მიდგომა

მკურნალობის დაწყება შესაძლებელია როგორც სიმპტომური დიაგნოსტიკის, ისე შარდის ანალიზის შედეგის საფუძველზე. შარდის კულტურის გამოყვანა და სენსიტიურობის განსაზღვრა აუცილებელია დიაგნოზის დასადასტურებლად და ადეკვატური ანტიბიოტიკების შესარჩევად.[36] საშარდე გზების საეჭვო ინფექციების შეფასების და მკურნალობის პროცესში გასათვალისწინებელია აგრეთვე ხარისხის სტანდარტები და გაიდლაინები.[37][38]

კლინიკური შეფასება

საშარდე გზების ინფექციის (UTI) განვითარების ალბათობა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში UTI-ს ერთი ან მეტი სიმპტომის (დიზურია, შარდვის უეცარი მოთხოვნილება, შარდვის გახშირება, ტკივილი ბოქვენზედა არეში, ზურგის ტკივილი ან მაკროჰემატურია) მქონე ქალებში შეადგენს დაახლოებით 50%-ს.[34] ზედა ტრაქტის ჩართულობის (როგორიცაა პიელონეფრიტი) მიმანიშნებელი სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ცხელება და/ან კოსტოვერტებრული მტკივნეულობა.

მარკერ-ზოლიანი ანალიზი

შარდის მარკერ-ზოლიანი ანალიზი განიხილება როგორც პირველი რიგის დიაგნოსტიკური ტესტი საშარდე გზების სიმპტომების მქონე ქალებისთვის. შარდში ნიტრიტის და ლეიკოციტური ესტერაზის პოზიტიური შედეგების კომბინაცია მიანიშნებს საშარდე გზების ინფექციის (UTI) დიაგნოზის მაღალ ალბათობაზე.[34] თუმცა, თუ მარკერ-ზოლიანი ანალიზის შედეგი ნეგატიურია, მაგრამ არსებული სიმპტომები წააგავს საშარდე გზების ინფექციას (UTI), დაავადების ალბათობა კვლავ რჩება შედარებით მაღალი.[34][39][40]

საშარდე გზების მწვავე ინფექციის არარსებობისას, მარკერ-ზოლიანი ტესტის პოზიტიური შედეგი სისხლის არსებობაზე აყენებს მიკროსკოპული ურინალიზის ჩატარების საჭიროებას ჭეშმარიტი მიკროჰემატურიის (>3 ერითროციტი მძლავრი გადიდების ველში შარდის 2 სხვადასხვა სინჯში) და ჰემოგლობინურიის (ჰემ-პოზიტიური მარკერ-ზოლი სისხლის წითელი უჯრედების არარსებობის პირობებში) განსასხვავებლად. მიკროჰემატურია UTI -ის გარეშე საჭიროებს შემდგომ შეფასებას მისი ეტიოლოგიის განსაზღვრის მიზნით.

შარდის მიკროსკოპული გამოკვლევა და კულტურის გამოყვანა

შარდის შუა ნაკადის სტერილურად აღებული სინჯი იგზავნება კულტურის გამოყვანისთვის ატიპური სიმპტომების არსებობისას, შარდის ანალიზის მოულოდნელი შედეგების, პიელონეფრიტის ეჭვის არსებობის, ან იმ შემთხვევებში, როდესაც სიმპტომების უკუგანვითარება არ ხდება, ან აღინიშნება სიმპტომების რეციდივი მკურნალობის 2-4 კვირის განმავლობაში.[35] კულტურის გამოყვანა აგრეთვე მიზანშეწონილია ანტიბიოტიკების მიმართ წინა-სამკურნალო სენსიტიურობის განსაზღვრის მიზნით ქალებში, რომელთაც ანამნეზურად აღენიშნება ანტიმიკრობული თერაპია ბოლო პერიოდში, სიმპტომების არსებობა >7 დღის განმავლობაში, >65 წლის ასაკი, დიაბეტის მქონე პირებში, ან ორსულებში.

ერთი უროპათოგენის ზრდა თუნდაც ისეთი დაბალი რაოდენობით, როგორიცაა 100 კოლონიის მაფორმირებელი ერთეული მილილიტრზე (CFU/mL) შესაძლოა მიანიშნებდეს სიმპტომების მქონე ქალი პაციენტის მნიშვნელოვანი ინფექციის არსებობაზე, რასაც ესაჭიროება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.[41]

საშარდე გზების გართულებული ინფექციის ან პიელონეფრიტის არსებობისას მიკროორგანიზმის ტიპის დადგენის და ანტიბიოტიკების შერჩევის წარმართვისთვის შესაძლებელია შეღებვა გრამის წესით.

გამოსახულებითი კვლევები

საშარდე გზების გაურთულებელი ინფექცია, ჩვეულებრივ, არ საჭიროებს რადიოლოგიურ შეფასებას, თუ იგი არ წარმოადგენს რეციდივს; გამომსახველობითი კვლევები, ზოგადად, უნდა იყოს მოტოვებული რეზერვში ისეთი პაციენტებისთვის, რომელთა სტანდარტული მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ან რომელთაც აღენიშნება უჩვეულოდ მძიმე ფორმის ან პერსისტიული სიმპტომები.[42] ზედა საშარდე გზების პათოლოგიები არ არის ხშირი ბაქტერიული ცისტიტის მქონე ჯანმრთელ ქალებში, აქედან გამომდინარე, რუტინული სკანირების ჩატარება არ არის ნაჩვენები.

თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევა და მუცლის ღრუს/მცირე მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) გამოსადეგია ზედა ტრაქტის პათოლოგიების გამოსარიცხად, თირკმლის კენჭების, ჰიდრონეფროზის, თირკმლის აბსცესის, ან თირკმლის შეჭმუხნვის ჩათვლით.

გამომსახველობითი კვლევების ჩატარება გასათვალისწინებელია, თუ ქალს აღენიშნება:

  • აუხსნელი ან პერსისტიული ჰემატურია, ობსტრუქციული სიმპტომები, შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია, აგრეთვე შარდკენჭოვანი ანამნეზი, ანალგეტიკური წამალდამოკიდებულება ან შაქრიანი დიაბეტი

  • გართულებული UTI, სტრუქტურული პათოლოგიების, სიმსივნეების ან კენჭების არსებობის გამოსარრიცხად

  • რეციდიული UTI ინფექცია ჩატარებული პროფილაქტიკის მიუხედავად

  • პერსისტიული ბაქტერიული ინფექცია ადექვატური თერაპიის მიუხედავად.

რეტროპერიტონეული სივრცის CT მიზანშეწონილია თირკმლის (რენალური) და პერირენალური აბსცესის გამოსარიცხად, თუ სიმპტომები არ ექვემდებარება ანტიმიკრობულ თერაპიას ან ვლინდება >7 დღის განმავლობაში.[17]

ცისტოსკოპიაცისტოსკოპია

ცისტოსკოპიის ჩატარება მიზანშეწონილია შარდის ბუშტის ვიზუალიზაციის და ქვედა ტრაქტის პათოლოგიების გამოსარიცხავად, როგორიცაა სიმსივნე, შარდის ბუშტის კენჭი, უცხო სხეული, ან დივერტიკული და ნაჩვენებია იგივე მიზეზების არსებობისას, რაც იყო ჩამოთვლილი გამომსახველობითი კვლევების დასაგეგმად.

ნარჩენი შარდის შემცველობა (PVR)

თუ საშარდე გზების მიმდინარე ინფექციის (UTI) ალაგების შემდეგ გაჩნდა ეჭვი შარდის შეკავებაზე ან შარდის ბუშტის არასრულ დაცლაზე, ან თუ პაციენტს აღენიშნება რეციდიული UTI, შარდის ბუშტის ნორმალური დაცლის შესაფასებლად მიზანშეწონილია განისაზღვროს ნარჩენი შარდის შემცველობა (PVR). >100 მლ-ზე მომატებული PVR მიანიშნებს, რომ პაციენტი სრულად ვერ ცლის შარდის ბუშტს, რაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ინფექციისთვის და შესაძლოა გახდეს UTI-ის განმაპირობებელი ფაქტორი. თუ დაფიქსირდა არასრული დაცლა, მიზეზის გამოსავლენად შესაძლებელია ჩაღრმავებული შეფასებების ჩატარება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას