ეტიოლოგია

საჭმლისა და სითხის ასპირაცია ყველაზე ხშირად გვხვდება ჩამოთვლილ შემთხვევებში:[15]

  • ოროფარინგეული დისფაგიის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ინსულტის ან ხერხემლის კისრის ნაწილის ქირურგიის შემდეგ.

  • ხანდაზმული პაციენტები

  • პაციენტებში, რომლებიც სედაციურ მედიკამენტებს მოიხმარენ

  • გასტრული საკვები მილის მქონე პაციენტებში

  • პაციენტებში, რომლებიც გამოსაკვებად სხვაზე არიან დამოკიდებული

  • მწეველებში

  • პაციენტებში, რომლებიც >8 მედიკამენტს მოიხმარენ

  • ორსულებში.

კრიტიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებში, ასპირაციის მთავარ რისკფაქტორებს წარმოადგენს:[16]

  • წარსულში ასპირაციის დადასტურებული შემთხვევა

  • დაქვეითებული ცნობიერება (გლაზგოს კომის შკალა <9 ან ძლიერი სედაცია)

  • ნერვკუთოვანი დაავადება, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი გზების თანდაყოლილი ან შეძენილი სტრუქტურული პათოლოგიები

  • ენდოტრაქეული ინტუბაცია

  • პირღებინება

  • კუჭის შიგთავსის მუდმივად მომატებული ნარჩენი დონე

  • მწოლიარე პოზიცია.

დამატებითი რისკფაქტორებია ნაზოენტერული მილი, ხანგამოშვებითი კვება, მუცლის/გულმკერდის ქირურგია ან ტრავმა, დაყოვნებული კუჭის დაცლა, ხანდაზმული ასაკი, ექთანთა არასათანადო პროფესიონალიზმი, ბავშვებში დიდი ზომის ან დიამეტრის საკვები მილი, საკვები მილის არასწორი მდებარეობა და ტრანსპორტი.

პერიოპერაციულ პერიოდში, ასპირაციის რისკფაქტორებია:[4]

  • გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის საჭიროება

  • სასუნთქი გზების რთული ანატომიური მახასიათებლები

  • ანესთეზის არასათანადო სიღრმეს

  • ლითოტომური პოზიცია

  • საჭმლის მომნელებელი სისტემისმხრივი პრობლემები, როგორებიცაა კუჭის დაყოვნებული დაცლა, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, ილეუსი ან ნაწლავთა ობსტრუქცია

  • დაქვეითებული ცნობიერება

  • დაავადების მზარდი სიმძიმე

  • სიმსუქნე.

ზოგიერთი მედიკამენტი ამცირებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის წნევას და ხელს უწყობს გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის განვითარებას ანესთეზიისა და ავადობის დროს, შესაბამისად, ზრდის ასპირაციის რისკს. აღნუშნული წამლებია ატროპინი, გლიკოპიროლატი, დოფამინი, ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, განგლიის ბლოკერები, თიოპენტალი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბეტა-ადრენერგიული სტიმულატორები, ჰალოტანი, ენფლურანი, ოპიოიდები და პროპოფოლი.

პათოფიზიოლოგია

70 წელს გადაცილებულ პაციენტებში ცერებროვასკულური და დეგენერაციული ნევროლოგიური დაავადებების მაღალი პრევალენტობით აიხსნება თუ რატომ მიიჩნევა ხანდაზმული ასაკი ასპირაციის რისკფაქტორად. აღნიშნული მდგომარეობები განაპირობებს დისფაგიის და დაქვეითებული ხველის რეფლექსის განვითარებას, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის უცხო სხეულის, საკვების, სითხეებისა და ბარიუმის კონტრაქტის ასპირაციის რისკს.[17][3]

ანტიქოლინერგული, ანტიფსიქოზური ან შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებმაც შეიძლება დათრგუნონ ხველის რეფლექსი და/ან ყლაპვა.

სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობების შედეგად განვითარებული ტაქიპნოე არღვევს ღეჭვასა და ყლაპვას შორის არსებულ კოორდინირებულ კავშირს და შედეგად ზრდის ასპირაციის რისკს.[18]

საყლაპავის ქვედა და ზედა სპინქტერის ტონუსი დაქვეითებულია GERD-ის, სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენების (ანტიქოლინერგული, ანტიფსიქოზური ან შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები), ტქარეოსტომის, ენდოტრაქეული, გასტრული ან ნაზოგასტრული მილის დროს. სფინქტერის ტონუსის აღნიშნული დაქვეითება კუჭის შიგთავსის ასპირაციის რისკს ზრდის.[4]

პერიოპერაციულ პერიოდში ლარინგული დამცავი რეფლექსების დაკარგვა ან დაქვეითება ხელს უწყობს ანესთეზიასთან ასოცირებული პულმონური ასპირაციის განვითარებას. ანესთეზიისა და სედაციის შედეგად დაქვეითებულ რეფლექსებთან ერთად, დიაგნოსტიკური პროცედურების, ქირურგიისა და სტომატოლოგიური ჩარევის დროს მწოლიარე პოზიცია განაპირობებეს ტრაქეასა და პირხახის ერთსა და იმავე დონეზე განლაგებას, რაც მნიშვნელონად ზრდის ასპირაციის რისკს.[19]

შეცვლილი ფიზიოლოგიური მდგომარეობები როგორიცაა ორსულობა, გასტროინტესტინური დარღვევები და დიაბეტი დაკავშირებულია კუჭის დაცლის შეფერხებასთან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კუჭის მოცულობას.

ორსულობა ზრდის ასპირაციის რისკს, რადგან პროგესტერონი ამცირებს საყლაპავის ქვედა სპინქთერის ტონუსს და ამავდროულად აფერხებს კუჭის დაცლას. გარდა ამისა, მუცელშიდა წნევაც მომატებულია, ორსული საშვილოსნოს გამო. აპირაციულ პნევმონიტს მენდელსონის სინდრომი ეწოდება ორსულობის დროს და საზიანო ეფექტებით ხასიათდება, კუჭის შიგთავსის დაბალი pH-ის გამო.[20]

კუჭის წვენის სხვადასხვა შემაგდენლობის ასპირაციას შეიძლება განსხვავებული ეფექტი ჰქონდეს. დაბალი pH-ის (მჟავა) მქონე მასის ასპირაცია ფილტვის ნეიტროფილური ინფილტრაციით მიმდინარე დაზიანებას იწვევს. მჟავა ნივთიერებასთან პირდაპირი ექსპოზიციის გამო მიმდინარეობს I ტიპის ალვეოლური ეპითელიუმის აპოპტოზი. გარდა ამისა, კაფსაიცინ-სენსიტიური რეცეპტორების (TRPV-1) აქტივაციის შედეგად გამოთავისუფლდება დიდი რაოდენობით ანთების ხელშემწყობი მედიატორები. ალტერნატიულად, მცირე ზომის, არამჟავა ნაწილაკების (SNAP) ასპირაცია ან ბაქტერიები პირდაპირ ასტიმულირებენ ალვეოლურ მაკროფაგებს, რომლებიც თანდაყოლილ იმუნურ/ანთების ხელშემწყობ მედიატორებს გამოათავისუფლებენ პოლიანიონური ჰისტიოციტების ან "ზარის"(Toll) მსგავსი რეცეპტორების აქტივაციით. ასპირაციის მასალის მიუხედავად, ფილტვებში ყველა შემთხვევაში მიმდინარეობს მწვავე ანთებითი რეაქციები ნეიტროფილური ინფილტრატით, ალვეოლური ჰემორაგიით, ინტრა-ალვეოლური ან ინტერსტიციული ედემით და დარღვეული ალვეოლური სითხის კლირენსით. აღნიშნული რეაქციების შემდეგ იწყება რეპარაციის(შეკეთბის) პროცესი, რომელიც ხასიათდება მაკროფაგების მიერ დაზიანებული ალვეოლების ნარჩენების შთანთქმითა და II ტიპის ალვეოლური ეპითელური უჯრედების პროლიფერაციით.[21]

უმრავლეს შემთხვევაში ხდება კუჭის კომპლექსური შიგთავსის ასპირაცია, რომელიც საჭმლის ნაწილაკების, ბაქტერიული პროდუქტების, ციტოკინების და მჟავას კომბინაციას წარმოადგენს. მოიხსენიება როგორც CASP (კომბინირებული მჟავა და საჭმლის მცირე ზომის ნაწილაკები). CASP-ის ასპირაციამ შესაძლოა დაამძმოს დაზიანება მჟავასა და კუჭის მცირე ნაწილაკების სინერგისული ეფექტის გამო.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას