ეტიოლოგია

შოგრენის სინდრომის ეტიოლოგია გაურკვეველი რჩება.[16]

მემკვიდრეობითობისა ან შეფარდებითი გენეტიკური რისკის შესახებ მონაცემები მწირია. თეთრკანიან პაციენტებში HLA II კლასის მარკერები - HLA-A1, -B8 და -DR3/DQ2 ჰაპლოტიპები დაკავშირებულია შოგრენის სინდრომისადმი მიდრეკილებასთან. HLA-DR3 დაკავშირებულია როგორც ანტი-60kD Ro, ასევე ანტი-La-ს ანტისხეულების წარმოქმნასთან. ითვლება, რომ HLA II კლასის ფენოტიპი ხელს უწყობს ეპიტოპების გავრცელებას.[17] ასევე კარგად არის დოკუმენტირებული, რომ HLA-DR3 ჰაპლოტიპის გარდა, HLA-DR2 ჰაპლოტიპიც მჭიდროდაა ასოცირებული Ro-La -დადებით შოგრენის სინდრომთან. რამდენიმე ქრომოსომულმა ინტერვალმა აჩვენა გენეტიკური ასოციაცია, თუმცა გამომწვევი ალელები დადგენილი არ არის.[18]

ქალებში უფრო მაღალი პრევალენტობის გამო გამოითქვა მოსაზრება ესტროგენის და/ან ანდროგენის დეფიციტის როლის შესახებ როგორც შოგრენის, ასევე სხვა აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში.

ლიმფოციტურ ინფილტრატებში და სანერწყვე ჯირკვლის ეპითელიუმის უჯრედებში ბიოფსიით აღმოჩენილია ეპშტეინ-ბარის ვირუსის დნმ და ანტიგენები. შრატში მომატებული იყო ეპშტეინ-ბარის ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულები.[19] თუმცა, აღნიშნული შედეგები შოგრენის სინდრომისთვის არ არის სპეციფიკური და ეს ასოციაციაც შესაძლოა არასპეციფიკური იყოს. დაფიქსირებულია მოლეკულური მიმიკრია SS-B/La და რეტროვირუსულ gag ცილას შორის, რაც მიუთითებს პათოგენეზში რეტროვირუსის შესაძლო როლზე. აღმოჩნდა, რომ ადენოვირუსული ინფექცია იწვევს SS-B/La ლოკალიზაციის რედისტრიბუციას, რაც სავარაუდოდ ხელს უწყოს აუტოიმუნური პროცესის ჩართვას.[20]

პათოფიზიოლოგია

და სავარაუდოდ მოიცავს იმუნოლოგიურ, გენეტიკურ, ჰორმონალურ და ვირუსულ კომპონენტებს.[1]

შოგრენს სინდრომის დროს ჰიპერრეაქტიული პოლიკლონური B ლიმფოციტები წარმოქმნიან სხვადასხვა ანტისხეულებს.[21] ძალიან ხშირია ანტისხეულები, რომლებიც Ro/La რიბონუკლეოპროტეინის კომპლექსს ემაგრებიან (პაციენტების 75% - 90%); მსგავსი ანტისხეულები ავადმყოფობის ყველაზე ხშირი იმუნოლოგიური მახასიათებელია.[22] ასევე ნანახია ანტინუკლეური ანტისხეულები (ANAs) (90%), რევმატოიდული ფაქტორი (დაახლოებით 50%), ანტითიროგლობულინური ანტისხეულები (25%) და ანტისხეულები საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლების ექსტრაქტების საწინააღმდეგოდ.[21] ბოლოდროინდელი კვლევები მიუთითებს კომპლემენტის სისტემის შედარებითი დეფიციტის როლზეც, რაც ანელებს აპოპტოზური ნარჩენების მოშორების პროცესს და იწვევს იმუნოგენურ Ro/La ნაწილაკების დაგროვებას; სხვა კვლევებით ნავარაუდევია T-უჯრედებისგან დამოუკიდებელი აუტოიმუნური კასკადური მექანიზმებიც.

სანერწყვე ჯირკვლის ბიოფსიით ვლინდება ლიმფოციტებით მდიდარი ინფილტრატები. კვლევებით დასტურდება, რომ ინფილტრატებში გვხვდება ანტი-Ro და ანტი-La მაპროდუცირებელი B-უჯრედები. მაინფილტრირებელი უჯრედები სანერწყვე ჯირკვლის ფუნქციას სავარაუდოდ ხელს უშლიან: ა) ციტოკინების სეკრეციით, ბ) აუტო-ანტისხეულების სეკრეციით, რომლებიც მუსკარინულ რეცეპტორებზე ახდენენ გავლენას და გ) მეტალოპროტეინაზების სეკრეციით, რაც ხელს უშლის ჯირკვლოვანი უჯრედის ურთიერთქმედებას მის უჯრედგარე სივრცესთან.[2][23]

გარკვეული მტკიცებულებაა იმის თაობაზე, რომ ესტროგენი შესაძლოა იყოს გენდერული განსხვავების მთავარი მიზეზი. ესტროგენი ძლიერ გავლენას ახდენს აუტოიმუნური დაავადებების მიმდინარეობაზე, რაც გამოიხატება ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტებით და თვითონ ჰორმონი გადამწყვეტ როლს თამაშობს აუტოიმუნური პასუხის ინიცირებაში.[24] ესტროგენის მიმართ უჯრედული მგრძნობელობის შესაძლო მიზეზებია: ესტროგენის რეცეპტორის იზოფორმების ვარიაბელური ექსპრეცია და ესტროგენის პოტენტურობა (რეცეპტორის მიმართ აფინურობა). ქალებს ბაზისურად ხუთჯერ უფრო მეტი იმუნოგლობულინი აქვთ და გამოყოფენ უფრო მეტ იმუნოგლობულინს ინფექციის ან იმუნიზაციის დროს, ვიდრე იმავე ასაკის მამაკაცები. აღნიშნული განსხვავებები ვლინდება მხოლოდ რეპროდუქციულ ასაკში, ანუ გარდატეხის ასაკის შემდეგ.[25] ანდროგენებს შეიძლება ჰქონდეს აუტოიმუნურობისგან დამცავი როლი, ანუ შოგრენის სინდრომის მქონე ქალებს შეიძლება ჰქონდეთ ანდროგენის დეფიციტი.[26][27] თუმცა, სხვა კვლევით ნაჩვენებია, რომ სქესობრივი განსხვავება შოგრენის სინდრომის შემთხვევაში შეიძლება აიხსნას X-ქრომოსომული გენის დოზის ეფექტით. მდედრობითი სქესისადმი მიდრეკილების მექანიზმი ნათელი არ არის. X ქრომოსომის ტრისომია (47, XXX) მნიშვნელოვნად უფრო ხშირია სისტემური წითელი მგლურას და პირველადი შოგრენის სინდრომის მქონე პაციენტებში, თუმცა აღნიშნული ეფექტი არ ვლინდება სხვა დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა: პირველადი ბილიური ციროზი, რევმატოიდული ართრიტი (ორივე მათგანი უფრო ხშირია ქალებში), სარკოიდოზი (არ არის გენდერულად განსხვავებული) და ჯანმრთელი საკონტროლო ჯგუფები.[28] აღნიშნული კვლევების თანახმად, აუტოიმუნური დაავადებების სქესობრივი განსხვავებები მეტად უნდა იყოს შესწავლილი. ერთი კვლევის მიხედვით, შოგრენის სინდრომით დაავადებულებს შორის უფრო ხშირი იყო კლაინფელტერის სინდრომიანი მამაკაცები, საკონტროლო ჯგუფთან და რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ მამაკაცებთან შედარებით.[29]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას