ეპიდემიოლოგია

Bacillus anthracis ნიადაგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვხვდება. ჯილეხი კვლავ გვხვდება ამერიკის, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ აზიის და სუბსაჰარული აფრიკის სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში. აშშ-ში გარეული და შინაური პირუტყვის ჯილეხი ჯერ კიდევ სპორადიულად გვხვდება ტეხასის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონიდან კოლორადომდე, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტასა და მონტანამდე. თუმცა აშშ-ში ის თითქმის აღმოიფხვრა შინაური ცხოველების ვაქცინაციით. 2006 წლიდან აშშ-ში დაფიქსირებულია მხოლოდ ცხრა დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევა.[1] ზამბიაში გრძელდება ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება.[9]

ინფექცია ჩვეულებრივ გვხვდება მცოხნავ რქოსან პირუტყვში, რომელიც ეხება ან ყლაპავს სპორებს. ადამიანებს ჯილეხი შეიძლება გადაედოთ ინფიცირებულ ცხოველებთან (მაგ., ცხვრებთან, საქონელთან, თხებთან, სხვა ბალახისმჭამელ ცხოველებთან) ან მათ პროდუქტებთან (მაგ., ხორცთან, ტყავის ნედლეულთან, მატყლთან და ეშვებთან) კონტაქტის დროს. ისტორიულად, ინჰალაციური ჯილეხი, ან "მატყლის დამხარისხებელთა" დაავადება კავშირშია ტყავის ნედლეულისა და მატყლის მასიურ დამუშავებასთან, რაც სპორების აეროზოლის მდგომარეობაში გადასვლას იწვევს. რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაკავშირებული იყო B anthracis სპორებით დაბინძურებული ცხოველების ტყავის დამზადებასა და გამოყენებასთან.[10][11][12]

1979-1985 წლებში ზიმბაბვეში ჯილეხის უდიდესი, ცნობილი ეპიდაფეთქების დროს კანის ფორმის 10,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.[13] 1979 წელს სვერდლოვსკში (რუსეთში) სამხედრო-კვლევითი დაწესებულებიდან  ჯილეხის სპორების შემთხვევითი გაჯონვა 66 ადამიანის სიკვდილით დასრულდა.[7] 2019 წელს ტეხასში ცხოველებში დიდმა ეპიდაფეთქებამ შეშფოთება გამოიწვია ადამიანებში გავრცელების გაზრდილი რისკის შესახებ, დაფიქსირდა კანის ჯილეხის განვითარების ერთი შემთხვევაც.[14]

1900-2000 წლებში აშშ-ში ინჰალაციური ჯილეხის მხოლოდ 18 შემთხვევა აღირიცხა.[15] ჯილეხის, როგორც ბიოლოგიური იარაღის პოტენციალი 2001 წელს აშშ-ის საფოსტო გზავნილის განზრახ ინფიცირების შემდეგ გამოიკვეთა; ჯამში იდენტიფიცირდა ინჰალაციური ჯილეხის 11 და კანის ჯილეხის 11 შემთხვევა, რომელთაგან 5 ფატალური აღმოჩნდა.[16][17] მას შემდეგ აშშ-ში 2006-2011 წლებში ინჰალაციური ჯილეხის მხოლოდ 2 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იზოლირებული ალიმენტური ჯილეხი იშვიათია. აშშ-ში უკანასკნელი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა. მონაცემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯილეხზე ხშირად განზოგადებულია 1960-1974 წლებში ბეკას ხეობაში (ლიბანი) ადამიანებში დაფიქსირებული 100 შემთხვევიდან.[18]

ჯილეხი შეიძლება შეგვხვდეს ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში. ჯილეხის ეპიდაფეთქება აღინიშნა შოტლანდიაში, ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის, რომელთაგან რამდენიმე ლეტალური შედეგით დასრულდა.[19] ინფექციის განვითარება გამოწვეული იყო დაბინძურებული ჰეროინის ინექციით, გადაყლაპვით ან ინჰალაციით (შეყნოსვით). მსგავსი, უფრო მცირე მასშტაბის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა ინგლისში, გერმანიასა და ნორვეგიაში.[20] ერთეული მტკიცებულებების მიხედვით, დაავადება ასევე პერიოდულად გვხვდებოდა ახლო აღმოსავლეთში, 70-იან წლებში. 2010 წელს გაერთიანებულ სამეფოში კანის და კანქვეშა ჯილეხის ინფექციებით დაავადდა ინტრავენური ნარკოტიკების 47 მომხმარებელი; ეპიდაფეთქების შედეგად დაფიქსირდა სიკვდილობის 13 შემთხვევა.[21] აშშ-ში ინექციური ჯილეხის შემთხვევა ჯერ არ აღრიცხულა.

CDC: history of anthrax Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას