მიდგომა
დისემინირებულ სისხლძარღვშიგა შედედებაზე ეჭვის მისატანად საჭიროა არსებობდეს ფონური პათოლოგია, როგორიცაა: ძლიერი ტრავმა/დამწვრობა/ორგანოს დესტრუქცია, სეფსისი/მძიმე ინფექცია (მოიცავს COVID-19-საც), მძიმე სამეანო დაავადებები ან გართულებები, სოლიდური სიმსივნეები და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი მდგომარეობები, მძიმე ტოქსიკური ან იმუნოლოგიური რეაქციები და მძიმე სისხლძარღვოვანი დაავადებები (აორტის დიდი ზომის ანევრიზმები ან გიგანტური ჰემანგიომები).[2][3]
დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების ცალკეული დიაგნოსტიკური ტესტი არ არსებობს. დიაგნოსტირებისას ვითვალისწინებთ რისკფაქტორებს, კლინიკურ ნიშნებს და ყველა ხელმისაწვდომ ლაბორატორიულ მონაცემს.[10]
კლინიკური შეფასება
ფონური დაავადების სიმპტომებისა და ნიშნების გარდა, ხშირია თრომბოზი, სისხლდენა ან ორივე აღნიშნული პროცესი. მიკროვასკულური თრომბოზი ხშირად იწვევს მულტიორგანულ იშემიას და უკმარისობას. იშემიური ნიშნებია: ელვისებრი პურპურა/განგრენა/აკროციანოზი, დელირიუმი/კომა, ოლიგურია/აზოტემია, ჰიპოტენზია/ტაქიკარდია/სისხლის მიმოქცევის კოლაფსი, დისპნოე/ჰიპოქსია, კუჭ-ნაწლავის წყლულები და თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია. ჰემორაგიული ნიშნებია: პეტექია/ეკქიმოზი, გაჟონვა, ინტრაკრანიული სისხლდენა, ჰემატურია და კუჭ-ნაწლავის მასიური სისხლდენა. ზოგადად, იშემიური ნიშნები დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების ადრეულ ნიშნებად ითვლება, ხოლო სისხლდენა უფრო მოგვიანებითი, მძიმედ გამოხატული მოვლენაა.[1][2]
თავდაპირველი ლაბორატორიული შეფასება
ყველა შემთხვევაში საჭიროა საწყის ეტაპზე განისაზღვროს:[10]
თრომბოციტების რაოდენობა: ვლინდება თრომბოციტოპენია
პროთრომბინის დრო: მეტწილად გახანგრძლივებულია
ფიბრინოგენი: დაბალი დონე
D-დიმერი/ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტები: მომატებულია
აღნიშნული ოთხი გამოკვლევის შედეგების კომბინაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ დიაგნოსტიკური ქულის გამოსათვლელად.[4]
აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო გამოსადეგია პაციენტის პროგრესის მონიტორინგის მიზნით.
დამატებით ტესტები
შემდგომი ტესტებით შეიძლება გამოვლინდეს თრომბინის დროის გახანგრძლივება და კოაგულაციის ფაქტორების (V, VIII, X, XIII) დონეების შემცირება. რადგანაც აღნიშნული ტესტები არ არის აუცილებელი დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სადიაგნოსტიკოდ, ისინი რუტინულად არ უნდა ჩატარდეს. თუმცა, თუ ეჭვია კოაგულაციის ფაქტორების სპეციფიკურ ან მრავლობით დეფიციტზე, კოაგულაციის ფაქტორების განსაზღვრა გვეხმარება სპეციფიკური ჩანაცვლებითი თერაპიის შესარჩევად.
რადიოლოგიური კვლევები და სხვა ტესტები
ფონური დაავადებისა და თრომბოზისა და ჰემორაგიის ადგილმდებარეობების გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებითი კვლევების გაკეთება ფონური დაავადების დიაგნოსტირებისათვის. მაგალითად, მწვავე პანკრეატიტის შემთხვევაში დაგვეხმარება პანკრეასის კტ/მრტ და შრატში ამილაზას და ლიპაზას განსაზღვრა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას