ეპიდემიოლოგია
ლასას ცხელება ენდემურია დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით ნიგერიაში, სიერა ლეონეში, ლიბერიასა და გვინეაში. შემთხვევები აღრიცხულია ასევე განაში, ბენინში, ტოგოში, ბურკინა ფასოში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
მოსახლეობაში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების პრევალენტობა არის 8%-დან 52%-მდე სიერა ლეონეში, 4%-დან 55%-მდე გვინეაში და დაახლოებით 21% ნიგერიაში.[7] არსებობს ენდემურობის მტკიცებულება ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში, მალიში, სენეგალსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში.[7][8]
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების გამოთვლებით, აღნიშნავენ ლასას ცხელების შემთხვევათა რაოდენობას 1 წელიწადში დასავლეთ აფრიკაში: 100 000-დან 300 000-მდეა, დაახლოებით 5 000 ფატალური შედეგით.[9] სხვა კვლევების მიხედვით, ეს მაჩვენებელი უახლოვდება 300 000-დან 500 000-მდე შემთხვევათა რიცხვს წლიურად.[1] სამწუხაროდ, ეს არაზუსტი გამოთვლაა, რადგან დაავადებაზე ზედამხედველობა ერთგვაროვნად არ წარმოებს. სიერა ლეონესა და ლიბერიის გარკვეულ რეგიონებში არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ყოველ წელს ჰოსპიტალში მიღებული ადამიანების 10-16%-ს აღენიშნება ლასას ცხელება.[9] დაავადება შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ნიგერიაში ჩატარებული ერთ-ერთი პროსპექტული კოჰორტული კვლევის თანახმად, რომელიც მოიცავდა ლასას ცხელების დადასტურებული შემთხვევის მქონე 510 პაციენტს, აღმოჩნდა, რომ ≥45 წლის ასაკი არის ინფექციის სიკვდილობასთან ასოცირებული დამოუკიდებელი ფაქტორი.[10]
ნიგერიაში აღინიშნება ლასას ცხელების ეპიდაფეთქებები თითქმის ყოველ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აფეთქებების პიკია დეკემბერსა და თებერვალში (მშრალი სეზონი). შემთხვევების ჩვეულებრივზე მაღალი პიკი დაფიქსირდა 2020 წლის პირველ 3 თვეში, მაგრამ სიხშირე მას შემდეგ ნორმალურ დონემდე დავიდა. 2022 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით, 2022 წელს დაფიქსირდა 6854 საეჭვო შემთხვევა და 933 დადასტურებული შემთხვევა, 173 პაციენტი კი გარდაიცვალა.[8]
გვინეაში, ლასას ცხელების ბოლო ეპიდაფეთქება მოხდა 2021 წლის მაისიდან დეკემბრამდე პერიოდში. ეპიდაფეთქება დაუკავშირდა 17 წლის ქალს, რომელსაც აღენიშნებოდა ჰემორაგიული ცხელება, გეკედუს პრეფექტურაში, სამხრეთ აღმოსავლეთ გვინეაში.[11]
სხვა რეგიონებში ეპიდაფეთქებები სპორადულია. 2011 წელს, დადასტურდა შემთხვევები პირველად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და განაში. 2014 წელს ბენინში პირველად დადასტურდა შემთხვევები, რომელსაც შემდგომ 2016 და 2017 წლებში ეპიდაფეთქებები მოყვა. ლიბერიაში, გაერთიანებული ერების მისიაში 2014 წელს დაფიქსირდა ეპიდაფეთქების შემთხვევა კატაკაში, მარგიბის რაიონში. შემთხვევები ტოგოში დაფიქსირებულია 2016 და 2017 წლებში. იზოლირებული შემთხვევების ფაქტები აღრიცხულია ბურკინა ფასოში (2017 წელი) და კოტდიუარში. სიერა ლეონეში, პიკური სეზონი არის მშრალი სეზონის დროს (მაგ. თებერვლიდან მარტამდე), უფრო მცირედი პიკით დეკემბერში.[12]
აშშ-ში დაფიქსირებულია ლასას ცხელების მხოლოდ 6 შემთხვევა. ყველა მათგანი ასოცირებულია იმ ქვეყნებში მოგზაურობასთან, სადაც ცნობილია ვირუსის გავრცელების შესახებ.[9] დიდ ბრიტანეთში 2022 წლამდე დაფიქსირებულია ლასას ცხელების მხოლოდ 8 დადასტურებული შემთხვევა 1980 წლიდან, შემდეგი ტრანსმისიის მტკიცებულება ამ შემთხვევებიდან გამომდინარე არ არსებობს.[8] 2022 წლის თებერვალში დადასტურდა ლასას ცხელების სამი შემთხვევა და დაფიქსირდა ერთი სიკვდილი.[13] პირველადი შემთხვევა დაკავშირებული იყო მალიში მოგზაურობასთან, სადაც ლასას ცხელება ენდემურია. ეს იყო დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული პირველი შემთხვევა 2009 წლის შემდეგ და წარმოადგენს მეორეული გადაცემის მეორე ცნობილ შემთხვევას ევროპაში. აფრიკის გარეთ პირველი ადგილობრივად შეძენილი დოკუმენტირებული შემთხვევა დაფიქსირებულია რინელანდ-პალატინატის გერმანუ ფედერალურ შტატში 2016 წელს, სადაც ერთ-ერთი დაკრძალვის ორგანიზატორს აღმოაჩნდა ინფექცია ტოგოდან შემოსულ ინფიცირებულ გვამთან ექსპოზიციის შემდგომ.[14]
2019 წლის ნოემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო შეტყობინება ნიდერლანდებში ლასას ცხელების ორი იმპორტირებული შემთხვევის შესახებ სიერა ლეონედან. პირველი შემთხვევა იყო ჰოლანდიელი ექიმი, რომელიც სიერა ლეონეს ტონკოლილის რეგიონის მასანგას საავადმყოფოში მუშაობდა. სავარაუდოა, რომ ვირუსთან ექსპოზიცია მოხდა ქირურგიული ჩარევის დროს ორ პაციენტთან (ორივე პაციენტი გარდაიცვალა ოპერაციის შემდეგ). მეორე შემთხვევა იყო სამედიცინო პერსონალი, რომელიც ქირურგიული ჩარევის დროს ეხმარებოდა ექიმს. კონტაქტების მოძიება და მონიტორინგი დაიწყო სიერა ლეონეში, უგანდაში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.[15]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლასას ცხელების ეპიდაფეთქების გავრცელების რუკაCDC [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას