მონიტორინგი

ექსპოზიციის შემდგომი მონიტორინგი:

  • B ვირუსზე ექსპოზირებული პაციენტები დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ სულ მცირე 2 თვის განმავლობაში, მიუხედავას იმისა, რომ დაავადება ძირითადად იწყება ექსპოზიციიდან 5 კვირის განმავლობაში. პაციენტებმა ასევე უნდა მიიღონ რჩევითი კონსულტაცია. მონიტორინგისა და კონსულტირების საჭიროება არ არის დამოკიდებული ანტივირუსული პროფილაქტიკის მიღებაზე. განმეორებითი შეფასების ვიზიტები უნდა დაიგეგმოს პოტენციური ინფექციის აღმოსაჩენად და/ან დაავადების პროგრესირებაზე დასაკვირვებლად. თავდაპირველი ვიზიტები შეიძლება დაინიშნოს ექსპოზიციიდან 1,2 და 4 კვირაზე, ან B ვირუსთან ასოცირებული სიმპტომების გამოვლენის შემდგომ დაუყოვნებლივ. პროფესიული ექსპოზიციის შემთხვევაში, პაციენტის უფროსი ან მათი პროფესიული ჯანდაცვის პროვაიდერი უნდა ახორციელებდეს პაციენტის კლინიკური სტატუსის მონიტორინგს კვირაში ერთხელ მაინც, ექსპოზიციიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში. განმეორებითი ვიზიტების დროს, უნდა შეფასდეს ინფიცირების არე და B ვირუსთან ასოცირებული ნიშნები და სიმპტომები. ასევე უნდა განისაზღვროს, რამდენად სწორად და სისტემატიურად იღებს პაციენტი მედიკამენტს. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკას (PEP), მონიტორინგის პერიოდი გაუგრძელდებათ, რადგან B ვირუსზე ანტისხეულების პასუხი დაგვიანებულია, ვირუსული გავრცელება/გამოყოფა კი სუპრესირებული. სეროლოგიური ტესტირება უნდა ჩატარდეს განმეორებით ექსპოზიციიდან 3-6 კვირის შემდეგ; შრატის ნიმუში იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ PEP თერაპიას, უნდა შემოწმდეს მოგვიანებით (მაგ. ექსპოზიციიდან 3 თვეში). იმ პაციენტებში, რომელთაც დადებითი PCR ან კულტურა აღენიშნათ თავდაპირველი ჭრილობის პერიოდში, დამატებითი PCR ან კულტურა უნდა ჩატარდეს ანტივირუსული თერაპიის შეწყვეტიდან 1-2 კვირაში, რათა შემოწმდეს შეწყდა თუ არა ვირუსის გავრცელება/გამოყოფა.[4]

ანტივირუსული მკურნალობის მონიტორინგი:

  • შრატის კრეატინინი უნდა განისაზღვროს აციკლოვირის მაღალი დოზების მიმღებ პაციენტებში. დოზირება უნდა შეიცვალოს მონაცემების მიხედვით. განციკლოვირით მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტების მონიტორინგი მოიცავს მიელოსუპრესიის განსაზღვრას.[4]

მწვავე დაავადების მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი:

  • B ვირუსული ინფექციის პათოფიზიოლოგიის შესახებ არსებული ინფორმაციის მიხედვით და სხვა ალფაჰერპესვირუსების ანალოგიის გათვალისწინებით, B ვირუსის დაავადებას გადარჩენილი ადამიანები სავარაუდოდ ლატენტურად დაინფიცირებულები არიან. ვირუსი სავარაუდოდ რჩება მასპინძლის პერიფერიულ ნერვულ სისტემაში (ძირითადად ნერვების განგლიებში) მთელი ცხოვრების განმავლობაში; ვირუსი არ ფიქსირდება ინფიცირებული მასპინძლის სისხლში ან შრატში. ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია სხვა ბიოლოგიურ სითხეებში (ვეზიკულური დაზიანებები, თავზურგტვინის სითხე ან გენიტალური სეკრეციები) სიმპტომური დაავადების დროს და ანტივირუსული თერაპიის მიმდინარეობისას გარკვეული დროის განმავლობაში. ამიტომ, ვირუსის აქტიური გავრცელების შეწყვეტა უნდა დაფიქსირდეს ინტრავენური ანტივირუსული თერაპიის შეწყვეტამდე.

  • კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების განმეორებითი გამოვლენის, რაც მიუთითებს აქტიური ინფექციის განმეორებაზე და B ვირუსის გავრცელების განმეორების მონიტორინგი აუცილებელია აქტიური დაავადების წარმატებული მკურნალობის შემდეგ. მრავალი ექიმი მართებულად მიიჩნევს ინტრავენური ანტივირუსული თერაპიის შემდეგ პერორალურ ვალაციკლოვირზე ან აციკლოვირზე გადასვლას, შენარჩუნების თერაპიის სახით, მას შემდეგ, რაც სიმპტომები და ვირუსის აქტიური გავრცელება დადასტურებულად შეწყვეტილია.[4] თუმცა, არ არსებობს საკმარისი მონაცემები მკურნალობის შეწყვეტა-არ შეწყვეტის თაობაზე; შესაბამისად, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას ექსპერტთან კონსულტაციის საფუძველზე.[4]

  • გადარჩენილი პაციენტების გრძელვადიანი მონიტორინგი უნდა მოიცავდეს გარკვეულ პერიოდულ გეგმას, რათა დადასტურდეს, რომ ვირუსული გავრცელება არ რეაქტივირებულა. ნამკურნალები B ვირუსის რეაქტივაცია გადარჩენილ პაციენტებში იშვიათია, თუმცა დაფიქსირებულია სულ მცირე ორი შემთხვევა, სადაც აღინიშნა ზოსტერის მსგავსი თვალის დაავადება. ერთი შემთხვევა იყო რეკურენტული და შეფასდა, როგორც განმეორებითი B ვირუსული ინფექცია.[18][38] რეკურენტულ, თვალის B ვირუსულ დაავადებას უმკურნალეს ვალაციკლოვირით.[38]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას