ეპიდემიოლოგია

კოქციდიოიდომიკოზის ეტიოლოგიური აგენტები, Coccidioides immitis და C posadasii, ბინადრობს ეკოლოგიურ ნიშებში, რომლებიც არსებობს მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროში (დაბალი ნალექიანობის ადგილებში), პირველ რიგში აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ უდაბნოებსა (კალიფორნია, არიზონა, ნიუ მეხიკო და დასავლეთ ტეხასი) და მექსიკის ჩრდილოეთ უდაბნოებში.[3][4]ისინი ასევე ენდემურია იუტას, ნევადას და ვაშინგტონის (აღმოსავლეთ ნაწილში) შტატებში, ისევე როგორც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. კოქციდიოიდომიკოზი ინფექციაა, რომელიც ძირითადად ვლინდება ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებში; ენდემური ტერიტორიების ფარგლებს გარეთ შემთხვევები შესაძლებელია დაფიქსირდეს მოგზაურ პირებში, რომლებიც ბრუნდებიან არაენდემურ რეგიონებში. აშშ-ში ყოველწლიურად ვლინდება კოქციდიოიდომიკოზის დაახლოებით 150 000 შემთხვევა, თუმცა მათგან ბევრი არასწორად დიაგნოსტირდება და არ აღირიცხება.[5] 2019 წელს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში (CDC) აღირიცხა დაახლოებით 20 000 შემთხვევა, რომელთაგან უმეტესობა არიზონაში ან კალიფორნიაში მცხოვრებ ადამიანებში დაფიქსირდა.[6] 2007-2016 წლების მონაცემების რეტროსპექტული ანალიზით გამოვლინდა, რომ კოქციდიოიდომიკოზის დიაგნოსტირებული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი აღინიშნებოდა ისტორიული გეოგრაფიული განაწილების მიღმა და აშშ-ის შტატების 69% აჭარბებდა კოქციდიოიდომიკოზის კლინიკურად რელევანტურ ზღვარს მინიმუმ ერთ მუნიციპალიტეტში.[7]აშშ-ში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იცვლება, თუმცა ყოველწლიურად იზრდება.[4] ეს ვარიაციები სრულად შესწავლილი არ არის, თუმცა სავარაუდო მიზეზებია:  Coccidioides-თან ექსპოზირებულ პირთა რაოდენობა (მოგზაურობის ან გადაადგილების გამო); სოკოს ზრდასა და ცირკულაციაზე მოქმედი გარემო ფაქტორები (მაგ., ტემპერატურა და წვიმა); შემთხვევების გამოვლენისა და შეტყობინების სისტემა.[6]

კოქციდიოიდომიკოზი ვითარდება აეროგენული სოკოვანი ართროკონიდიების (სპორების) შესუნთქვის შედეგად; აქედან გამომდინარე, ისეთი პროფესიული (მაგალითად, მშენებლობა, თხრა) ან რეკრეაციული (მაგალითად, მებაღეობა) საქმიანობები, რომლებიც ზრდის მტვრის შესუნთქვის ალბათობას, ასევე ზრდის დაინფიცირების შესაძლებლობას. ეპიდაფეთქებები დაკავშირებულია ისეთ საქმიანობებთან, როგორებიცაა არქეოლოგიური გათხრები, მშენებლობა და სამხედრო წვრთნა.[8]ასევე დაფიქსირებულია ტყის ხანძრებთან მებრძოლ ადამიანებში.[9]კლიმატთან დაკავშირებული ცვლადები, როგორებიცაა ნალექი, გვალვა, ტემპერატურა, ქარის სიჩქარე და მტვერი, ასევე გავლენას ახდენს ჰაერში სპორების რაოდენობაზე.[3]

მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პროფესიული ან რეკრეაციული საქმიანობისას მტვერთან ექსპოზიციის უფრო მაღალ ალბათობასთან.[10] რასა არის ძლიერი რისკ-ფაქტორი მძიმე და დისემინირებული ინფექციის განვითარებისთვის, და არა დაინფიცირებისთვის.[3] აფრო-ამერიკელებს და ფილიპინელებს აქვთ დისემინაციის ყველაზე მაღალი რისკი, დაახლოებით 10-175-ჯერ მეტი სხვა რასებთან შედარებით.[3][11]მტკიცებულებები მწირია იმის თაობაზე, არსებობს თუ არა დისემინაციის უფრო მაღალი რისკი აზიელებში, ლათინოამერიკელებსა და ინდიელებში. სავარაუდოა, რომ რასობრივი კუთვნილება არ წარმოადგენს წინასწარგანწყობის რისკს, არამედ ასოცირებულ გენეტიკურ წყობას, რომელიც განსაზღვრავს იმუნურ პასუხს. იმუნოსუპრესიის მქონე ადამიანები, როგორებიცაა ორგანოს რეციპიენტები, აივ-ის მქონე პირები ან ორსულები, ასევე არიან დისემინირებული დაავადების მომატებული რისკის ქვეშ.[3][8]​​​​[11][12][13]​​​​ ≥65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, დიაბეტით დაავადებულებს, მწეველებსა და ინოკულუმების მაღალი ექსპოზიციის მქონე პირებს აღენიშნებათ ფილტვების მძიმე გართულებების მომატებული რისკი.[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას