევნო დღეს დაუბუჟდა ფეხები და აღენიშებოდა უცნაური ქცევები. მოგვიანებით განუვითარდა ჰალუცინაციები, აგრესიული ქცევა, ჭარბი ნერწყვდენა და გაუჩერდა გული. მოხერხდა პაციენტის რეანიმაცია და მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მას აღენიშნება ტაქიკარდია, კუნთების რიგიდობა და სხეულის ტრემორი. თავის ტვინის მრტ-ზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. დეტალური ანამნეზის შეკრებისას გამოვლინდა, რომ პაციენტს 3 თვის წინ ინდოეთში ყოფნისას ლეკვმა უკბინა მარჯვენა ხელსა და ფეხზე, თუმცა ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაცია არ გაუკეთებია. ამ ეტაპისთვის, საეჭვოა ცოფი. პაციენტს განუვითრადა კომატოზური მდგომარეობა და 2 დღის შემდეგ დაიღუპა, გულის გაჩერების მეორე ეპიზოდის შედეგად.
სხვა გამოვლინებები
ცოფთან შესაძლო ექსპოზიციის ცნობილი ანამნეზის გარეშე ძალიან ძნელია მისი დროული დიაგნოსტირება. კლინიკურად განარჩევენ ცოფის 2 ფორმას: ენცეფალიტით და პარალიზით მიმდინარეს. ორივე ხასიათდება არასპეციფიკური ცხელებით, შემცივნებით, დაღლილობით, ყელის ტკივილით, ღებინებით, თავის ტკივილითა და პარესთეზიებით მიმდინარე პროდრომული ფაზით. ხშირად ცხოველის ნაკბენის ადგილას გამოხატულია ტკივილი ან პარესთეზიები. ენცეფალიტით მიმდინარე ფორმის დროს, პროდრომულ ფაზას მოჰყვება ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები, აგზნება, ჰიპერაქტიურობა, ტრემორი, ჭარბი ნერწყვდენა, მიდრიაზი (გუგების გაფართოება), დისფაგია, ჰიდროფობია და აეროფობია. მოგვიანებით ვითარდება პარალიზი, კომა და საბოლოოდ სიკვდილი. პარალიზით მიმდინარე ფორმის დროს, ცნობიერების ადრეული ცვლილებები არ აღინიშნება. აღმავალი სისუსტე ინფექციის მოგვიანებით სტადიაზე ვითარდება და სწრაფად პროგრესირებს დუნე დამბლამდე, კომამდე და საბოლოოდ სიკვდილამდე. არსებობს მოსაზრება, რომ ცოფის უფრო იოლი ფორმებიც არსებობს.[2][3][4] ხელმისაწვდომი სიკვდილამდე დიაგნოსტიკური კვლევების საშუალებით შესაძლებელია ნაკლებად რთული, შექცევადი და სპონტანურად განკურნებადი ფორმების იდენტიფიცირება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას