პირველადი პრევენცია
პირველადი პრევენცია ეფუძნება ჯილეხის სპორებთან ექსპოზიციის შეზღუდვას. მოსალოდნელი პროფესიული ექსპოზიციის შემთხვევაში რეკომენდებულია შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ბიოუსაფრთხოების ზომების მიღება. ასეთი პრევენციული ღონისძიებები მოიცავს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლის გამოყენებას, (რომელიც დაფარავს შეხებაში მყოფ კანს), თვალების დაცვას და ნიღბის/რესპირატორის ტარებას. სამუშაო ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს ადგილზე. აუცილებელია ხელების ჰიგიენის დაცვა და თითების თვალებთან, ცხვირთან და პირთან მიტანის თავიდან არიდება. ვინაიდან ინჰალაციური ჯილეხი ცხოველთა ტყავისა და მატყლის მასიურ დამუშავებას უკავშირდება, ასეთ ობიექტებში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მაქსიმალური ვენტილაციის მიღწევას. თავიდან უნდა იყოს აცილებული ცხოველთა ქსოვილების ძლიერად გატყავება ან ტყავის დამუშავება.
დაფიქსირებულია ადამიანიდან ადამიანზე ჯილეხის გადაცემა ძირითადად დაზიანებულ კანთან ან გამონადენის მქონე კანის დაზიანებებთან კონტაქტით. საჭიროა მსგავსი დაზიანებების მქონე პაციენტებთან კონტაქტის თავიდან არიდება. ჯილეხის სხვა გამოვლინებებს გადადების რისკი არ აქვს და რეკომენდებულია სტანდარტული უსაფრთხოების ზომების მიღება.[41]
ჯილეხის ადსორბირებული ვაქცინა (Anthrax Vaccine Absorbed, AVA) არაინფექციური ვაქცინაა, რომელიც შეიქმნა Bacillus anthracis ავირულენტური უკაფსულო შტამისგან. ის რეკომენდებულია ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკისთვის. მისი ადმინისტრირება ხდება საწყის სერიებად 0, 1 და 6 თვეებზე, ხოლო ბუსტერ დოზა ეძლევა 12 და 18 თვეზე, შემდგომ - ყოველწლიურად. ადამიანებს შეუძლიათ დასაქმდნენ ექსპოზიციის მაღალი რისკის ადგილებში მას შემდეგ, რაც ჩაიტარებენ აცრის საწყის სერიებს, გამოიყენებენ შესაბამის პირადი დაცვის საშუალებებს და ასევე დაიცავენ ბიოუსაფრთხოების ზომებს. ბუსტერ დოზა რეკომენდებულია ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმ პირებში, რომელთაც აღარ აღენიშნებათ B anthracis-თან ექსპოზიციის მაღალი რისკი, ჩატარებული აქვთ ვაქცინაციის საწყისი და ბუსტერ სერიები და სურთ, შეინარჩუნონ იმუნური დაცვა (მაგ., საგანგებო სიტუაციებზე მორეაგირენი, რომლებიც მომავალში შეიძლება აღმოჩნდნენ მაღალი რისკის ქვეშ).[42]
ჯილეხის ვაქცინა გამოიყენება მხოლოდ 18-65 წლის ასაკის მოზრდილთა იმ ჩამოთვლილ ჯგუფებში, რომელთაც აქვთ B anthracis-თან ექსპოზიციის რისკი:
თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ ჯილეხთან ლაბორატორიულ პირობებში
ადამიანები, რომელთაც ხელით შეხება უწევთ პოტენციურად ინფიცირებულ ცხოველებთან ან ცხოველურ პროდუქტებთან (მაგ., ფერმერები, ვეტერინარები, მეცხოველეობის ინდუსტრიაში მომუშავე პირები)
მოქმედი მორიგე სამხედრო პერსონალი, რომელიც განლაგებულია ექსპოზიციის მაღალი რისკის ტერიტორიაზე.
ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის: ორსულებში, ვაქცინის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მძიმე ალერგიის მქონე პირებში ან ინდივიდებში, ჯილეხის ვაქცინის ადრე მიღებულ დოზაზე მძიმე ალერგიის ანამნეზით.[43] მნიშვნელოვანია, ექიმებს გაცნობიერებული ჰქონდეთ ნებისმიერი მძიმე, მათ შორის ლატექსზე ალერგიის არსებობაც.
ჯილეხის ადსორბირებული ვაქცინა (AVA) მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი. სხვა ქვეყნებში შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ჯილეხის სხვა ტიპის ვაქცინები, თუმცა ფორმულაცია და დოზირების რეჟიმი შესაძლოა განსხვავებოდეს. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში რეკომენდებულია 4-დოზიანი ინტრამუსკულარული რეჟიმი.[44] მხედველობაში უნდა მივიღოთ ადგილობრივი გაიდლაინი.
მეორეული პრევენცია
ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა (PEP) რეკომენდებულია ინფექციის პრევენციისთვის Bacillus anthracis აეროზოლიზებულ სპორებთან ცნობილი ან საეჭვო ექსპოზიციის შემდეგ (მაგ., ბიოტერორისტული შეტევა). ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის ემპირიული რეჟიმი მოიცავს ანტიმიკრობული მედიკამენტით მონოთერაპიას, B anthracis საწინააღმდეგო აქტივობით (ან ჯილეხის ანტიტოქსინს, როგორც ალტერნატივას ანტიმიკრობულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის არარსებობისას) პლუს ჯილეხის ვაქცინას, ჩვენების შემთხვევაში. რეკომენდებული რეჟიმები ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) გზამკვლევს.[1]
ანტიმიკრობული მედიკამენტები
რეკომენდებულია ანტიმიკრობული მედიკამენტით მონოთერაპია პირველი რიგის ანტიმიკრობულ მედიკამენტებს, რომლებიც რეკომენდებულია მოზრდილებისთვის, ორსულების/მეძუძური ქალებისა და ბავშვებისთვის 1 თვიდან 18 წლამდე ასაკში, მიეკუთვნება:
დოქსიციკლინი
ციპროფლოქსაცინი
ლევოფლოქსაცინი
ამოქსიცილინ/კლავულანატი და კლინდამიცინი დამატებითი პირველი რიგის მკურნალობის ვარიანტია ბავშვებში.
ახალშობილებში ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის რეჟიმები (PEP) ხელმისაწვდომია CDC-დან, თუმცა ეს სცილდება ამ თემის ფარგლებს.
B anthracis პენიცილინისადმი მგრძნობიარე შტამის შემთხვევაში, შესაძლებელია ამოქსიცილინის ან ფენოქსიმეთილპენიცილინის გამოყენება.
ბავშვებში, თუ შტამი მგრძნობიარეა პენიცილისნისადმი, მკურნალობის უპირატესი ვარიანტია პენიცილინის ჯგუფის მედიკამენტი. თუმცა ჯილეხის შტამის პენიცილინისადმი რეზისტენტობის დროს ფთორქინოლონებისა და ტეტრაციკლინების სარგებელი დაავადების მკურნალობისთვის ბავშვებში ბევრად აჭარბებს მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს.
თუ პირველი რიგის პრეპარატები უკუნაჩვენებია, ტოლერანტობა არ არის კარგი, ან არ არის ხელმისაწვდომი, რეკომენდებულია ბევრი ალტერნატიული ანტიმიკრობული მედიკამენტი.
მკურნალობის სათანადო ვარიანტების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებს.
ანტიმიკრობული პრეპარატების და ჯილეხის მკურნალობისთვის გამოყენებული მედიკამენტების დოზები შეიძლება განსხვავდებოდეს. ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის დოზირების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის თქვენ უნდა გაეცნოთ მედიკამენტის თაობაზე არსებული ადგილობრივი ინფორმაციის წყაროს ან გაიდლაინებს.
თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მახასიათებლებზე და ექსპოზიციის ტიპზე.
18 წლის და მასზე უფროსი ასაკის ჯანმრთელ არაორსულ მოზრდილებში, ანტიმიკრობული პრეპარატების მიღება შეიძლება შეწყდეს ჯილეხის ვაქცინის პირველი დოზიდან 42 დღის შემდეგ ან ბოლო დოზიდან 2 კვირის შემდეგ (რომელიც უფრო გვიან დგება). თუ ვაქცინაცია არ არის ნაჩვენები, ანტიმიკრობული მედიკამენტები რეკომენდებულია აეროზოლური ექსპოზიციიდან 60 დღის განმავლობაში. 60 დღიანი კურსი ასევე რეკომენდებულია 66 წლის და მასზე უფროსი ასაკის მოზრდილებსა და იმუნოკომპრომისული მდგომარეობის მქონე პაციენტებში, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად.
ორსულებში/მეძუძურ დედებსა და ბავშვებში ანტიმიკრობული პრეპარატები რეკომენდებულია აეროზოლური ექსპოზიციიდან 60 დღის განმავლობაში, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად.
ყველა პაციენტში, არააეროზოლური ექსპოზიციით (მაგ., კანის ან გასტროინტესტინური გზით მიღებისას), ანტიმიკრობული პრეპარატები რეკომენდებულია 7 დღის განმავლობაში და არ არის საჭირო ვაქცინაცია.
ანტიმიკრობული პრეპარატები უპირატესია ჯილეხის ანტიტოქსინებზე (იხ. ქვემოთ), რადგან ისინი უფრო ეფექტურია და ადვილია მათი ადმინისტრირება.
ჯილეხის ანტიტოქსინი
ანტიმიკრობულ პრეპარატებზე ხელსმისაწვდომობის არარასებობისას რეკომენდებულია ჯილეხის ანტიტოქსინით (რაქსიბაკუმაბით ან ობილტოქსაქსიმაბით) მონოთერაპია.
რაქსიბაკუმაბი და ობილტოქსაქსიმაბი რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის, ასაკისა და ორსულობის სტატუსის მიუხედავად. რაქსიბაკუმაბი უპირატესია, როცა ნაჩვენებია ჯილეხის ვაქცინასთან ერთად ადმინისტრირება. ჯილეხის იმუნოგლობულინი არ არის რეკომენდებული ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის.
ადამიანებთან ჩატარებული კვლევების მონაცემები მწირია, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ეფექტურობა აჩვენა რაქსიბაკუმაბმა და ობილტოქსაქიმაბმა.[65][66] ერთმა სისტემური მიმოხილვამ აჩვენა, რომ აღნიშნული აგენტებით ადიუვანტური თერაპია, ჯილეხის ანტიტოქსინთან ერთან, შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს გადარჩენადობის კუთხით, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისთანაც ეფექტური არ არის მხოლოდ ანტიმიკრობული თერაპია.[67]
აღნიშნული მედიკამენტების მარაგი ინახება სტრატეგიულ ეროვნულ რეზერვში, საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებლად.
ჯილეხის ვაქცინები
იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი (ACIP) რეკომენდაციას უწევს 18-65 წლის ასაკის მოზრდილებში ჯილეხის ადსორბირებული ვაქცინის (AVA) სამი დოზის გაკეთებას კანქვეშ, ექსპოზიციიდან 0, 2 და 4 კვირის თავზე, ანტიმიკრობული მედიკამენტების კურსთან ერთად. თუმცა ფართომასშტაბიანი საგანგებო ვითარების დროს, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის ვაქცინის ინტრამუსკულარულად ადმინისტრირება შეიძლება განიხილებოდეს იმ შემთხვევაში, თუ კანქვეშა ინექცია დაკავშირებულია მნიშვნელოვან მატერიალურ, სამედიცინო პერსონალის რისკთან ან კლინიკურ პრობლემებთან, რომელთა გამოც ვაქცინაცია შეიძლება გადაიდოს ან არ ჩატარდეს. თუ ჯილეხის ვაქცინის ხელმისაწვდომი რაოდენობა არასაკმარისია ყველა ინფიცირებული პირის ასაცრელად, შეიძლება გამოიყენოთ დოზის დამზოგველი PEP რეჟიმები, ბევრი ინდივიდის ვაქცინაციით მოცვისთვის.[42]გაერთიანებული სამეფოს ვაქცინირებული სამხედრო პერსონალის 3-დან 6 წლამდე შემდგომი მეთვალყურეობა არ მიანიშნებს ვაქცინასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების გახანგრძლივებაზე.[72]
აშშ-ში ასევე დამტკიცებულია მეორე, ჯილეხის ადსორბირებული (ადიუვანტური) ვაქცინა ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის 18-65 წლის ასაკის მოზრდილებისთვის, B anthracis-თან საეჭვო ან დადასტურებული ექსპოზიციის შემდეგ, ანტიმიკრობული მედიკამენტების კურსთან ერთად. ის შედგება ჯილეხის ადსორბირებული ვაქცინისგან (AVA) პლუს ახალი დამხმარე საშუალება (CpG 7909), რომელიც უკავშირდება Toll-ის მსგავს რეცეპტორ 9-ს, რათა გააძლიეროს იმუნური პასუხი დამცავ ანტიგენზე. AVA ვაქცინასთან შედარებით მას აქვს უპირატესობა შემცირებულ დოზირებასთან დაკავშირებით (ანუ 2 დოზა ინტრამუსკულარულად, 2 კვირიანი ინტერვალით). ვაქცინის დამტკიცება ეფუძნებოდა მე-2 და მე-3 ფაზის კვლევებს.[73][74]თუმცა ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის ეფექტურობა დაფუძნებულია მხოლოდ ინჰალაციური ჯილეხის ცხოველთა მოდელებზე ჩატარებულ კვლევებზე.
მისი გამოყენება ხანდაზმულ 65 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში, ორსულობის/ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, უნდა ეფუძნებოდეს ჯილეხის მოვლენის დროს არსებულ ხელმისაწვდომ მონაცემებს და შესაბამის მარეგულირებელ მექანიზმებს.
დამატებითი ახალი ვაქცინები, მათ შორის, ჯილეხისა და ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ორვალენტიანი ვაქცინა, შემუშავების ადრეულ ფაზაშია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.[75]
ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის (PEP) შესაბამისი რეჟიმებისა და დოზირების თაობაზე გაეცანით თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას