მიდგომა

ლასას ცხელება არის შეტყობინებადი დაავადება. ლასას ცხელების დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ ეჭვს, ანამნეზს, გასინჯვით მოპოვებულ მონაცემებს და ლაბორატორიულ ტესტირებას (რომლითაც დასტურდება დიაგნოზი). ინფექციის მართვისა და პრევენციისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა ექსპოზიციაზე ეჭვის დროული მიტანა და მისი გამოვლენა, ასევე ლასას ცხელების სწრაფი იდენტიფიცირება.

იზოლაცია და პირადი დაცვის საშუალებები (PPE)

თუ ეჭვია ინფექციაზე, პაციენტი უნდა მოექცეს იზოლაციაში და კონტაქტში მყოფმა ჯანდაცვის ყველა მუშაკმა უნდა ატაროს PPE.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის დეპარტამენტმა შეიმუშავეს დეტალური გაიდლაინები პირადი დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით ჰემორაგიული ცხელებების, მათ შორის ებოლასათვის. ლასას ცხელების დროს გასათვალისწინებელია შემდეგი საფეხურები:

ანამნეზი

საჭიროა დეტალური ანამნეზი, მათ შორის მოგზაურობის დეტალური ისტორია, რათა განისაზღვროს ლასას ცხელების არსებობის რისკი. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ რა დონის დაცვაა საჭირო სამედიცინო პერსონალისა დალაბორატორიის გუნდისთვის.

ლასას ცხელება ენდემურია დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით ნიგერიაში, სიერა ლეონეში, ლიბერიასა და გვინეაში. შემთხვევები აღრიცხულია ასევე განაში, ბენინში, ტოგოში, ბურკინა ფასოში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ენდემურ რეგიონებში მცხოვრები ან დასაქმებული პირები ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან. თუმცა, ენდემური რეგიონიდან ახლახანს ჩამოსვლა (21 დღის განმავლობაში) ასევე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. არაენდემურ ქვეყნებში შემთხვევები უფრო ხშირია ენდემური რეგიონებიდან დაბრუნებულ მგზავრებში. ყურადღება ექცევა გადაცემის სეზონურობასაც. ნიგერიაში აღინიშნება ეპიდაფეთქებები თითქმის ყოველ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აფეთქებების პიკია დეკემბერსა და თებერვალში (მშრალი სეზონი). სიერა ლეონეში, პიკური სეზონი არის მშრალი სეზონის დროს (მაგ. თებერვლიდან მარტამდე), უფრო მცირედი პიკით დეკემბერში.[12]

პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებული ვირთხების ან დაინფიცირებული ადამიანების სისხლთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან არის ლასას ცხელების ადამიანზე გადაცემის მთავარი მეთოდი. წარსულში ცხოვრება ისეთ სახლში, რომელშიც არსებობს მტკიცებულება მღრღნელების ინფესტაციის შესახებ ან სადაც ინდივიდებს ჰქონიათ ლასას ცხელებით დაინფიცირების შემთხვევები, უნდა ჩაითვალოს რისკფაქტორად. პაციენტს უნდა შევეკითხოთ მღრღნელის საკვებად მიღების შესაძლო ფაქტის არსებობაზე.[22]

ლასას ვირუსი გამოვლინდა პაციენტების სისხლში, შარდში, ხახის ნაცხში და თავზურგტვინის სითხეში (CSF), ასევე მითითებულია სქესობრივი გზით გადაცემის ალბათობაც.[2][20][25] აღწერილია ნოზოკომიალური ინფექციები როგორც ენდემურ, ასევე არაენდემურ პირობებში.[26][27][28] მარტივი ინფექციის საკონტროლო მექანიზმები მნიშვნელოვნად ამცირებენ ნოზოკომიალური გადაცემის რისკს.[29] ინფიცირებული პაციენტების ოჯახის წევრები ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ დგანან, თუ ადგილი აქვს დიარეას, ღებინებასა და სისხლდენას.

მალარია და ტიფოზური ცხელება ძირითადად ენდემურია იმ რეგიონებში, სადაც ლასას ცხელებაც აღინიშნება. ანამნეზი უნდა მოიცავდეს შეფასებას მალარიისა და ტიფოზური ცხელების რისკის კუთხით.

კლინიკური გამოვლინება

ლასას ცხელების საინკუბაციო პერიოდი ვარირებს 3-დან 21 დღემდე, მედიანა, დაახლოებით 10 დღეა.[4][17][18] ლასას ცხელება მრავალი გზით შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა პაციენტთა დაახლოებით 80%-ში ინფექცია ასიმპტომურია ან მხოლოდ მსუბუქი სიმპტომატიკით შემოიფარგლება.[2] თავდაპირველი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ცხელება

  • შეუძლოდ ყოფნა

  • ზოგადი სისუსტე

  • თავის ტკივილი

  • ყელის ტკივილი

  • მიალგია

  • გულისრევა

  • პირღებინება

  • დიარეა

  • ხველა

  • მუცლის ტკივილი

  • ტკივილი გულმკერდის არეში.

სიერა ლეონეს ერთ ჰოსპიტალში, ლასას ცხელების დიაგნოზით მიღებული 441 პაციენტიდან ყველას აღენიშნებოდა ცხელების სიმპტომი.[4] ამ პაციენტების 70%-ზე მეტს ასევე აღენიშნებოდა ტკივილი გულმკერდის არეში, დიარეა, ღებინება და თავის ტკივილი.

ლასას ცხელების მრავალფეროვნების და სიმპტომების არასპეციფიკური ბუნების გამო კლინიკური დიაგნოსტიკა შესაძლოა გართულდეს. ნაკლებად ხშირი სიმპტომების არსებობა შესაძლოა დაგვეხმაროს ლასას ცხელების დიფერენცირებაში ცხელების სხვა გამომწვევი მიზეზებისგან (მაგ. მალარია, ლეპტოსპიროზი, ყვითელი ცხელება), როგორებიცა არაპროდუქტიული მშრალი ხველა და ყელის ტკივილი (გვხვდება პაციენტთა დაახლოებით 66%-ში).[4] ასევე დაფიქსირებულია ნევროლოგიური ნიშნები, როგორიცაა გონების არევა და გლასკოს კომის შკალით (GCS) დაბალი ქულა.[7][30]

მძიმე დაავადება უვითარდება პაციენტების დაახლოებით 20%-ს. მძიმე სიმპტომებია: ჰემორაგია (მაგ. ღრძილებში, თვალებში, ცხვირში, სწორ ნაწლავში და ვაგინაში [განსაუთრებით ორსულ ქალებში]); სუნთქვის დარღვევა; განმეორებითი ღებინება; სახის შეშუპება; ტკივილი გულმკერდის, ზურგის და მუცლის არეში; და შოკი. მძიმე დაავადდების დროს შესაძლოა დაზიანდეს ღვიძლი, ელენთა და თირკმელები.

ფიზიკური გამოკვლევა

პაციენტის გასინჯვა საჭიროა ცხელების ალტერნატიული დიაგნოზების გამოსავლენად.

უნდა დავაკვირდეთ შემდეგ ნიშნებს:

  • ცხელება ≥37.5°C

  • მომატებული სუნთქვის სიხშირე

  • დაბალი სისტოლური არტერიული წნევა

  • კონიუნქტივური სიწითლე

  • ანთებითი, შეშუპებული უკანა ხახა და ტონზილები.

ცხელება გვხვდება ლასას ცხელებით დაავადებულ თითქმის ყველა პაციენტში. თუმცა, ცხელება შესაძლოა არ იყოს უწყვეტი; შესაბამისად, კლინიკაში წარდგენისას ცხელების არქონა არ გამორიცხავს ლასას ცხელების დიაგნოზს.

ცხელება, მომატებული სუნთქვის სიხშირე და დაბალი სისტოლური არტერიული წნევა შეიძლება შეგვხვდეს მთელ რიგ ინფექციურ დაავადებებში, რაც ართულებს ლასას ცხელების დიაგნოსტიკას. ექსპოზიციის ცნობილი შემთხვევისა და >38°C ცხელების 3 კვირაზე ნაკლები ხნით გამოვლენის კომბინაცია, ლოკალური ანთების გარეშე, აუცილებელი კრიტერიუმია ლასას პალატაში მოსახვედრად სიერა ლეონეს ენდემურ რეგიონში. ლოკალური ანთების არარსებობა მთავარი ნიშანია სხვა, უფრო ხშირი ბაქტერიული ინფექციების გამოსარიცხად, მაგალითად.

სმენის დაქვეითება/დაკარგვა უნიკალური ნიშანია, რომელიც დიაგნოზის დასმისას გამოიყენება. იგი აღინიშნა სიერა ლეონეში, დადასტურებული ლასას ცხელების მქონე 49 მწვავე, ფებრილური პაციენტების დაახლოებით 29%-ში.[6] იგი ასევე ვლინდება, როგორც მოგვიანებითი ნარჩენი შედეგი ცხელებას გადარჩენილ ადამიანებში.[4]

სიერა ლეონეში ებოლას ეპიდემიის განვითარებამდე, ერთ ფართომასშტაბიან კოჰორტულ კვლევაში დადგინდა, რომ ყელის ტკივილისა და ღებინების კომბინაცია აღინიშნებოდა შემთხვევათა 90%-ში, ხოლო სისხლდენისა და ყელის ტკივილის კომბინაცია იყო სიკვდილობის საუკეთესო პროგნოზული ფაქტორი.[4]

ლასას ცხელების დროს კანზე კლასიკური გამონაყარი არ ვითარდება, ხოლო იშვიათია კანქვეშა სისხლდენა (ექიმოზი ან პეტექიები), თუმცა აღწერილია სახის, კისრის და ყბის შეშუპების შემთხვევები.[4]

დაბალი ქულა გლასგოს კომის შკალაზე ან გულყრა შესაძლოა მიუთითებდეს ლასას ცხელების ენცეფალოპათიაზე.[30]

შემთხვევათა ერთ სერიაში აღწერილია ლასას ცხელების იდენტიფიცირება 7 პაციენტში, რომელთაც ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ქირურგიული ჩარევა. გამოვლინდა მუცლის მტკივნეულობა დაცვითი რეფლექსით ან უკუცემითი ტკივილით და მწვავე ქირურგიული მუცელი.[31]

გვიანდელი წარდგენისას ან გართულებისას, აღწერილია სისხლდენა (17%) და ეფუზიები (3%). ეფუზიები უკავშირდება პროტეინურიას.[4]

საწყისი კვლევები

თუ პაციენტი კლინიკაში მიიღეს ცხელებითა და ახლო წარსულში (21 დღის განმავლობაში) მოგზაურობის ისტორიით ლასას ცხელების ენდემურ ან ეპიდემურ არეალში, იგი უნდა გამოიკვლიოს ეროვნული პროტოკოლების მიხედვით.

თუ ნაჩვენებია ლაბორატორიული ტესტირება, სისხლის ნიმუშის აღება, შეფუთვა და ტრანსპორტი, ეს პროცესები უნდა განხორციელდეს ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, ხოლო პაციენტი უნდა იყოს იზოლაციაში. გამოყენებული უნდა იყოს პირადი დაცვის საშუალებები. ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის პათოგენებზე სამუშაოდ. მეტიც, ნიმუშები უნდა გაიგზავნოს მხოლოდ მას შემდეც, რაც ჩატარდება რისკების სრული შეფასება და გაიმართება დისკუსია ლაბორატორიასთან (ლაბორატორიას უნდა ეცნობოს პოტენციურად საშიში მასალის მიღების შესახებ), რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ნოზოკომიალური გადაცემის რისკი.

თავდაპირველი გამოკვლევა ყველა საეჭვო პაციენტში უნდა იყოს უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ლასას ვირუსზე. ყველაზე მაღალი ვირემია გვხვდება სიმპტომების გამოვლენიდან 4-9 დღეში.[17] ასევე უნდა ჩატარდეს სეროლოგიური კვლევა IgM ELISA მეთოდის გამოყენებით. IgM ELISA მეთოდს ახასიათებს 88% მგრძნობელობა და 90% სპეციფიკურობა მწვავე ინფექციის დროს.[32]

თუ თავდაპირველი ლაბორატორიული გამოკვლევა უარყოფითია და კლინიკური ეჭვი კვლავ მაღალია,შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევების გამეორება 24 საათში.

RT-PCR და IgM ELISA მეთოდები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ ენდემურ რეგიონში, სადაც გვხვდება შეზღუდული რესურსები. ამ პრობლემის საპასუხოდ, განვითარდა ReLASV® ანტიგენის სწრაფი ტესტი, როგორც სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტი ლასას ცხელების სადიაგნოსტიკოდ ჰოსპიტალშივე, შეზღუდული რესურსების მქონე რეგიონებისათვის.[1] ტესტი წარმოადგენს მარკერ-ზოლის ტესტის სტილის ლატერალური ნაკადის იმუნოანალიზს, რომელიც ეფუძნება ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზის (ELISA) მსგავს პრინციპებს. ამ უკანასკნელს ლასას ვირუსის მიმართ ანტისხეუელბისა და ანტიგენების ამოცნობა შეუძლია თითის ნაჩხვლეტიდან მოპოვებულ სისხლში. უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციასთან შედარებით, რომელიც ითვლება ოქროს სტანდარტად, ამ ტესტით გამოვლინდა 76%-იანი მგრძნობელობა და 98.6%-იანი სპეციფიკურობა. თუ სწრაფი ანტიგენური ტესტის შედეგი უარყოფითია, დიაგნოზის დასადასტურებლად იყენებთ უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას ან სეროლოგიურ კვლევას.

ლასას ცხელება ძირითადად კო-ენდემურია მალარიასა და ტიფოზურ ცხელებასთან; შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს დიაგნოსტიკური ტესტი მალარიაზე, ტიფოზურ ცხელებაზე კი დაითესოს სისხლის კულტურა. ტიფოზური ცხელების სადიაგნოსტიკოდ არ არსებობს სანდო, სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტი. თანაინფექცია მალარიით ან ტიფოზური ცხელებით იშვიათია, თუმცა არა შეუძლებელი. ნიმუშების შემოწმება ლასას ცხელებაზე შესაძლებელია ამ ინფექციების მკურნალობისასაც.

სხვა გამოკვლევები

  • შრატის ელექტროლიტები და თირკმელების ფუნქცია

    • შრატში ელექტროლიტების დონე განსაკუთრებით საგულისხმოა დიარეას და ღებინების მქონე პაციენტებში. ელექტროლიტების მაჩვენებლებით ვხელმძღვანელობთ ელექტროლიტებისა და სითხის გადასხმას. ლასას ცხელების მქონე პაციენტებში აღნიშნულია კრეატინინის საშუალოდ მომატებული დონეები, რაც, სავარაუდოდ, მიუთითებს დეჰიდრატაციაზე ან კრეატინ კინაზას გაზრდილი აქტივობის შედეგად წარმოქმნილ დაზიანებაზე.[4]

  • ლაქტატი/არტერიული აირები სისხლში

    • ქსოვილების ჰიპოპერფუზიისა და სითხის გადასხმის მართვის განსაზღვრისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სისხლში ლაქტატის დონე, არტერიული ან ვენური pH და ბიკარბონატის მაჩვენებელი.

  • FBC

    • როგორც წესი, ვლინდება მომატებული ჰემატოკრიტი, რაც დეჰიდრატაციაზე მიუთიტებს. ასევე აღწერილია თრომბოციტოპენიაც.[33]

  • კოაგულაციის კვლევები

    • უნდა ჩატარდეს, ხოლო დარღვევების შემთხვევაში საჭიროა მათი გამოსწორება.

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები

    • აღინიშნა ალანინ ამინოტრანსფერაზას დონის მომატება, რაც ასოცირებულია უარეს შედეგთან.[34]

  • გულმკერდის რენტგენი

    • უნდა ჩატარდეს პლევრის ან პერიკარდიუმის გამონაჟონის შესამოწმებლად.

  • შარდის ანალიზი

    • უნდა შესრულდეს პროტეინურიის სკრინინგის მიზნით.

  • სისხლის კულტურები

    • შესაძლოა დაგვეხმაროს სეფსის სხვა მიზნების ამოცნობაში (მაგ. მუცლის ღრმა ინფექცია, ზედა საშარდე გზების ინფექცია, ენდოკარდიტი ან დისიტი).

  • ლუმბალური პუნქცია

    • 6-დღიანი სიმპტომატიკის შემდეგ წარმოდგენილ პაციენტებში საკმაოდ ხშირია ენცეფალოპათია; თუმცა თავზურგტვინის სითხეში ლასას ვირუსის რნმ იშვიათად ვლინდება, ვინაიდან ასეთ პაციენტებში ლუმბური პუნქცია იშვიათად ხორციელდება.[30]

    • ვინაიდან არსებობს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი, ასეთ პაციენტებში ლუმბური პუნქცია რუტინულად რეკომენდებული არ არის. პროცედურა შესაძლოა განსაკუთრებით რთული და საშიში იყოს ენცეფალოპათიურ პაციენტებში, რომლებიც კონფუზიურ მდგომარეობაში არიან.

  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა

    • შესაძლოა განვიხილოთ ინტრაპერიტონული სითხის და პერიკარდიუმის გამონაჟონის გამოსაკვლევად.[18]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას