მიდგომა
აივ-ის დიაგნოსტირება და პრევენცია არის ჯანდაცვის ყველა სპეციალისტის პასუხისმგებლობა. საჭიროა პროვაიდერების საკმარისი გადამზადება, რათა მათ შეძლონ დიაგნოზის დადგენა და დაავადების მართვა ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებით. იმისათვის, რათა დიაგნოზები არ გამოგვრჩეს, საკვანძოა ინფორმაციის ქონა პირველად აივ ინფექციასთან (აივ-ის შეძენის პირველი რამდენიმე დღიდან 6 თვის ჩათვლით პერიოდი) დაკავშირებით მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში. ინფექციის ადრეული გამოვლენა და დროული თერაპია აუმჯობესებს პაციენტის მკურნალობის დინამიკას და ხელს უწყობს ტრანსმისიის პრევენციას.
მაშინ, როდესაც დროული დიაგნოზი გადამწყვეტია ტრანსმისიის პრევენციისთვის,აფრიკის მიღმა ქვეყნებში, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთში, ჩატარებული კვლევების ერთი მეტაანალიზის მიხედვით, საერთო საშუალო დრო ინფექციიდან დიაგნოზამდე იყო დაახლოებით 3 წელი (უფრო მოკლე მამაკაცებისთვის, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი მამაკაცებთან და უფრო ხანგრძლივი ჰეტეროსექსუალებისთვის და ინტრავენური მომხმარებლებისათვის).[79]
დიაგნოზის დასმა
ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ აივ დადებითია ან მას, ვინც გადის რუტინულ აივ შემოწმებას უნდა ჩაუტარდეს ანალიზამდელი კონსულტაცია. ეს უნდა მოიცავდეს რეალური რისკფაქტორების დადგენას და პაციენტის შემდგომ კონსულტაციას როგორ უარყოფითი (რისკის შემცირების შესახებ), ასევე დადებითი პასუხის შემთხვევაში. იმ შემთხვევებში, სადაც აივ მოსალოდნელია გონივრული იქნება აივ ტესტის, როგორც გამომრიცხავი ვარიანტის, ჩატარება სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებთან ერთად. აივ-ის სადიაგნოსტიკოდ ყველაზე ხშირად გამოიყენება ანტისხეულების ტესტები, ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი ან სწრაფი ტესტი, თუმცა ბოლო დროს დაიწყო მათი ახალი თაობის აივ ანტისხეულ/ანტიგენზე დაფუძნებული ანალიზით ჩანაცვლება.[80] საწყისი, აივ ანტისხეულის ან კომბინირებული ანტისხეულ-ანტიგენის, ტესტის დადებითი (რეაქტიული) შედეგი დასტურდება თავდაპირველი ტესტისგან განსხვავებული, დამატებითი, მოლეკულური აივ ტესტის (ტიპიურად აივ რნმ ან ვირუსული დატვირთვა) დადებითი შედეგით.[81] მწვავე რეტროვირუსული სინდრომის სადიაგნოსტიკოდ უნდა გამოვიყენოთ რაოდენობრივი აივ რნმ-ის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია. ქვემოთ ასევე იხ. აივ ინფექცია.
საწყისი შეფასება
აივ ინფექციით დიაგნოსტირებული ადამიანის საწყისი შეფასება უნდა იყოს სრულყოფილი, უნდა მოიცავდეს ამომწურავ და მიზნობრივ სამედიცინო ანამნეზსა და გასინჯვის შედეგებს, ასევე შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებს, იმისთვის, რომ ინდივიდში განისაზღვროს აივ ინფექციის სტადია. საბაზისო ლაბორატირული კვლევების ჩატარება დამოკიდებულია ხელმისაწვდომრ ესურსებზე და გამოიყენება მართვის მიზნებისა და გეგმების დასადგენად.
სესიის დასასრულს, სამომავლოდ მართვის დაწვრილებითი გეგმა უნდა შემუშავდეს, მათ შორის გეგმა-პოტენციური კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპიის დასაწყებად და რისკის შესამცირებელი კონსულტაციისთვის.[3][71]
პაციენტი შეიძლება იყოს 4-იდან ერთ-ერთ სტადიაზე:
მწვავე სეროკონვერსიული ავადმყოფობის
კლინიკური ლატენტობის უსიმპტომო პერიოდში
იმუნური დისრეგულაციის უსიმპტომო და შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომის განვითარებამდე, მსუბუქი იმუნოდეფიციტის პერიოდში
მწვავე იმუნოდეფიციტის და შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომით
ანამნეზი.
ექიმმა უნდა შეკრიბოს აივ-თან ასოცირებული სიმპტომების ანამნეზი, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ სიმპტომებზე, რომლებიც დაეხმარება მას დაავადების სტადიის დადგენაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციების მიხედვით.[81][82] ეს სიმპტომებია: ცხელება და ღამის ოფლიანობა, წონის კლება, გამონაყარი, პირის ღრუს მიკოზი ან დაწყლულება, დიარეა, თავის ტკივილი, ფსიქიკური სტატუსისა და ნეიროფსიქიატრიული ფუნქციების ცვლილებები. მწვავე ან პირველად პირველად აივ ინფექციას შესაძლოა უკავშირდებოდეს ასევე სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება, ყელის ტკივილი, ოფლიანობა ღამით, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების ტკივილი, დიარეა და გამონაყარი.[9] უნდა გაირკვეს ბოლოდროინდელი ჰოსპიტალიზაციების ყველა დეტალი, რადგან შეიძლება აივ-თან იყოს დაკავშირებული. უნდა მოხდეს ტუბერკულოზისა და სქესობრივად გადამდები ინფექციების რისკის შეფასება (სიმპტომები ან კონტაქტი) და ვაქცინაციის ანამნეზის შეკრება (განსაკუთრებით A და B ჰეპატიტების, პნევმოკოკის და ტეტანუსის ვაქცინები). უნდა გაკეთდეს ჩანაწერი მიმდინარე მედიკამენტების და ცნობილი ალერგიის შესახებ. ყველა ქალის შემთხვევაში უნდა გაირკვეს მიმდინარე ან წინა ორსულობის სტატუსი და დაორსულდნენ თუ არა მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა აივ-ით ინფიცირების შესახებ. უნდა დადგინდეს მათი ბოლო პაპ-ტესტის თარიღი.
საჭიროა ყურადღების გამახვილება იმ რისკფაქტორებზე, რომლებიც უკავშირდება აივ-ს, როგორიცაა ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება და სქესობრივი ცხოვრების ანამნეზი, მათ შორის სქესობრივი ორიენტაცია და აივ-ის ტრანსმისიის დამატებითი რისკები, სქესობრივ პარტნიორთა რაოდენობა, აქვთ თუ არა პარტნიორებს ინფორმაცია საკუთარი აივ სტატუსის შესახებ, კონდომების გამოყენება და ანამნეზში ინფექცია (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი).[3]
უნდა მოხდეს სოციალური ფონისა და ცხოვრების სტილის შეფასება, მათ შორის: სახლის გარემოსი:[3]
საცხოვრებლის ტიპი, იქ მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა, წყლისა და ელექტროენერგიის მარაგი ბავშვების:
მათი ასაკი და აივ სტატუსი, თუ ცნობილია
აივ სტატუსის გამხელა: სქესობრივი პარტნიორის, ოჯახისა და/ან მეგობრებისთვის
მხარდამჭერი სტრუქტურები: ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გაუწიონ ემოციური დახმარება პაციენტებს
დასაქმება
მოწევის ანამნეზი
ფიზიკური დატვირთვა(ვარჯიში)
ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების მოხმარების ანამნეზი
თუ პაციენტი ახალ ექიმთან მიდის და მანამდე მკურნალობდა, ახალმა ექიმმა უნდა მოითხოვოს ჩატარებული მკურნალობის დეტალები, რეზისტენტობის ტესტირების შედეგები.
პარტნიორების შეტყობინებების სერვისები უნდა იყოს შემოთავაზებული რეგულარულად. მნიშვნელოვანია სქესობრივი პარტნიორისთვის(ებისთვის) სიმართლის თქმა, რადგან უნდა შეფასდეს მათი აივ ინფექციის განვითარების რისკი და ჩატარდეს ანალიზი. დიაგნოზის დამალვა შეიძლება მიუთითებდეს პროტესტზე, რაც შემდეგში შეიძლება ანტირეტროვირუსული თერაპიის წესების დაუცველობაში გამოიხატოს.[83]
კლინიკური გამოკვლევა
პაციენტის ჰაბიტუსით ექიმმა უნდა დაადგინოს მისი ზოგადი მდგომარეობა. გამოკვლევა პაციენტის სიმპტომებზე უნდა იყოს მორგებული. შეფასებისთვის სპეციფიკური ფაქტორებია:
წონისა და სიმაღლის გაზომვა
გენერალიზებული ლიმფადენოპათიის გამოვლენა, კვანძების ადგილმდებარეობის, ზომისა და მობილობის დადგენა
კანის დათვალიერება აივ-თან ასოცირებული გამონაყრის და ნაწიბურების (მათ შორის ჰერპეს-ზოსტერის), პაპულოზური ქავანა გამონაყრის, სოკოვანი ინფექციის ან კაპოშის სარკომას შესამოწმებლად
პირის ღრუს გასინჯვა კანდიდოზზე, "თმიან" ლეიკოპლაკიაზე, კაპოშის სარკომაზე და პერიოდონტიტზე
გულმკერდისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასინჯვა, მაგალითად ფილტვის ინფექციის გამოსაკვლევად
მუცლის ღრუს გასინჯვა შესაძლო ჰეპატომეგალიის ან სპლენომეგალიის შესაფასებლად
სასქესო ორგანოების გასინჯვა სქესობრივად გადამდები ინფექციის შესამოწმებლად (ყველა პაციენტში)
ნევროლოგიური გასინჯვა, მათ შორის ფსიქიკური სტატუსის, მენინგიზმისა და პერიფერული ნეიროპათიის შემოწმება, და ფუნდოსკოპია თვალის ბადურის დაზიანებების სანახავად[3][81]
ფსიქიატრიული შეფასებისას ექიმმა უნდა ჩაინიშნოს პაციენტის ემოციური რეაქცია და ორიენტაცია
ანორექსია და ლიმფადენოპათია შეიძლება თან ახლდეს მწვავე ან პირველად აივ ინფექციას.[9]
ლაბორატორიული ტესტირება მოვლაში შესვლისას
საწყის ეტაპზე რეკომენდებულია შემდეგი ტესტები:[71]
აივ ანტიგენის/ანტისხეულის ანალიზი
აივ ვირუსული დატვირთვა
CD4-ის რაოდენობა
გენოტიპირება და რეზისტენტობაზე ტესტირება
B და C ჰეპატიტების სკრინინგი
ძირითადი მეტაბოლური პროფილი
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
სისხლის საერთო ანალიზი
ლიპიდური პანელი
პლაზმის გლუკოზა რანდომულად ან უზმოდ
შარდის ანალიზი
ორსულობის ტესტი
ასევე განიხილეთ სგგი (მაგ. გონორეა, ქლამიდია, სიფილისი), ტოქსოპლაზმოზისა და ტუბერკულოზის სკრინინგი. თუ სახეზეა ტუბერკულოზური პნევმონიის სიმპტომები, უნდა გაკეთდეს გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა.[3]
ტესტირების სიხშირე და დრო განსხვავდება თითოეული კვლევის მიხედვისთვს და, ამიტომ, საჭიროა მოვიშველიოთ ადგილობრივი გაიდლაინები. ტესტირების რეკომენდაციები ჩვეულებრივ შეიძლება განსხვავდებოდეს განვითარებად ქვეყნებში.
როგორ ავიღოთ ვენური სისხლის ნიმუში ანტეკუბიტალური ფოსოდან ვაკუუმის ნემსის გამოყენებით.
ლაბორატორიული ტესტირება ART-ის დაწყებამდე/მოდიფიკაციამდე
ART-ის დაწყებამდე/მოდიფიკაციამდე რეკომენდებულია შემდეგი ტესტები:[71]
აივ ვირუსული დატვირთვა
CD4-ის რაოდენობა
გენოტიპირება და რეზისტენტობაზე ტესტირება
ტროპიზმის ტესტირება (თუ განიხილება CCR5 ანტაგონისტი)
HLAB*5701 ტესტირება (თუ განიხილება აბაკავირი)
B ჰეპატიტის სეროლოგია (თუ გადადის რეჟიმზე, რომელიც არ შეიცავს ტენოფოვირს)
ძირითადი მეტაბოლური პროფილი
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
სისხლის საერთო ანალიზი
პლაზმის გლუკოზა რანდომულად ან უზმოდ
ორსულობის ტესტი
თუ ART დაწყებულია დიაგნოზიდან მალევე და მკურნალობაში შესვლის შემდეგ, განმეორებითი საბაზისო ლაბორატორიული ტესტირება საჭირო არ არის.
ტესტირების სიხშირე და დრო განსხვავდება თითოეული კვლევის მიხედვისთვს და, ამიტომ, საჭიროა მოვიშველიოთ ადგილობრივი გაიდლაინები. ტესტირების რეკომენდაციები ჩვეულებრივ შეიძლება განსხვავდებოდეს განვითარებად ქვეყნებში. მკურნალობის დროს მონიტორინგის რეკომენდაციებისთვის იხ Მონიტორინგი.
აივ ინფექციის ანალიზი
აივ ტესტირება (მათ შორის აივ ანტიგენის/ანტისხეულის ტესტირება და ვირუსული დატვირთვა) რეკომენდირებულია სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას, თუ აივ-ის დიაგნოზი ადრე არ იყო დადასტურებული. აივ ვირუსული დატვირთვა ასევე რეკომენდებულია ART-ის დაწყებამდე. თუ ART დაგვიანებულია, გაიმეორეთ ვირუსული დატვირთვის ტესტირება ART-ის დაწყებამდე. განმეორებითი ტესტირება არჩევითია იმ პაციენტებში, რომლებიც არ იწყებენ ART.[71] დიაგნოსტიკური ტესტირების ალგორითმები სხვადასხვანაირია, შესაბამისად თქვენ უნდა მიმართოთ თქვენსავე ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
ხელმისაწვდომია რამდენიმე ლაბორატორიული ანალიზი, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სარგებელი და შეზღუდვები: ELISA:
ყველაზე ფართოდ დანერგილი ანალიზი აივ-ინფექციის გამოსავლენად. დაეყრდენით ELISA-ს როგორც საწყის ტესტს სკრინინგისთვის. ინფიცირებისას ან ინფიცირებიდან ხანმოკლე დროში, პირველად ჩნდებიან Ig M ანტისხეულები აივ-ის მიმართ. რასაც, კვირების ან თვეების შემდეგ, მოსდევს Ig G ანტისხეულების გამოვლენა-ჯერ გლიკოსამინოგლიკანისა და გარსის, ხოლო მოგვიანებით ვირუსული ფერმენტებისა და მარეგულირებელი ცილების მიმართ. პირველად ELISA ტესტი გამოავლენს Ig G-ს ინფიცირებიდან საშუალოდ 3-4 კვირაში, თითქმის ყველა ახლად ინფცირებულ პაციენტს 6 თვეში უდგინდება Ig G-ს დონე. ამ დროის პერიოდში ELISA ტესტმა შეიძლება აჩვენოს ცრუ-უარყოფითი შედეგი, რასაც ფანჯრის პერიოდი ეწოდება. მეოთხე თაობის ELISA ტესტები ფანჯრის პერიოდს 2-4 კვირამდე ამცირებენ, შესაბამისად ამცირებენ ცრუ-უარყოფითი შედეგების რიცხვსაც, განსაკუთრებით იმ არეებში, სადაც ხშირია შემთხვევითი ინფექციები. ELISA არის პრივილეგირებული სკრინინგის მეთოდი განვითარებად სამყაროში, გამომდინარე მისი ნაყოფიერების, სწრაფი შემოწმების და ავტომატიზაციის უნარიდან.
მეოთხე თაობის ანტისხეული (ELISA) და ანტიგენი (p24): უკანასკნელი, მეოთხე თაობის აივ ტესტი რთავს p24 ანტიგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ აივ-ის დიაგნოსტირება ფანჯრის პერიოდში უფრო უკეთ არის შესაძლებელი, რადგან ტესტი ამოწმებს ორივეს-ანტისხეულებსაც და p24 ანტიგენსაც. ეს ამცირებს ფანჯრის პერიოდს 3 თვიდან საშუალოდ 10 დღემდე; აღნიშნული ტესტები რეკომენდებულია აივ-ის არსებობის დასადასტურებლად.[80]
ვესტერნ-ბლოტი: მაღალი სპეციფიურობის მიუხედავად, ELISA იმ პოპულაციაში, სადაც დაავადების პრევალენტობა დაბალია, იძლევა ბევრ ცრუ-დადებით შედეგს. ამიტომაც, განვითარებულ სამყაროში, პროტოკოლის მიხედვით, საჭიროა ELISA-ს შედეგის მეორე ტესტით - ვესტერნ-ბლოტით გადამოწმება. ვესტერნ-ბლოტი მოითხოვს მნიშნელოვან დროს და რესურსებს და ამიტომ არ არის გამოსადეგი ბევრი მაღალი-პრევალენტობის მქონე რეგიონისთვის.
სწრაფი ტესტი: ხელსაყრელია მწირი რესურსების მქონე გარემოში. რამდენიმე მათგანი რეკომენდებულია აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. აღნიშნულ ტესტებს აქვს 99%-ზე მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა, დამადასტურებელ ვესტერნ-ბლოტთან კომბინირებულად - განვითარებული ქვეყნებისათვის, ხოლო მეორე სწრაფ ტესტთან კომბინირებულად - განვითარებად ქვეყნებისათვის.
აივ სკრიინგის სხვა ტესტები: ხელმისაწვდომია ტესტები, რომლებიც განსაზღვრავენ აივ ანტისხეულებს სხვა ბიოლოგიურ სითხეებში. ნერწყვში Ig A და G-ს უფრო მაღალი კონცენტრაციაა. მის გამოსაკვლევად გამოიყენება ორივე-ELISA და სწრაფი ტესტი. ნერწყვში არის IgA-სა და IgG-ს უფრო მაღალი კონცენტრაცია. ნერწყვისთვის არსებობს როგორც ELISA, ასევე სწრაფი ტესტები.
ნუკლეინის მჟავის ანალიზი (რნმ ან დნმ): წარმოადგენს ყველაზე სენსიტიურს ტესტს ახალშობილებისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია 4-6 კვირის ასაკში. ჭიპლარის მეშვეობით ნაყოფში გადასული დედისეული ანტისხეულები მდგრადია ბავშვის დაბადებიდან 18 კვირის განმავლობაში, ამიტომ ანტისხეულთა ტესტი დიაგნოზის დასასმელად არ გამოდგება.
ვირუსული რნმ-ის უკუ-ტრანსკრიპტაზა PCR (ვირუსული დატვირთვა): ეს ტესტი განსაზღვრავს აივ-ის აქტიურ რეპლიკაციას სისხლსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში, ძირითადად გამოიყენება აივ-ის აქტივობის შესაფასებლად და ანტი-რეტროვირუსული თერაპიის მიმართ პასუხის მონიტორინგისთვის. არსებობს ამ ტესტის ულტრა-სენსიტიური ვერსია, რომელსაც შეუძლია ვირუსული რნმ-ის ისეთი დაბალი დონის საიმედოდ განსაზღვრა, როგორიცაა 20 რნმ ასლი 1 მლ პლაზმაში. იგი არის ასევე ყველაზე სენსიტიური ტესტი მოზრდილებისთვის, რომელთაც აქვთ მწვავე აივ ინფექცია ფანჯრის პერიოდში, როცა შეუძლებელია ანტისხეულის ან ანტიგენის (p24) განსაზღვრა.
p24 ანტიგენი: ეს არის აივ-ის გულოვანი ცილა, რომელიც წარმოდგენილია ვირუსის აქტიური რეპლიკაციის დროს და შესაძლებელია მისი განსაზღვრა სისხლში ინფექციის მწვავე და გვიანდელ სტადიაზე. ასე რომ ის წარმოადგენს ფანჯრის პერიოდის დამატებით ტესტს. ეს ტესტი ავლენს დადებით შედეგს უფრო გვიან ვიდრე აივ რნმ-ი (ვირუსული დატვირთვა) მწვავე აივ ინფექციის დროს, ამიტომაც ინფექციის ამ სტადიაზე ნაკლებ სენსიტიურია.
ადამიანებს, რომლებიც ინფიცირდებიან აივ ინფექციით პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკური (PrEP)მკურნალობისას პარალელურად, ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეთ ტესტის საეჭვო შედეგები. დადებითი აივ ანტიგენის/ანტისხეულის ტესტის შედეგმა ან დადებითი აივ რნმ ტესტის შედეგმა, აივ ანტისხეულების უარყოფითი შედეგის არსებობისას უნდა დააჩქაროს დიაგნოზის დაუყოვნებელი დადასტურება. იმ პირებში, რომელთა აივ რნმ-ის დონე ≥3000 ასლი/მლ და პარალელურად მიმდინარეობს PrEP-ს, რეკომენდებულია აივ-ის ეფექტური მკურნალობის რეჟიმის დაუყონებლივ დაწყება დიაგნოზის დადასტურების მოლოდინში. იმ პირებთან, რომელთაც აქვთ აივ ანტისხეულების ტესტის უარყოფითი და ძალიან დაბალი დადებითი რაოდენობრივი აივ რნმ ტესტის შედეგი (<3000 ასლი/მლ), უნდა ჩატარდეს აივ ანტისხეულების დამადასტურებელი ტესტი და პლაზმური აივ რნმ-ის რაოდენობრივი ტესტი. მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, სანამ შედეგი არ იქნება ხელმისაწვდომი.[71]
აივ-ზე თვითტესტირება შეიძლება შეთავაზებულ იქნას, როგორც დამატებით მიდგომა აივ ტესტირების სერვისის ფარგლებში. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას PrEp-ის მიწოდებისთვის (მაგ., დაწყების, ხელახალი ინიცირებისთვის და გასაგრძელებლად). მტკიცებულებების მიხედვით, რომ თვითტესტირება ზრდის აივ ტესტირების ათვისებას. იგი მისაღები და შესრულებადია პოპულაციის ფარგლებში შესაბამის პარამეტრებში.[85][86]
CD4-ის რაოდენობა
უნდა დადგინდეს CD4 უჯრედების რაოდენობა კლინიკაში მისვლისთანავე და ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებამდე. თუ ART დაგვიანებულია, ტესტირება რეკომენდებულია ყოველ 3-დან 6 თვემდე.[71]CD4 უჯრედების რაოდენობა მიუთითებს მასპინძლის იმუნური სისტემის ჯანმრთელობაზე და უზრუნველყოფს პაციენტის თავდაპირველ შეფასებასა და შემდგომ მონიტორინგს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტესტია, რომელიც პაციენტის ჩრთვისთანავე უპირველესადვე უნდა ჩატარდეს, ვინაიდან მისი მეშვეობით დგინდება აივ-თან ასოცირებული გართულებების განვითარების რისკი, მათ შორის შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომის განმსაზღვრელი ინფექციები და ავთვისებიანი მდგომარეობები.
აივ უარყოფითი მოზრდილის CD4 უჯრედების საშუალო რაოდენობა არის 800 უჯრედი/მიკროლიტრში, ხოლო აივ დადებით ადამიანებში ამ უჯრედების რიცხვი წელიწადში მცირდება 75 უჯრედით/მიკროლიტრში. ადამიანები, რომელთაც აქვთ 500-ზე მეტი CD4 უჯრედი/მიკროლიტრში, როგორც წესი უსიმპტომოები არიან, მაგრამ მაინც აქვთ გენერალიზირებული ინფექციის რისკი. 350-ზე ნაკლები CD4 უჯრედი/მიკროლიტრში მიუთითებს მნიშვნელოვან იმუნოსუპრესიაზე. 200-ზე ნაკლები CD4 უჯრედი/მიკროლიტრში ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი და ოპორტუნისტული ინფექციების მაღალი რისკი, პნევმოცისტის ჯიროვეცი გამოწვეული პნევმონია ყველაზე ხშირი ოპორტუნისტული ინფექციაა.[81][87]
წამლის მიმართ რეზისტენტობის შემოწმება
გენოტიპის ტესტირება რეკომენდებულია დიაგნოსტირებისას, რადგან ეს დაგეხმარებათ ანტირეტროვირუსული თერაპიის შერჩევაში. თუ ART გადაიდო, განმეორებითი ტესტირება არჩევითია და შეიძლება დაინიშნოს ART დაწყების დროს. მკურნალობა არ უნდა დაგვიანდეს და შეყოვნდეს შედეგების მოლოდინში, ვინაიდან რეჟიმის შეცვლა შესაძლებელია შედეგების მიღების შემდეგაც.[71]
ტესტირება ასევე რეკომენდებულია ART-ის შერჩევis დროს უკვე ნამკურნალებ პაციენტებში რეჟიმის შეცვლისას:[71]
ვირუსოლოგიური უკმარისობით და აივ რნმ-ის დონით >200 ასლი/მლ (წამლის რეზისტენტობის ტესტირება შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აივ რნმ-ის დონე 200-დან 500 ასლი/მლ-მდე, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია)
ვირუსული დატვირთვის არაოპტიმალური შემცირებით.
გენოტიპის სტანდარტული ტესტირება გულისხმობს საპირისპირო ტრანსკრიპტაზასა და პროტეაზას გენებში მუტაციების ტესტირებას. ტესტირება ასევე უნდა მოიცავდეს ინტეგრაზას გენს, თუ პაციენტი განიცდის ვირუსოლოგიურ უკმარისობას ინტეგრაზას ჯაჭვის გადაცემის ინჰიბიტორზე (INSTI), თუ მანამდე მიიღო ხანგრძლივი მოქმედების კაბოტეგრავირი პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკისთვის, ან თუ ეჭვი გვაქვს გადააცემული INSTI რეზისტენტობაზე. ინტეგრაზას გენის ტესტირება, როგორც წესი, ცალკეა დანიშნული. ტესტირება რეკომენდირებულია სანამ პაციენტი ჯერ კიდევ იღებს ART რეჟიმს, ან რეჟიმის შეწყვეტიდან 4 კვირის განმავლობაში, არაგრძელვადიანი მოქმედების აგენტებისთვის. ხანგრძლივმოქმედი საინექციო პრეპარატების მიღების შემთხვევაში, ტესტირება რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტიდან გასული დროის მიუხედავად.[71]
საწყისი ანტი-რეტროვირუსული თერაპიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, სტანდარტულად, ანტი-რეტროვირუსული წამლების მიმართ რეზისტენტობის შემოწმება იქ, სადაც ხელმისაწვდომია.[21] აშშ-ში, სავარაუდოდ, ახალი ინფექციის სიხშირე ვირუსით, რომელსაც აქვს სულ ცოტა ერთი მთავარი რეზისტენტული მუტაცია, არის დაახლოებით 10-25%.[21] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ზრდასრულების ≥10%, ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყებისას გამოვლინდა აივ შტამის რეზისტენტულობა ეფავირენზის ან ნევირაპინის მიმართ 18-დან 12 ქვეყანაში (2014-2018).[88] ათ ქვეყანაში შეაფასდაINSTI-ების მიმართ რეზისტენტობა მკურნალობის დაწყებამდე; მხოლოდ სამხრეთ სუდანში გამოვლინდა დოლუტეგრავირის მიმართ რეზისტენტობის უკიდურესად დაბალი გავრცელება (0.2%).[88]
გენოტიპური ტესტირება ფენოტიპურ ტესტირებასთან შედარებით უპირსტესია, ART-ის მართვის თვალსაზრისით მკურნალობისადმი დამყოლ პაციენტებში, ან სუბოპტიმალური ვირუსოლოგიური პასუხის ან ვირუსოლოგიური უკმარისობის მქონე პირებში, რომლებიც იმყოფებიან პირველი და მეორე რიგის რეჟიმებზე.[71]გენოტიპური ტესტი ფენოტიპურთან შედარებით უფრო იაფი და მარტივია და აშშ-შ საბაზისო კვლევის სახით უფრო ხშირად გამოიყენება, გენოტიპური რეზისტენტობის მქონე ვირუსის ტრანსმისიის სიხშირის ზრდის გამო.[89] რეზისტენტობის შესაფასებლად შეიძლება უპირატესი იყოს ფენოტიპური ტესტი იმ პაციენტებში, რომელთაც სხვადასხვა რეჟიმით მკურნალობის შედეგი არ ჰქონდათ, რადგან შეიძლება გართულდეს პაციენტთა გენოტიპის ინტერპრეტაცია. თუმცაღა, აშშ-ში ნაკლებია წამლის მიმართ რეზისტენტობა , ახალი, უფრო პოტენციური ანტირეტროვირუსული თერაპიის წყალობით, რომელიც მოიცავს რამდენიმე რეჟიმს მაღალ გენეტიკურ ბარიერით რეზისტენტობის მიმართ, და რომელიც საკმაოდ წარმატებულიცაა,[90] კომბინირებული გენოტიპური და ფენოტიპური რეზისტენტობის ტესტირება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ უკვე ცნობილი ან საეჭვო კომ პლექსური წამლისადმი რეზისტენტობის მუტაციის ნიშნები.[71]
კოქრეინის მიმოხილვის თანახმად, მედიკამენტური რეზისტენტობის ტესტირებას (გენოტიპური ან ფენოტიპური) მცირე ეფექტი აქვს ან საერთოდ არ აქვს ეფექტი სიკვდილობაზე, შიდსის განვითარებაზე ან CD4-ის რაოდენობაზე. თუმცა, შეიძლება შემცირდეს ვირუსოლოგიური უკმარისობის რისკი და ვირუსული დატვირთვა პაციენტებში, რომლებთანაც მკურნალობა წარუმატებელია. უცნობია, იქნება თუ არა რეზისტენტობის ტესტირება სასარგებლო არანამკურნალებ პაციენტებში. უცნობია, იქნება თუ არა რეზისტენტობის ტესტირება სასარგებლო არანამკურნალებ პაციენტებში.[91]
[ ]
მას შემდეგ, რაც დასრულდება პირველადი შეფასება და დადგინდება CD4 უჯრედების რაოდენობა, შესაძლებელია პაციენტის დაავადების სტადიის განსაზღვრა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით. დაავადების შემდგომი მართვა შეიძლება დამოკიდებული იყოს კლასიფიკაციაზე-ძირითად ან თანხვედრ ინფექციაზე/ავთვისებიან მდგომარეობაზე; თუმცა, საჭიროა ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებას რეკომენდაცია გაეწიოს აივ ინფექციის ყველა სტადიაზე.
დაავადების კლინიკური სტადიის დადგენა მსფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით I სტადია WHO-ს მიხედვით[81][82][87] შემდგომი დაკვირვებისა და მენეჯმენტის დრო შეიძლება დამოკიდებული იყოს კლასიფიკაციაზე, მათ შორის ნებისმიერი ფონური ან თანმხლები ინფექციების/ავთვისებიანი სიმსივნეების ჩათვლით; თუმცა, ART-ის დაწყების რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული აივ ინფექციის ყველა სტადიაზე. იხილეთ კრიტერიუმების სექცია დეტალური სტდაირების კატეგორიებისთვის. იხ კრიტერიუმები განყოფილება დეტალური დადგმის კატეგორიებისთვის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას