შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

70 წლის ქალი კონსულტაციაზე მოვიდა ნელა პროგრესირებადი დისპნოეს ჩივილით. პაციენტს დაწოლისას სუნთქვის უკმარისობა უძლიერდება. ანამნეზში გვხვდება ჰიპერტენზია და ოსტეოართრიტი. პაციენტი ბოლო რამდენიმე თვეა უფრო და უფრო ხშირად იღებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს. გასინჯვისას, პაციენტი მოსვენებით მდგომარეობაშიც დისპნოეს უჩივის, არტერიული წნევაა 140/90 მმ.ვწყ.სვ., ხოლო პულსი- 90 დარტყმა წუთში. საუღლე ვენების წნევა მომატებულია ყბის კუთხემდე. მარცხენა ფილტვის ველი პერსკუსიისას მოყრუებულია. ბაზალურად სუნთქვის ჩუმი ხმიანობა ისმინება. ხიხინი ისმინება მარჯვენა ფილტვის ველში და მარცხნივ, მოყრუებული ადგილის ზემოთ. ქვედა კიდურებზე მუხლამდე ვლინდება რბილი შეშუპება.

შემთხვევის ანამნეზი #2

56 წლის მამაკაცი უჩივის ტკივილს გულმკერდის მარჯვენა მხარეს ღრმა ჩასუნთქვისას. ასევე აღენიშნება ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვისას. პაციენტს ერთი კვირაა აწუხებს ცხელება და უჩივის პროდუქტიულ ხველას ნახველით, რომელსაც აქვს არასასიამოვნო სუნი და გემო. ის რეგულარულად იღებდა ალკოჰოლს და სიმპტომების გამოვლენამდე ერთი კვირით ადრე ის იყო მთვრალი და ქონდა ღებინება. სამედიცინო და ოჯახური ანამნეზი დატვირთული არ არის. გასინჯვისას ვლინდება: ტემპერატურა 38°C (100.7°F), არტერიული წნევა 130/78 მმ.ვწყ.სვ., ხოლო პულსი 110 დარტყმა წუთში. პაციენტი შეუძლოდ გამოიყურება და პირის ღრუს ჰიგიენა მოუწესრიგებელი აქვს. მოსმენით შესუსტებული სუნთქვა მარჯვენა ქვედა წილის ზევით, პერკუსიით მოყრუება და შესუსტებული ტაქტილური ვიბრაცია ფილტვის ველის ქვედა ნახევარში.

სხვა გამოვლინებები

პლევრული გამონაჟონი შეიძლება განვითარდეს მრავალი მიზეზით. პაციენტის მდგომარეობა ფონური მიზეზის შესაბამისი იქნება. თუ გამონაჟონი ავთვისებიანი პროცესითაა გამოწვეული, შეიძლება გამოვლინდეს წონის კლება, კახექსია, შეუძლოდ ყოფნა და დისპნოე. პლევრული გამონაჟონი შეიძლება რევმატოიდული პლევრიტის შედეგიც იყოს, რა შემთხვევაშიც პაციენტს ექნება დისპნოე და ართრიტის გამწვავება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას