ეპიდემიოლოგია

ადამიანებში B ვირუსული ინფექციის აღრიცხული შემთხვევები იშვიათია. ვირუსი პირველად აღმოაჩინეს 1932 წელს. მას შემდეგ აღრიცხულია B ვირუსული ინფექციის დაახლოებით 50 შემთხვევა, აქედან 21 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.[5]

ინფექციების უმრავლესობა განვითარდა ინფიცირებული მაკაკას ნაკბენის ან ნაკაწრის შედეგად, ასევე, კანქვეშა დაზიანების მაკაკას ბიოლოგიური სითხეებით დაბინძურების გამო (მაგ.: ნემსის ჩხვლეტა ან ნაკაწრი ლაბორატორიაში ან ვეტერინარულ დაწესებულებაში), ან დაზიანებულ კანში ინფიცირებული სხეულის სითხის ან მასალის შეღწევის შედეგად. ასევე არსებობს, სულ მცირე, ერთი გამოქვეყნებული ანგარიში B ვირუსული ინფექციის ფატალური შემთხვევის შესახებ, რომელიც განვითარდა დაუზინებელ, ინტაქტურ ლორწოვანზე ინფიცირებული შხეფის მოხვედრის შედეგად.[3]

აშშ-ში, არა-ადამიანური პრიმატების დიდი რაოდენობა მოსახლეობას ჰყავს შინაურ ცხოველებად, მრავალი ამერიკული ორგანიზაციის ძლიერი ოპოზიციის მიუხედავად ეგზოტიკური ცხოველების იმპორტის წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციებს შორისაა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები.[6] ზოგჯერ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იღებს შეტყობინებებს შინაური მაკაკების ნაკბენების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში მაკაკამ უკბინა მისი პატრონის სტუმარს, ხოლო ზოგჯერ მაკაკა გაექცა პატრონს. იყო სულ მცირე ოთხი გამოქვეყნებული ანგარიში მაკაკის მიერ ბავშვების დაკბენის შესახებ; 2 წლის ბიჭი, რომელიც დაკბინა მეზობლის მოშინაურებულმა რეზუს მაკაკამ; 7 წლის გოგონა, რომელსაც მაკაკამ მაშინ უკბინა, როდესაც გოგონა ცდილობდა მის გამოკვებას; ზოოპარკში დაკბენილი 4 წლის ბიჭი; და 10 წლის გოგონა, რომელსაც მაკაკამ არდადეგების დროს უკბინა ინდონეზიაში, ბალიში.[6][7][8] ერთ მცირემასშტაბიან კვლევაში გაირკვა, რომ ადამიანის კბენასთან დაკავშირებული 6 შინაური მაკაკიდან 4 იყო სეროდადებითი B ვირუსზე; დანარჩენი ორი მაკაკას პატრონებმა უარი განაცხადეს ტესტირებაზე.[9] ამ მაკაკების მოზრდილებთან და ბავშვებთან კავშირის ისტორიის ანალიზისას, დადგინდა, რომ 9 ბავშვიდან 4 (44%) იყო კბენის მსხვერპლი, შედარებით მოზრდილებთან- 12-დან მხოლოდ 3 (35%) მოზრდილს უკბინა მაკაკამ.

პერიოდულად დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში და B ვირუსის კვლევისა და რესურსების ლაბორატორიაში შემოდის მოხსენებები მაკაკების მიერ ადამიანის დაკბენის შესახებ, რომელიც თავისუფლად ბინადრობს პარკებში, ტაძრებში და სამხრეთ აზიის სხვა ადგილებში (მეტწილად ინდონეზია, ნეპალი და ინდოეთი). ბალიში სულ მცირე ერთი ასეთი შემთხვევა აღინიშნა- მაკაკამ ტაძარში უკბინა ადამიანს.[10] ორმა კვლევამ აჩვენა, რომ ტაძრის ბინადარი მაკაკების 64% ინდონეზიაში და 82% ნეპალში დაინფიცირებული იყო B ვირუსით.[11][12]

დოკუმენტირებულია ადამიანიდან-ადამიანზე გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევა; ეს შემთხვევა დაფიქსირდა B ვირუსის ეპიდაფეთქების კვლევისას ფლორიდაში, რომელიც მოიცავდა 4 ადამიანს და განვითარდა დაზიანებებთან პირდაპირი ფიზიკური კონტაქტის შედეგად.[13] ამ ოთხი ადამიანიდან, 3 მუშაობდა ცხოვეელებთან (ორს აღენიშნა ნაკბენი, ხოლო ერთს ჰქონდა ახლო კონტაქტი დაავადებულ მაკაკასთან, თუმცა არ იყო დაზიანებული ან ექსპოზირებული სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან და არ განვითარებულა სიმპტომები). მეოთხე ადამიანი იყო ერთ-ერთი თანამშრომლის მეუღლე. მან ქმრის დაზიანებების მკურნალობის მიზნით გამოიყენა მალამო, რომელიც შემდეგ თავისთვისაც გამოიყენა, კონტაქტური დერმატიტის სამკურნალოდ. დერმატიტი გადაიზარდა ჩირქოვან დაზიანებებში, რომლებიც ლაბორატორიულად დადასტურდა B ვირუსულ შემცველობაზე. ყველა სიმპტომი და ვირუსის გამოყოფა აღმოიფხვრა მკურნალობის ფონზე. კვლევის შედეგად არ დადასტურდა B ვირუსული ინფექციის მტკიცებულება 4 პაციენტის 130 ახლო კონტაქტში, ჯანდაცვის სისტემის მუშაკებსა და პრიმატებთან მომუშავეებში. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ B ვირუსის სეროდადებითობის სიხშირე მოზრდილ მაკაკებში არის >70%, მხოლოდ მცირე ოდენობის ადამიანებს განუვითარდათ B ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ინფექცია. შესაბამისად, ვირუსის გადაცემა საკმაოდ იშვიათია როგორც ადამიანიდან ადამიანზე, ასევე პრიმატიდან ადამიანზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას