მიდგომა

B ჰერპეს ვირუსის ექსპოზიციის სამედიცინო მართვის მიზანია ინფექციამდე პროგრესიის პრევენცია, ინფექციის დოკუმენტირება, თუ იგი განვითარდა და ინფექციის მართვა, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციურად ფატალური ენცეფალიტი. ინფექციის კონტროლს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დადასტურებული ან სავარაუდო B ვირუსით დაინფიცირების ყველა შემთხვევაში.

ექსპოზირებული არეს გაწმენდა

თუ ფიქსირდება პოტენციური ექსპოზიცია B ვირუსზე, თავდაპირველი ნაბიჯები მიზნად უნდა ისახავდეს ექსპოზიციის ინფექციამდე პროგრესირების პრევენციას. შესაბამისად, პირველი, კრიტიკული ნაბიჯია ექსპოზირებული არის დაუყოვნებლივი, საფუძვლიანი გაწმენდა. არე უნდა გაიწმინდოს სამედიცინო შეფასებისას მიუხედავად იმისა, გაწმინდეს თუ არა იგი მანამდეც. ექსპოზირებული არეალი გულდასმით უნდა მოიბანოს და ფრთხილად გაიხეხოს საპონით, პოვიდონ-იოდინით ან სარეცხი საშუალებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჭრილობა უნდა გაჩერდეს გამდინარე წყლის ქვეშ 15-20 წუთით.[42] ლორწოვანი ექსპოზირებული არეები (ცხვირი, თვალები, პირი) უნდა გამოირეცხოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით ან წყლით 15 წუთის განმავლობაში.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

თუ ნავარაუდებია B ჰერპეს ვირუსზე ექსპოზიცია და პაციენტი გამოცხადდა სამედიცინო შემოწმებაზე პოტენციური ექსპოზიციიდან 5 დღის განმავლობაში, განიხილება ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის (PEP) გამოყენების საკითხი მაღალი დოზის პრორალური ანტივირუსული პრეპარატით. პარალელურად ტარდება დიაგნოსტიკური ტესტები ინფექციის დადასტურების მიზნით. ვინაიდან პროფილაქტიკური ანტივირუსული საშუალებების მიზანია ექსპოზიციიდან ინფექციაზე გადასვლის პრევენცია და რადგანაც B ვირუსის ინფექციის ცხოველური მოდელები აჩვენებს, რომ ანტივირუსული საშუალებები ხელს უშლის დაავადების განვითარებას, თუ გამოიყენება დაინფიცირებიდან 5 დღის განმავლობაში, ანტივირუსული პროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სამედიცინო შეფასებისთვის მოსულები არიან ექსპოზიციიდან 5 დღის შემდეგ.[45][46]

რეკომენდებული პირველი რიგის ანტივირუსული პრეპარატი B ვირუსის პროფილაქტიკის მიზნით არის მაღალი დოზის პერორალური ვალაციკლოვირი. ალტერნატიულია მაღალი დოზის პერორალური აციკლოვირი.[4] ერთ კვლევაში, ცხოველებში, B ვირუსით დაინფიცირებიდან 24 საათში გამოყენებულმა აციკლოვირმა მოახდინა სიკვდილობის პრევენცია.[45] აციკლოვირი მაღალი დოზით ადამიანებშიც შესაძლოა იწვევდეს ინფექციამდე პროგრესირების პრევენციას, ან სიმპტომური B ვირუსული ინფექციის მოდიფიცირებას, თუ იგი გამოიყენება ექსპოზიციიდან რამდენიმე საათში.[4]

ანტიბიოტიკების, ცოფის ვაქცინის ან ცოფის იმუნოგლობულინის პროფილაქტიკური გამოყენება ასევე შესაძლოა განიხილებოდეს. ეს დამოკიდებულია ექსპოზიციის გამომწვევ მიზეზზე, სიმძიმეზე და სხვა ინფექციური დაავადებების განვითარების რისკზე. არა-ადამიანური პრიმატები, რომლებიც ბინადრობენ გარემოში შესაძლოა კავშირში იყვნენ ცოფით დაინფიცირებულ ცხოველებთან და შესაბამისად იყვნენ ცოფის გადამტანები. არა-ადამიანური პრიმატების ნაკბენებთან ასოცირებული ბაქტერიული ინფექციების რისკი იგივეა, რაც ადამიანის ნაკბენთან ასოცირებული. თუ ცხოველი, რომელიც პასუხისმგებელია ექსპოზიციაზე, გამოიყენებოდა კვლევაში, შესაძლოა კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს იმის გარკვევა, თუ რომელი სპეციფიკური ინფექციები გვხვდებოდა ამ კვლევის ისტორიაში (მაგ.: მაიმუნის იმუნოდეფიციტური ვირუსი [SIV], HIV).

ყველა პაციენტი, რომელთაც აღენიშნათ B ვირუსზე ექსპოზიცია, უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ სეროლოგიური ტიტრების ცვლილებებისა და B ვირუსთან ასოცირებული კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების გამოვლენის მიზნით. პაციენტები, რომლებიც ექსპოზიციიდან 5 დღეზე მეტი დროის შემდეგ გამოცხადდებიან, ექვემდებარებიან მხოლოდ დაკვირვებას.

ინფექციის კონტროლის ზომები

ჯანდაცვის პერსონალისა და ოჯახის წევრების დაცვის მიზნით, ინფექციური ქსოვილისა და ბიოლოგიური სითხეების ექსპოზიციის საპროფილაქტიკოდ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მკურნალობს ან აკვირდება B ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტს, უნდა იცავდეს სტანდარტულ უსაფრთხოების ზომებს.[53] დამატებითი ინსტრუქციისათვის საჭიროა ინფექციური კონტროლის პრაქტიკოსებთან კონსულტაცია. ამ სტანდარტული უსაფრთხოების ზომების მიღება აუცილებელია იმის მიუხედავად, იღებს თუ არა პაციენტი ანტივირუსულ მკურნალობას. B ვირუსის არსებობა დადასტურდა იმ პაციენტების კანის დაზიანებებსა და ლოყის ლორწოვანში, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მაღალი დოზის ინტრავენურ აციკლოვირს.[34] ადამიანებში ინფექციის კარგად დოკუმენტირებული შემთხვევების მცირე რიცხვი არ არის საკმარისი იმის განსაზღვრისთვის, თუ რა ნიშნებია ატიპიური ან რა ნიშანი ვლინდება ყველაზე ხშირად ადამიანებში. ასიმპტომური B ვირუსული ინფექცია ადამიანში არასდროს ყოფილა დოკუმენტირებული. ადამიანიდან ადამიანზე B ვირუსის ტრანსმისიის ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფექცია გადაედო ქალბატონს, რომელიც მკურნალობდა მისი მეუღლის კანის დაზიანებას, რომელიც B ვირუსით იყო გამოწვეული, მანამ, სანამ მეუღლეს შესაბამისი დიაგნოზი დაესმებოდა. ქალბატონმა გამოიყენა იგივე კრემი საკუთარი დერმატიტის სამკურნალოდ, რომელსაც ქმარს უსვამდა. ქალბატონის მეუღლე გარდაიცვალა B ვირუსული დაავადების გამო. ქალბატონს განუვითარდა გამონაყარი ქავილით, რაც ლაბორატორიულად დადასტურდა B ვირუსზე, თუმცა კარგად დაექვემდებარა აციკლოვირის თერაპიას, შემდეგი გამწვავებების გარეშე.[24]

ინფექციის მკურნალობა

პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ B ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები და/ან სიმპტომები ექსპოზიციის შემდგომ, აუცილებლად უნდა იღებდნენ მაღალი დოზის ინტრავენურ ანტივირუსულ თერაპიას. პაციენტები, რომლებიც უკვე იღებდნენ პერორალურ ანტივირუსულ პრეპარატს, მაგ. PEP და გამოუვლინდათ B ვირუსის შესაბამისი სიმპტომური დაავადება, უნდა გადაიყვანონ მაღალი დოზის ინტრავენურ ანტივირუსულ თერაპიაზე დაუყოვნებლივ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ B ვირუსული ინფექცია აღმოიფხვრება ან გამოირიცხება.

თუ სახეზეა ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, პირველი ხაზის რეკომენდებული თერაპიაა მაღალი დოზის ინტრავენური განციკლოვირი.[4] მაღალი დოზის ინტრავენური აციკლოვირი არის რეკომენდებული პირველი ხაზის თერაპია B ვირუსის დაავადების დროს, თუ არ ფიქსირდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. მაღალი დოზის ინტრავენური განციკლოვირი შეიძლება აციკლოვირის ნაცვლად გამოვიყენოთ პაციენტებში, რომლებიც ინფექციის პროგრესირებას ავლენენ აციკლოვირის მიუხედავად ან რომელთაც განუვითარდათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები და სიმპტომები.[4] B ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ანტივირუსული მედიკამენტების უფრო მაღალი დოზით დანიშვნა, ვიდრე ეს მარტივი ჰერპესის ვირუსის შემთხვევებშია დანიშნული, რადგან B ვირუსი ნაკლებად მგრძნობიარეა აციკლოვირის მიმართ (ინ ვიტრო).

პაციენტები, რომლებიც აციკლოვირის მკურნალობაზე იმყოფებიან, უნდა იღებდნენ საკმარისი რაოდენობით წყალს, რათა თავიდან ავიცილოთ თირკმლის მილაკებში მედიკამენტის პრეციპიტაცია და თირკმლის უკმარისობის განვითარება. ასევე საჭიროა კრეატინინის დონეების მონიტორინგი. დოზა შესაბამისად უნდა შეიცვალოს. თუ პაციენტებს აღენიშნათ დამატებითი სიმპტომები აციკლოვირის თერაპიის მიუხედავად, საჭიროა კლინიკური შეფასება განციკლოვირზე გადაყვანის საკითხის გადასაწყვეტად.

B ვირუსი მეტად მგრძნობიარეა განციკლოვირზე, ვიდრე აციკლოვირზე, როგორც ინ ვიტრო, ასევე ცხოველების მოდელებში. განციკლოვირი გამოყენებული იყო B ვირუსული ინფექციის გამოწვეული ტვინის ღეროს ენცეფალიტის მქონე პაციენტის გამოჯანმრთელების ერთადერთ დოკუმენტირებულ შემთხვევაში.[34] განციკლოვირი მეტად ტოქსიკურია აციკლოვირთან შედარებით. გადაწყვეტილება განციკლოვირის გამოყენების შესახებ უნდა მოიცავდეს მისი რისკებისა და სარგებლის შედარებას. როგორც აციკლოვირის შემთხვევაში, განციკლოვირის დოზირება უნდა შეირჩეს თირკმლის უკმარისობის თავიდან აცილების მიზნით. საჭიროა სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების მჭიდრო მონიტორინგი, განციკლოვირის მიელოსუპრესიული ეფექტების გამო.

ვალგანციკლოვირი წარმატებით იქნა გამოყენებული B ვირუსის მქონე პაციენტში, განმეორებითი თვალის დაზიანებების სამკურნალოდ.[38]

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, პროფილაქტიკური ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებამ პოტენციური ექსპოზიციის შემდეგ და B ვირუსული ინფექციის ადრეულმა მკურნალობამ იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები ჰქონდათ გამოხატული, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეამცირა ინფექციების რიცხვი და გააუმჯობესა გადარჩენის ალბათობა ინფიცირებულ პაციენტებში.[24][34] ასევე, ბოლო ათწლეულებში B ვირუსის შემთხვევების გაიშვიათებაში გარკვეული როლი ითამაშა არა-დაზიანებასთან ასოცირებული ექსპოზიციების, ლორწოვანი გარსებისა და არა-ინტაქტური კანის საშუალებით ტრანსმისიის აღმოჩენამ, დამცავი ხელსაწყოების რუტინულმა გამოყენებამ და B ვირუსისაგან თავისუფალი მაკაკების კოლონიების შექმნის მცდელობებმა.

დამხმარე მკურნალობა

ანტივირუსული თერაპიისა და დიაგნოსტიკური ტესტირების აღწერილი რეკომენდაციების გარდა, B ვირუსით დაინფიცირებული ადამაინების მართვა მეტწილად დამხმარე თერაპიას მოიცავს: მაგალითად, ადეკვატური ჰიდრატაცია, სიცხის დამწევი პრეპარატები, ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები და ტკივილგამაყუჩებლები თავის ტკივილის კუპირებისათვის.

ენცეფალიტის მქონე პაციენტებში ძირითადად ნაჩვენებია ინტენსიური თერაპია (ICU). სიკვდილი ხშირად ასოცირებულია სუნთქვის უკმარისობასთან. გადაწყვეტილებები პაციენტის მართვის შესახებ უნდა მიიღებოდეს ინდივიდუალურად, კლინიკური შეფასების საფუძველზე, მკურნალი ექიმისა და შემთხვევაში ჩართული ინფექციონისტის საერთო ძალისხმევით.

ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ლაბორატორიულად დადასტურებული B ვირუსული ინფექცია, გადაურჩა მწვავე დაავადებას. ამ პაციენტებში, ხანგრძლივი დამხმარე და რეაბილიტაციური თერაპია გამოიყენება მოძრაობის აღსადგენად მწვავე, აღმავალი პარალიზის შემდეგ. თუმცა, დაავადების ამ ეტაპიდან გამოჯანმრთელება იშვიათი მოვლენაა და ძირითადად არასრულია.[32][38]

ორსულები

საკმაოდ ვრცელი კლინიკური გამოცდილება მიუთითებს აციკლოვირის ფარდობით უსაფრთხოებაზე ორსულებში. ორსული ქალების იმ პოპულაციაში, რომელთაც მიიღეს აციკლოვირი ორსულობის დროს, არ აღნიშნულა თანდაყოლილი ანომალიების გახშირება. თუმცა, შემთხვევების რაოდენობა მწირია და არ აქვს საკმარისი სტატისტიკური ძალა დაბალი სიხშირის გევრდითი მოვლენების გამოსავლენად.[54][55][56] აციკლოვირი ანტივირუსული პრეპარატია, რომელსაც ჰერპესვირუსის წინააღმდეგ იყენებენ და აქვს ყველაზე მეტი მტკიცებულება ორსულებში უსაფრთხო გამოყენების შესახებ. ორსულობის ტესტი უნდა ჩატარდეს რეპროდუქციული ასაკის ქალებში, სავარაუდო ან დადასტურებული B ვირუსის ექსპოზიციის შემთხვევაში, რათა შესაბამისად შეირჩეს ანტივირუსული მედიკამენტები. კლინიკური გადაწყვეტილების მიღების დროს, უნდა შევადაროთ ორსულებში აციკლოვირის ფარდობითი უსაფრთხოების სარგებელი ნაყოფის კუთხით განციკლოვირთან შედარებით და დედაში B ვირუსული ენცეფალიტის განვითარების რისკი. განციკლოვირი ნაჩვენებია ნებისმიერი ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციის დროს.

ბავშვები

დაფიქსირებულია ახალშობილებსა და ბავშებში პოტენციური B ვირუსის ექსპოზიციის შემთხვევები.[6] თავისუფლად მობინადრე მაკაკებში, სოციალური იერარქიის გამო (დომინანტები თავს ესხმიან სუსტებს), ბავშვები შესაძლოა თავდასხმის მაღალი რისკის წინაშე იდგნენ. არ არსებობს კონკრეტული რეკომენდაცია B ვირუსის ექსპოზიციისა და დაავადების მკურნალობის შესახებ ბავშვებში. პოტენციური B ვირუსის ექსპოზიციის ან დაავადების მართვა უნდა მოიცავდეს ინფექციონისტის კონსულტაციას, რომელიც შეძლებს მოზრდილთა არსებული გაიდლაინების ადაპტირებას ბავშვებისთვის ანტივირუსული პრეპარატის დოზირების დასადგენად. რადგანაც ვალაციკლოვირი რეკომენდებულია ვარიცელას სამკურნალოდ 2-18 წლამდე ბავშვებში და ბოლოდროინდელმა კვლევამ ვალაციკლოვირის პერორალური სუსპენზიის ფარმაკოკინეტიკისა და უსაფრთხოების შესახებ გამოავლინა, რომ მედიკამენტს ახასიათებს კარგი ამტანობა და უსაფრთხოა ბავშვებში 3 თვიდან ზემოთ, ვალაციკლოვირის გამოყენება შეიძლება განიხილებოდეს B ვირუსთან ექსპოზირებული ბავშვების პროფილაქტიკისთვის.[57]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას