ეტიოლოგია

მულტიფორმული ერითემა არის ჰიპერმგრძნობელობით მიმდინარე პროცესი, რომელიც მოწყვლად პირებში გვხვდება და სხვადასხვა მიზეზით, უმეტესად ინფექციური ბუნების მიზეზებით, შეიძლება იყოს განპირობებული.[2][3][4][5][9]​​​ დაავადებასთან ყველაზე ხშირად ასოცირებული ინფექციებია მარტივი ჰერპესის ვირუსი და Mycoplasma pneumoniae. ნაკლებად ხშირად დაკავშირებული სხვა ინფექციებია: В ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, გრიპი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ჰისტოპლაზმოზი (თანმხლებ კვანძოვან ერითემასთან ერთად), კონტაგიოზური პუსტულური დერმატიტი (ცხვრებისა და თხების პარაპოქს ვირუსით გამოწვეული დაავადება, რომელიც გადაეცემა ადამიანებზე), კოქციდიოიდომიკოზი, , ჰერპეს ზოსტერი, გარდნერელა, სიფილისი, აივ და SARS-CoV-2.[2][7][10][11][12][13][14]​​​​[15][16]​​​​​​​​ შეტყობინებული შემთხვევები ასევე მიუთითებს კავასაკის დაავადებასთან იშვიათ კავშირზე; ლიმფომის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მულტიფორმული ერითემა, როგორც დერმატოლოგიური გამოვლინება, საწყისი გამოვლენისას ან მკურნალობის პერიოდში.[6][17]

მულტიფორმული ერითემის 10%-ზე ნაკლები შემთხვევის მიზეზად დაფიქსირებულია მედიკამენტები.[2] ​მულტიფორმულ ერითემასთან ასოცირებულია შემდეგი პრეპარატები: ზოგიერთი ანტიბიოტიკი; დოცეტაქსელი ან პაკლიტაქსელი; იმუნური გამშვები მექანიზმის ინჰიბიტორები; სორაფენიბი; სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი (TNF) -ალფა ინჰიბიტორები; მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები; ჰიდროქსიქლოროქინი; ლენალიდომიდი; მეთოტრექსატი; ანტიკონვულსანტები; სტატინები; ბისფოსფონატები; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAIDs); მეტამიზოლი; ორალური კონტრაცეპტივები; იმიქიმოდი; ლიდოკაინი; ტრიკლოკარბანი; ბარიუმის კონტრასტი.[1][18][19][20][21][22][23][24][25][26][27] ​​​​​​ფენილბუტაზონის, ტრიკლოკარბანის, პაკლიტაქსელის და სტატინების ფონზე შესაძლოა განვითარდეს სინათლეზე ექსპოზიციის მიხედვით გავრცელებული დაზიანებები.[22][23]

დაავადებას შეიძლება ასევე იწვევდეს В ჰეპატიტის, ყვავილის, ჩუტყვავილას, მენინგოკოკის, ადამიანის პაპილომავირუსისა და SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, აგრეთვე კონტაქტურ ალერგენებზე და ტატუზე ალერგიული პასუხი.[14][28][29]

​​​უმრავლეს შემთხვევაში გამომწვევი არ არის იდენტიფიცირებული. თუმცა, სანამ შემთხვევას იდიოპათიურ კლასიფიკაციას მივაკუთვნებთ, დეტალურად უნდა გამოვიკვლიოთ შესაძლო მიზეზები.[2]​ დაფიქსირებულია ბუნებრივი ექსტრაქტებით (მაგ., მიხაკით) პროვოცირებული ან ჰერპესთან ასოცირებული მულტიფორმული ერითემის გამწვავება (მაგ., alpinia galangal).[30][31]

პათოფიზიოლოგია

ზუსტი პათოგენეზური მექანიზმი არ არის იდენტიფიცირებული. ნანახია მონოციტური ანთებითი უჯრედული ინფილტრატი, რაც მიუთითებს IV ტიპის ციტოტოქსიკურ ჰიპერმგრძნობელობით პასუხზე, რომელსაც იწვევს T ლიმფოციტები და ქმნის ციტოტოქსიკურ იმუნურ კომპლექსებს სპეციფიკური ანტიგენების საპასუხოდ. აღნიშნული კომპლექსების ჩალაგება იწვევს კერატინოციტურ შეშუპებას, ნეკროზსა და ბუშტუკების ჩამოყალიბებას. ეპიდერმული ნეკროზი და ანთებითი ინფილტრატი დერმაში არ ვლინდება.[1][32]

სინათლის დაზიანების შემთხვევაში ჰიპერმგრძნობელობის მიზეზი იქნება ულტრაიისფერი გამოსხივებით გააქტიურებული ფოტოპროდუქტი ან პრეპარატი, იმუნური რეაქციის ან ფოტოტოქსიკური აგენტის უჯრედების განადგურება და ანტიგენის გამოყოფა ცირკულაციაში. აღნიშნული პათოგენეზი სრულიად განსხვავებულია ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისგან, რომლის დროსაც კერატინოციტების ნეკროზი კანის აცლას, აქერცვლას უდევს საფუძვლად.

ზუსტი გენეტიკური კავშირი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თუმცა, HLA-ის (ჰისტოშეთავსებადობის კომპლექსი) რამდენიმე ქვეტიპი დაკავშირებულია ამ მდგომარეობის რისკთან, როგორიცაა HLA-DQw3, DRw53 და Aw33. აღნიშნული ქვეტიპები განსხვავდება ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისათვის დამახასიათებელი ქვეტიპებისგან.[3]

მარტივი ჰერპესის ვირუსის დნმ (პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის მეთოდით) და ვირუსის ცილები შეიძლება აღმოვაჩინოთ კანის დაზიანებების უმეტესობაში, რაც მულტიფორმული ერითემის წამყვან მიზეზად მარტივი ჰერპესის ვირუსზე ჰიპერმგრძნობელობაზე მიუთითებს.[33] ვარაუდობენ, რომ მარტივი ჰერპესის ვირუსის დნმ-ის ექსპრესიის პერსისტენტობამ შეიძლება ხელი შეუწყოს მონოციტური უჯრედებისა და Th1 ხაზის უჯრედების დაგროვებას, რაც იწვევს გამა ინტერფერონის ადგილობრივ წარმოქმნას და მულტიფორმული ერითემის დაზიანებების ჩამოყალიბებას. მარტივი ჰერპესის ვირუსის დნმ-ის დისემინირება შეიძლება მოხდეს CD34+ ლანგერჰანსის უჯრედების გადაადგილებით კანის შორეულ მიდამოებში.[34][35]

კლასიფიკაცია

სტანდარტული კლასიფიკაცია[2][3][4][5]

მულტიფორმული ერითემის მსუბუქი ფორმის დროს მხოლოდ კანის გამოვლინებები გვხვდება, ხოლო მძიმე ფორმა მოიცავს ერთ ან მეტ ლორწოვან გარსს.

მულტიფორმული ერითემა- მსუბუქი ფორმა

  • ტიპური სამიზნისმაგვარი დაზიანებები ან ამობურცული შეშუპებული პაპულები, სხეულის წარზიდულ ნაწილებზე გავრცელებით, ლორწოვანის ჩართულობის გარეშე და სხეულის სრული ზედაპირის <10%-ზე ნაკლების მოცვით.

მულტიფორმული ერითემა- მძიმე ფორმა

  • ტიპური სამიზნისმაგვარი დაზიანებები ან ამობურცული შეშუპებული პაპულები, სხეულის წარზიდულ ნაწილებზე გავრცელებით, + ერთი ან მეტი ლორწოვანი გარსი სხეულის სრული ზედაპირის <10%-ზე ნაკლების მოცვით.

მსგავსი დერმატიტები

  • სტივენს-ჯონსონის სინდრომი: მძიმე მაკულური (ატიპური სამიზნე) დაზიანებები, რომლებიც ერთდებიან და იწვევენ ეპიდერმისის დაბუშტუკებას, ნეკროზსა და აცლას. ტიპური სამიზნისმაგვარი დაზიანება არ ვლინდება. ჩართულია სხეულის ზედაპირის <10% ნაწილი. შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ლორწოვანს.

  • ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი: მძიმე მაკულური (ატიპური სამიზნე) დაზიანებები, რომლებიც ერთდებიან და იწვევენ ეპიდერმისის დაბუშტუკებას, ნეკროზსა და აცლას. ტიპური სამიზნისმაგვარი დაზიანება არ ვლინდება. ჩართულია სხეულის ზედაპირის >30% ნაწილი.

  • სტივენს-ჯონსონის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის გადაფარვის სინდრომი: მძიმე მაკულური (ატიპური სამიზნე) დაზიანებები, რომლებიც ერწყმის და იწვევს ეპიდერმისის დაბუშტუკებას, ნეკროზს და აცლას. დამახასიათებელი სამიზნე დაზიანებები არ ვლინდება. დაზიანებულია სხეულის მთლიანი ზედაპირის 10%-დან 30%-მდე ნაწილი. იხილეთ სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას