შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
მანამდე ჯანმრთელი, 1 წლის გოგონა შემოდის გადაუდებელ სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში ლეთარგიის და ცხელების 24 საათიანი ანამნეზით. მას ბოლო დროს ჰქონდა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ზედა რესპირატორული ტრაქტის ვირუსულ ინფექციაზე. მშობლები აღნიშნავენ რომ გამოვლინებამდე რამდენიმე საათით ადრე იყო მივარდნილი და ძნელად ფხიზლდებოდა. ასევე აღნიშნავენ რომ შენიშნეს გამონაყარი, რომელიც განვითარდა ტანზე და ზედა კიდურებზე სიმპტომების გამოვლენამდე ცოტა ხნით ადრე. საწყისი შეფასებისას დადგინდა შემდეგი მახასიათებლები: ცნობიერების დონის დაქვეითება (რეაგირება მხოლოდ ტკივილის სტიმულებზე); ტაქიკარდია (გულისცემა 190 წუთში); კაპილარული ავსების დროის გახანგრძლივება (>5 წამი პერიფერიულად); ცივი პერიფერია (სხეულისა და ქვედა კიდურის ტემპერატურული სხვაობაა >10°C [>18°F]); ცხელება (სხეულის ტემპერატურა 39°C [102°F]); ტაქიპნოე (სუნთქვის სიხშირე 40 წთ-ში) და ხიხინი ამოსუნთქვისას; ფართოდ გავრცელებული, პურპურული გამონაყარი ტანსა და კიდურებზე, რომელიც ხელის დაჭერით არ ფერმკრთალდება.
შემთხვევის ანამნეზი #2
2 კვირის ასაკის დღენაკლულ -ახალშობილ ბიჭს განუვითარდა გარდამავალი აპნოეს და ბრადიკარდიის ეპიზოდები ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნისას. იგი დაიბადა ორსულობის 30-ე კვირაზე ვადამდელი მშობიარობის სპონტანური დაწყების შედეგად. მას ესაჭიროებოდა ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია დაბადების შემდეგ 48 საათის განმავლობაში ნეონატალური რესპირატორული დისტრეს სინდრომის გამო. ამ დროის განამავლობაში შეუყვანეს სურფანქტატის სტანდარტული დოზა. მას ესაჭიროებოდა რესპირატორული მხარდაჭერა სასუნთქ გზებში უწყვეტი დადებითი წნევით ექსტუბაციიდან 1 კვირის შემდეგ და ხანგამოშვებით მიეწოდებოდა მაღალი ნაკადის ჟანგბადი ამ მოვლენის დროს. კანქვეშა ცენტრალური ვენური კათეტერით (გრძელი-მილი) პარენტერალური კვების შემდეგ, იგი გადაიყვანეს სრულ ენტერალურ კვებაზე. ამ მოვლენის დროს კათეტერი ისევ მოთავსებული იყო და იგეგმებოდა მისი ამოღება იმ დღეს. გარდა აპნოესა და ბრადიკარდიისა, გამოხატული იყო ტემპერატურის არასტაბილურობა და კაპილარული ავსების დროის გახანგრძლივება (>3 წამი); ორივე ეს მაჩვენებელი განსხვავებული იყო წინა დაკვირვებებისგან.
სხვა გამოვლინებები
სეფსისის ტიპური გამოვლინება ვარირებს ბავშვის ასაკის მიხედვით. მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვებს აქვთ ინფექციის კერა, ჩვილებსა და ახალშობილებს, ჩვეულებრივ, აქვთ არასპეციფიკური სიმპტომები და ნიშნები. მაგალითად: დღენაკლულ ჩვილებში სეფსისის ადრეული ნიშნები ხშირად არის აპნოე და ბრადიკარდია.[9] ახალშობილებში, მათ შორის დღენაკლულებში პაციენტის დაკვირვებისას ნორმალური ნიმუშის ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა გაზარდოს სეფსისის არსებობის შესახებ ეჭვი.
სეპტიკური შოკი ძირითადად ვლინდება, როგორც ვაზოკონსტრიქციული ("ცივი"), ფართო პერიფერიული ვაზოკონსტრიქციითა და მიოკარდიუმის შეკუმშვის დარღვევით. თუმცა, მეორე გამოვლინებაა ვაზოდილატაციური ("თბილი") შოკი, რომელიც ხასიათდება სისტემური ვაზოპლეგიით (დილატირებული პერიფერიული სისხლძარღვები და უეცარი/მყისიერი კაპილარული შევსება) გულის მაღალი წუთმოცულობითა და გაძლიერებული პულსით. კვლევები მიუთითებს რომ გამოვლინების ეს ფორმა უფრო ხშირია ჰოსპიტალური სეფსისის დროს.[10]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას