ეტიოლოგია
კოკციდიოიდომიკოზს იწვევს თითქმის ორი ერთნაირი სახეობა Coccidioides immitis და C posadasii.[14] ადრე ამ ორ აგენტს ეწოდებოდა კალიფორნიული და არაკალიფორნიული, შესაბამისად.[15] ენდემური ტერიტორიების ტუტე ნიადაგებში სოკო იზრდება როგორც საპროფიტული ობი, რომლის ჰიფებიც ქმნიან ართროკონიდიებს (სპორებს). ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა ქარი ან მიწისძვრა, ან ნიადაგის დაზიანება მშენებლობის ან სხვადასხვა სახის საქმიანობით, იწვევს ჰიფების დაშლას და ართროსპორების დისპრესიას.[16][17]
შემთხვევათა უმეტესობა ვრცელდება რესპირატორული გზით. სოკო არის თერმულად დიმორფული; ამდენად, აეროგენული ართროკონიდია შესუნთქვისთანავე სახლდება ფილტვის ქსოვილში, სადაც განიცდის დიდ მორფოლოგიურ ცვლილებებს და გარდაიქმნება სფერულად. სფერულები განაგრძობენ შიდა დაყოფას, სანამ არ შეივსებიან ასობით ენდოსპორით. სფერულას გასკდომის შედეგად გათავისუფლებული თითოეული ენდოსპორისგან წარმოიქმნება ახალი სფერულები.[16]
პათოფიზიოლოგია
შესუნთქვის შემდეგ ართროსპორა სასუნთქი გზების გავლით აღმოჩნდება ფილტვში, სადაც იწყებს სფერულად გარდაქმნას. სფერულა იზრდება, იკეთებს ძგიდეებს და ქმნის ენდოსპორებს, რომლებიც შემდგომში გამოთავისუფლდებიან. სფერულების ზრდა და სკდომა ხელს უწყობს მწვავე ანთებით რეაქციას, რომელშიც მონაწილეობს ნეიტროფილები და ეოზინოფილები. მოგვიანებით, ინფექციის შემდგომი კონტროლის ფონზე, ვითარდება ქრონიკული ანთებითი რეაქცია, ფორმირდება გრანულომა. იგი შედგება ლიმფოციტების, ჰისტოციტებისა და მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედებისგან, რომლებიც გარს აკრავს გაუმსკდარ სფერულებს. ფილტვების მაკროფაგებმა, რომლებმაც შთანთქეს სფერულა მწვავე ინფექციის დროს, შესაძლებელია გადაინაცვლონ კარის ან რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში. ინკუბაციური პერიოდი 1-დან 7 დღემდეა. ადამიანების დაახლოებით 40%-ს უვითარდება სიმპტომური ინფექცია.
გულმკერდის ღრუს გარეთ გავრცელება აღინიშნება ადამიანების დაახლოებით 0,5%-ში; მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა სავარაუდოა ტრანზიტორული ფუნგემია.[2] მენინგიტი ექსტრათორაკალური კოქციდიოიდომიკოზის ყველაზე მძიმე ფორმაა. ასევე შესაძლებელია ძვლებში, სახსრებსა და კანში გავრცელება.[8] მასპინძლის უჯრედული იმუნიტეტის მექანიზმები ანელებს ინფექციის პროგრესირებას, თუმცა კოქციდიოიდომიკოზის კონტროლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია T-ლიმფოციტების ნორმალური ფუქნიონირება.[2]T-ლიმფოციტების ნორმალური ფუნქციის არმქონე ადამიანები, როგორებიცაა აივ ინფეციის შორსწასული ფორმის მქონე პირები, ორგანოს რეციპიენტები, ან იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე, მაგ. კორტიკოსტეროიდებზე, მყოფნი, მეტად მოწყვლადნი არიან მძიმე და დისემინირებული ფორმის ინფექციებისადმი.
ჰუმორული იმუნური სისტემა აქტიურად გამოიმუშავებს სხვადასხვა კოკციდიოიდური ანტიგენის ანტისხეულებს და ზოგიერთი ამ ანტისხეულის რეაგირება ქმნის სეროლოგიური დიაგნოსტიკის საფუძველს. თუმცა, არცერთ ჰუმორულ პასუხს არ აქვს დიდი როლი ინფექციის კონტროლში[2]
კლასიფიკაცია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას