პროგნოზი

ლასას ვირუსით დაინფიცირებულ პირებში ჯამური ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ია; მიუხედავად ამისა, ლასას ცხელების მიზეზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ლეტალობის დოკუმენტირებული მაჩვენებელი 15%-დან 70%-მდე მერყეობს, საიდანაც მაღალი მაჩვენებლები აღრიცხულია ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქებების დროს (50%) ან როდესაც პაციენტი წარმოდგენილია ლასას ცხელების კლინიკაში და აქვს ადდებითი პასუხი ლასას ანტიგენურ ტესტზე (65%-70% ლეტალობის მაჩვენებელი).[2][9] ნიგერიაში, 2016 წელს მომხდარი ეპიდაფეთქების დროს ლეტალობის საერთო მაჩვენებლი იყო 59.6%, საიდანაც 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და 55 წელს გადაცილებულ ზრდასრულებში მაჩვენებელი 100%-ს აღწევდა.[44] სიერა ლეონეში, ერთ კლინიკაში ჰოსპიტალიზებული ბავშვების შემთხვევათა ლეტალობის მაჩვენებელი იყო 27%, ხოლო შედარებით მაღალი სიკვდილობა დაფიქსირდა 29 წელს ქვემოთ ასაკის პირებში 29 წლის ასაკს გადაცილებულ პირებთან შედარებით.[3][12]

ლასას ცხელება შეიძლება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობდეს ორსულობის ბოლო პერიოდში. ამ დროს დედის სიკვდილობა და/ან ნაყოფის დაკარგვა შემთხვევათა 80%-ში გვხვდება მესამე ტრიმესტრში.[5]

მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება მწირია, ნავარაუდებია, რომ პაციენტები ვირუსს შარდში გამოყოფენ დაავადების დაწყებიდან 3-9 კვირის განმავლობაში, ხოლო თესლში კი 3 თვის განმავლობაში; შესაბამისად, რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება გამოჯანმრთელებიდან 3 თვის ფარგლებში.[8]

ფატალურ შემთხვევებში, სიკვდილი ძირითადად ფიქსირდება ავადმყოფობის დაწყებიდან 14 დღეში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას