მიდგომა

დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ ეჭვს და დასტურდება სერიოლოგური ტესტირების კომბინირებით პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციასთან ან ვირუსულ კულტურასთან. პოტენციური ექსპოზიციის ადრეული ეჭვი, ამოცნობა, მართვა, B ვირუსული ინფექციის სწრაფი გამოვლენა და მკურნალობა წარმოადგენს ადამიანის დაავადების პრევენციისა და მართვის კრიტიკულ კომპონენტებს. პაციენტის დაუყოვნებლივი შეფასება უნდა ფოკუსირებდეს ექსპოზიციის რისკის დეტალურ ანამნეზზე, ექსპოზიციის ანამნეზის მიხედვით შესაბამისი არეების ფიზიკურ გასინჯვაზე (მათ შორის ნევროლოგიური გამოკვლევა) და კანის დაზიანებების არსებობის დადგენაზე.

პირველადი დახმარება და შეფასება

თუ დაფიქსირებულია B ვირუსთან შესაძლო ექსპოზიცია, პირველი კრიტიკული ნაბიჯი ექსპოზირებული არეს გულდასმით გაწმენდაა, ინფექციამდე პროგრესირების პრევენციის მიზნით. აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა ჭრილობის/დაზიანების გაწმენდის ინსტრუქცია.[42]

ჭრილობის ან სხვა ექსპოზირებული არეს დაუყოვნებლივი და გულდასმითი გაწმენდა არ უნდა გადაიდოს სამედიცინო დახმარების ძებნის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური ექსპოზიცია საკმაოდ ხშირია, ხოლო დაინფიცირება- იშვიათი, ნებისმიერი პოტენციური ექსპოზიციის შემთხვევა უნდა განიხილებოდეს გადაუდებელ მდგომარეობად მანამ, სანამ ჭრილობა ან სხვა ექსპოზირებული არე გულდასმით ან დამუშავდება. ექსპოზირებული არე უნდა გაიწმინდოს სამედიცინო შეფასებისას მიუხედავად იმისა, გაწმინდეს თუ არა იგი მანამდეც. ექსპოზირებული არეალი გულდასმით უნდა მოიბანოს და ფრთხილად გაიხეხოს საპონით, პოვიდონ-იოდინით, დეტერგენტებით ან ქლორჰექსიდინითა და წყლით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჭრილობა უნდა გაჩერდეს უწყვეტად წყლისქვეშ 15-20 წუთით. ლორწოვანი ექსპოზირებული არეები (ცხვირი, თვალები, პირი) უნდა გამოირეცხოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით ან წყლით 15 წუთის განმავლობაში. ნიმუშები არ უნდა აიღოთ ჭრილობის გასუფთავებამდე, რადგან ნიმუშების აღებით შეიძლება ვირუსი ჭრილობაში უფრო ღრმად შეიყვანოთ.[42]

თუ პაციენტი მუშაობდა მაკაკა მაიმუნებთან და ექსპოზიცია განხორციელდა ლაბორატორიაში ან ზოოპარკში, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ პროფესიული ჯანდაცვის პროვაიდერს, ექსპოზირებული არეს გაწმენდის შემდეგ. პროფესიული ჯანდაცვის პროვაიდერმა უნდა ჩაატაროს თავდაპირველი შეფასება, აღმოუჩინოს პაციენტს პირველადი დახმარება, ჩაატაროს კონსულტაცია და მოგაწოდოთ ინფორმაცია B ვირუსული ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ. პროვაიდერმა ასევე უნდა უზრუნველყოს სწრაფი კავშირი ინფექციური დაავადებების სპეციალისტთან, რომელსაც B ვირუსის შესახებ ცოდნა აქვს.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია B ვირუსის ექსპოზიციის შემდგომი რეკომენდებული პირველადი ნაბიჯები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: B ვირუსის სავარაუდო ექსპოზიციის მართვის ნაბიჯების მიმოხილვაCDC [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6ae5b362

ანამნეზი

უნდა შეგროვდეს დეტალური ანამნეზი, რათა დადგინდეს შემდეგი საკითხები:[4]

  • ექსპოზიციის თარიღი, დრო და (გეოგრაფიული) ადგილმდებარეობა

  • ექსპოზიციის წყარო (მაგ.: მაკაკა მაიმუნები [რაც მოიცავს რეზუს, სინემოლგუს და სხვა ტიპის მაკაკებს], მაკაკების ბიოლოგიური სეკრეტები ან ქსოვილები,მაკაკა მაიმუნების ლაბორატორიული უჯრედული ხაზები ან ნეკროფსიის მასალები, საგნები რომლებიც დაბინძურებულია მაკაკების ბიოლოგიური სითხეებით ან ქსოვილებით). თუ ექსპოზიციის წყარო ცხოველია, მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უნდა შეფასდეს

  • ექსპოზიციის ტიპი (მაგ.: ნაკაწრი, ნაკბენი, კანქვეშა დაზიანება, რომელიც დაბინძურდა მაკაკას სხეულის სითხით ან ლორწოვანი მემბრანა ან არა-ინტაქტური კანი, რომელიც კონტაქტში იყო ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხესთან ან ქსოვილთან დაზიანების გარეშე) და ინფიცირების ადგილმდებარეობა (სხეულზე)

  • ინფორმაცია ექსპოზიციის შემდეგ ჭრილობის გაწმენდის შესახებ, მაგ. ექსპოზიციიდან რამდენ ხანში ჩატარდა დამუშავება, თუ იგი ჩაატარეს

  • ექსპოზიციის დროს ძალაში მყოფი უსაფრთხოების პროტოკოლი

  • პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მიღებული მედიკამენტები, ბოლოს ჩატარებული ტეტანუსის ბუსტერ აცრის თარიღი.

ექსპოზიციის წყაროს იდენტიფიცირება

მაკაკა მაიმუნები (ოჯახი: Cercopithecidae, ქვეოჯახი: Cercopithecinae; გვარი: მაკაკა) B ვირუსის ერთადერთი ბუნებრივი მასპინძლები არიან; შესაბამისად, მაიმუნის ტიპის იდენტიფიცირება აუცილებელია შესაძლო ექსპოზიციის დადგენის მიზნით. არა-მაკაკა მაიმუნები (ახალი მსოფლიოს მაიმუნები და სხვა უძველესი მსოფლიოს მაიმუნები) არ ატარებენ B ვირუსით დაინფიცირების რისკს, თუ ისინი არ ყოფილან მოთავსებული მაკაკებთან ერთად. თუ ისინი მაკაკებთან ერთად იყვნენ მოთავსებული ნებისმიერ დროს, ვერ გამოირიცხება არა-მაკაკების ლატენტური B ვირუსული ინფექცია.[15][16]

იმ შემთხვევაში, თუ ექსპოზიცია მოხდა თავისუფლად მობინადრე მაიმუნთან, მაგ. პარკებში ან ტაძრებში, ძირითადად შეუძლებელია ნაკბენზე ან ნაკაწრზე პასუხისმგებელი მაიმუნის ტიპის დადგენა; თუმცა, აზიაში მაიმუნთა უმეტესობა მაკაკაა. მაკაკების მხოლოდ ერთი სახეობა არის ადგილობრივი ჩრდილოეთ აფრიკასა (ალჟირი და მაროკო) და ევროპაში (გიბრალტარი), ბარბარი მაკაკა (Macaca sylvanus). აზიაში, ნაკბენზე პასუხისმგებელი მაიმუნი უნდა ჩაითვალოს მაკაკად, თუ არ არსებობს ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება. თავისუფლად მობინადრე მაიმუნები ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში ზოგადად შეიძლება მივიჩნიოთ არა-მაკაკებად. მაკაკები ენდემურად არ გვხვდებიან დასავლეთ ჰემისფეროში, თუმცა იმპორტირებული ცხოველების კოლონიები აშშ-ის ტერიტორიის ნაწილებში (მათ შორის თავისუფლად მობინადრე ცხოველები) შესაძლოა წარმოადგენდნენ რისკს ვიზიტორებისათვის. მსგავსი კოლონიები ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეგვხვდეს.

პასუხისმგებელი ცხოველის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება

თუ ეს შესაძლებელია, უნდა გამოიკვლიოს პასუხისმგებელი ცხოველის სამედიცინო ჩანაწერები, რათა შეფასდეს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის სტატუსი. სამედიცინო ჩანაწერი უნდა მოიცავდეს ინფექციურ აგენტებთან ექსპოზიციის ანამნეზს, აქტიური დაზიანებების გამოვლენას, რომლებიც B ვირუსისთვისაა დამახასიათებელი. ეს ლორწოვანი დაზიანებები წააგავს HSV-1 ან HSV-2 ვირუსებით გამოწვეულ დაზიანებებს ადამიანებში. თუ ექსპოზიცია მოხდა ლაბორატორიულ პირობებში, შეძლებისდაგვარად უნდა გაირკვეს, რა ტიპის კვლევაში იყო ჩართული ცხოველი.

B ვირუსული ინფექცია მაკაკებში ძირითადად უსიმპტომო ან მხოლოდ მსუბუქად სიმპტომურია, ინფიცირებული მაკაკები ვირუსს გამოყოფენ/ავრცელებენ ხანგამოშვებით. თუმცა, მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ მიუხედავად ჰერპესული დაზიანების ვირუსის აქტიურ გავრცელებასთან ასოცირებისა, B ვირუსით ინფიცირებულ მაკაკებს ლორწოვანი დაზიანებების გარეშეც შეუძლიათ ვირუსის გამოყოფა, მსგავსად ადამიანებისა HSV-1 ან HSV-2 შემთხვევაში. როგორც ძუძუმწოვართა ჰერპესვირუსების უმეტეს შემთხვევებში, ვირუსის აქტიური გამოყოფა პერიოდულია და B ვირუსისა და მჭიდროდ დაკავშირებული ალფაჰერპესვირუსების შემთხვევებშიც (მაგ. HSV), ვირუსის გავრცელებას შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს სიმპტომები.[43] B ვირუსული ინფექციის მატარებელ მაკაკებს ვირუსის გავრცელება შეუძლიათ ლორწოვანიდან (მაგ. კონიუნქტივა, ლოყის ლორწოვანი) და/ან გენიტალური ზედაპირებიდან. თუ მაკაკა გამოიყურება ავად, განიცადა იმუნოლოგიური სუპრესია (კვლევის მიზნებისთვის) ან ახლახანს იყო სტრესულ პირობებში, იგი მეტი ალბათობით ავრცელებს B ვირუსს. B ვირუსი შესაძლოა ზედაპირებზეც დაგროვდეს; შესაბამისად, ადამიანებისა და სხვა ცხოველების დაინფიცირება შესაძლებელია ფომიტების საშუალებით. ნებისმიერი ნაკაწრი, ნაკბენი, კანქვეშა დაზიანება, რომელიც მაკაკას სხეულის სითხითაა დაბინძურებული ან ლორწოვანი გარსი ან არა-ინტაქტური კანი, რომელიც კონტაქტში იყო მაკაკას დაინფიცირებულ სითხესთან, უნდა მიიჩნეოდეს პოტენციურ ექსპოზიციად.

ფიზიკური გამოკვლევა

პაციენტის ფიზიკალური გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მიღებისას დაუყოვნებლივ, ექსპოზიციის არეს გაწმენდის შემდეგ. ექსპოზიციის შემდეგ, მთავარი მიზანია ექსპოზიციის ინფექციაში გადასვლის პრევენცია. ფიზიკალური გამოკვლევა მიზნად ისახავს გამოვლინდეს, აღიწეროს და გულდასმით გაიწმინდოს ყველა პოტენციურად ექსპოზირებული არე. თუ პაციენტი ექსპოზირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა, გულდასმით უნდა გაიწმინდოს ექსპოზიციის არე, თუმცა სარგებელი ნაკლებსავარაუდოა ექსპოზირების შემდეგ დაუყოვნებლივ გაწმენდასთან შედარებით.

ექსპოზიციის ტიპი, ექსპოზირებული არეს ვიზუალური სურათი, ადგილმდებარეობა გულდასმით უნდა შემოწმდეს. ამის მიუხედავად, რისკის ზუსტი სტრატიფიკაცია არ არის რეკომენდებული, რადგან ადამიანში B ვირუსის ცნობილი შემთხვევების რიცხვი დაბალია, რაც ართულებს ექსპოზიციის ფარდობითი რისკის სწორ გამოთვლას. დაფიქსირებულია B ვირუსული ინფექციის ფატალური შემთხვევები, რომლებშიც პაციენტები ვერ იხსენებდნენ თვალსაჩინო, მაღალი რისკის ექსპოზიციას მაკაკებთან ან მათ ბიოლოგიურ სითხეებთან და ქსოვილებთან. ასევე დაფიქსირებულია ექსპოზიციის შემთხვევები, თუმცა პაციენტებს ინფიცირების დაბალი რისკი აღმოაჩნდათ. სხეულის დაინფიცირებული ნაწილი გავლენას ახდენდეს დაავადების პროგრესირებაზე. ცოფის ანალოგიურად, რომელიც ასევე რეტროგრადული ტრანსპორტით ვრცელდება ნერვული გზებით, B ვირუსსაც შეუძლია თავის ან კისრის მიდამოში ექსპოზიციის შემდეგ სწრაფად მიაღწიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რის შედეგადაც განვითარდება ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც წინ უსწრებს ან უკეთეს შემთხვევაში დაემთხვევა სხვა სიმპტომებს.

სამედიცინო კვლევების მიზანია ინფექციის მტკიცებულებების დადგენა. B ვირუსული ინფექციის მქონე პაციენტები შესაძლოა ავლენდნენ:

  • ექსპოზიციის არეზე ლოკალიზებულ ნიშნებს/სიმპტომებს (მაგ. ჰერპესული დაზიანებები), რომლებიც უარესდება ან ვრცელდება დამატებით ადგილებზე

  • ნიშნებს/სიმპტომებს, რომლებიც ლიმიტირებულია პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

  • სისტემური გრიპის მაგვარი ავადობა (მაგ.: ცხელება, შეციება, ზოგადი შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი ან მიალგია) ლოკალიზებული სიმპტომების გარეშე.

პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ პოტენციური ექსპოზიცია, უნდა ჩაუტარდეთ კვლევა კანის დაზიანებების, ცხელების ან ნევროლოგიური სიმპტომების გამოსავლენად, რადგან ეს ნიშნები მიუთითებს B ვირუსული ინფექციაზე. ნებისმიერი ტიპის მდგომარეობა შესაძლოა პროგრესირდეს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომების სწრაფ განვითარებამდე. უნდა ჩატარდეს ნევროლოგიური კვლევა ბაზისური სტატუსის განსაზღვრის მიზნით. თუ პაციენტი სიმპტომურია, ტარდება ცენტრალური ნერვული სისტემის შესაბამისი კლინიკური შეფასება (მაგ.: პუნქცია, ტვინის MRI, EEG), რათა დადგინდეს და დახასიათდეს ინფექცია და მეტად განისაზღვროს პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი.

ანამნეზი და ფიზიკალური/სამედიცინო კვლევის შედეგები გათვალისწინებული უნდა იყოს პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PEP) გამოყენებამდე.[44] პროფილაქტიკა ყველაზე ეფექტურია, როცა იგი გამოიყენება დაუყოვნებლივ ექსპოზიციის შემდგომ. კურდღლების მოდელებში დადგინდა, რომ პროფილაქტიკა ნაკლებსავარაუდოდ არის ეფექტური, თუ იგი გამოიყენეს ექსპოზიციიდან 5 დღის შემდეგ.[45][46]

სიმპტომები და ნიშნები

აღნიშნულ თარიღამდე ადამიანებში დოკუმენტირებული B ვირუსული ინფექციის ყველა შემთხვევა იყო სიმპტომური. თუმცა, აღნიშნულ თარიღამდე გამოქვეყნებულია დაახლოებით 50 შემთხვევა, სადაც დოკუმენტირებულია B ვირუსული ინფექცია. აქედან 21 შემთხვევა დასრულდა ფატალური შედეგით.[4] შესაბამისად, შეზღუდული სტატისტიკური რიცხვების გამო, რთულია მყარი მონაცემების საფუძველზე განვსაზღვროთ ტიპიური პრეზენტაცია, განსაკუთრებით ადრეული ნიშნები და სიმპტომები.

დაავადება ადამიანებში ტიპიურად იწყება ექსპოზიციიდან 5 კვირის განმავლობაში, მაგრამ შესაძლოა იყოს უეცარიც (3-7 დღე).[3] B ვირუსით ინფიცირებული პირის კლინიკური მდგომარეობა შესაძლოა იყოს ვარიაბელური, პაციენტი შესაძლოა სწრაფად დამძიმდეს და გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები. პაციენტებს B ვირუსის ინფექციით უნდა აღენიშნებოდეთ რისკ ფაქტორების ანამნეზი და უნდა ვლინდებოდეს ჩამოთვლილი ნიშნებიდან და/ან სიმპტომებიდან ერთი ან მეტი თავდაპირველი პრეზენტაციისას, ეს დამოკიდებულია პოსტ-ექსპოზიციურ დროსა და ინფექციის ადგილსა და ბუნებაზე:

  • სისტემური ნიშნები/სიმპტომები

    • ცხელება (≥37.5°C) და/ან შეციება

    • არასპეციფიკური გრიპის მაგვარი სიმპტომები (მაგ.: შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, ინდიფერენტულობა)

    • ლიმფადენიტი, რომელიც ასოცირებულია ინფექციის ადგილთან

    • ლიმფანგიტი, რომელიც ასოცირებულია ინფექციის ადგილთან

    • გულისრევა/ღებინება

    • მუცლის ტკივილი

    • თავის ტკივილი (შესაძლოა მიუთითებდეს ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვაზე)

  • ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები/სიმპტომები

    • პარესთეზია ინფექციის ადგილზე

    • პარესთეზია ქვედა კიდურებში

    • ჰიპერესთეზიები

    • თვალის ტკივილი (ინფექციებში, რომლებიც განვითარდა თვალში შესხურების შემდეგ ან ინფექციის რეაქტივაციისას მხედველობის ნერვზე)

    • პერსისტენტული სლოკინი (მიუთითებს ნევროლოგიურ ჩართულობაზე დიაფრაგმის დონეზე)

    • კუნთის სისუსტე (პარეზი)

  • ცენტრალური ნევროლოგიური ნიშნები/სიმპტომები (ცენტრალური ნერვული სისტემის ნიშნები/სიმპტომები ყველაზე საშიშია)

    • მძიმე პერსისტენტული თავის ტკივილი

    • თავბრუსხვევა

    • ქოშინი

    • წონასწორობის დარღვევა (თუ ვლინდება, მიიჩნიეთ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად)

    • ატაქსია (თუ ვლინდება, მიიჩნიეთ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად)

    • დიპლოპია

    • ნისტაგმი

    • აჟიტირება

    • მენინგიზმი

    • აღმავალი ან მწვავე დუნე პარალიზი

  • დერმატოლოგიური ნიშნები

    • კანის ბუშტუკოვანი დაზიანებები ინფქეციის ადგილას (მარტივი ჰერპესის ვირუსის ინფექციით გამოწვეული დაზიანებების მსგავსი)

    • გამონაყარი, შესაძლოა ქავილით, ექსპოზიციის ადგილზე

    • კონიუნქტივიტი.

თავდაპირველად უმეტესად ვითარდება ექსპოზიციის ადგილის დაბუჟება, მგრძნობელობის შეცვლა და/ან გრიპის მაგვარი სიმპტომები (მაგ.: ცხელება, კუნთის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ინდიფერენტულობა, გულისრევისა და ღებინების თანხლებით ან გარეშე). ზოგიერთი პაციენტს თავდაპირველად ინფექციის ადგილზე შესაძლოა განუვითარდეს კანის ვეზიკულური დაზიანებები, გამონაყარი, შესაძლოა ქავილის თანხლებითაც, ლიმფადენიტი (ლიმფური კვანძების ანთება), ლიმფანგიტი (ლიმფური ძარღვების ანთება), მუცლის ტკივილი, პერსისტენტული სლოკინი (რაც მიუთითებს დიაფრაგმის დონეზე ნევროლოგიურ დაზიანებაზე).

ნევროლოგიური ნიშნები (მაგ.:მენინგიზმუსი, ჰიპერესთეზიები, ატაქსია, დიპლოპია, აჟიტირება, აღმავალი ან მწვავე დუნე პარალიზი) შეიძლება განვითარდეს მაშინ, როცა ვირუსი პროგრესირებს პერიფერიული ნერვული სისტემის გავლით ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე. ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვამ შესაძლოა სწრაფად გამოიწვიოს პარალიზი და სიკვდილი, ანტივირუსული თერაპიისა და დამხმარე თერაპიის მიუხედავად. სუნთქვის უკმარისობა ხშირად ასოცირდება აღმავალ პარალიზთან და ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართვით განპირობებული სიკვდილის ხშირი მიზეზია. პაციენტებს, რომლებიც გადარჩებიან, ხშირად უვლინდებათ ხანგრძლივი ენვროლოგიური ნარჩენი მოვლენები.

ნიმუშების შეგროვება

ნიმუშების შეგროვება სეროლოგიური ანალიზისათვის მოწოდებულია მაკაკას ბიოლოგიურ სითხესთან ექსპოზიციის ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა პაციენტი PEP თერაპიას.

ასიმპტომურ პაციენტებში, მწვავე შრატი უნდა შეგროვდეს დაუყოვნებლივ ექსპოზიციის შემდგომ (პირველადი შეფასებისას), რათა დადგინდეს ბაზისური პროფილი. შემდგომი ნიმუში გროვდება ექსპოზიციიდან 3-6 კვირაში, რათა დადგინდეს, მოხდა თუ არა B ვირუსზე სეროკონვერსია ან, თუ ბაზისური პასუხი უარყოფითი იყო, მოიმატა თუ არა ანტისხეულების ტიტრმა მნიშვნელოვნად (≥4 ჯერ).[3][4] სიმპტომურ პაციენტებში, შესაძლოა ინფორმაციული იყოს სერიული ნიმუშების აღება სეროლოგიური ტესტირებისათვის.

პროფილაქტიკურმა ანტივირუსულმა მედიკამენტებმა შესაძლოა ხელი შეუშალონ სეროკონვერსიას და დააყოვნონ სიმპტომების გამოვლენა, ინფექციის პრევენციის გარეშე. შესაბამისად, თუ პროფილაქტიკურად გამოიყენება ანტივირუსული მედიკამენტი, მწვავე შრატის ნიმუში უნდა შეგროვდეს საწყის ეტაპზე, ხოლო გამოჯანმრთელების ფაზის ნიმუში უნდა შეგროვდეს ექსპოზიციის შემდეგომ 3-6 კვირაში და 3 თვეში (შესაძლოა ნიმუშების აღება გაგრძელდეს შემდეგაც, სერიულად), რადგან სეროკონვერსია მედიკამენტების გამო შესაძლოა დაყოვნდეს. ამ პერიოდის განმავლობაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ პოტენციური სიმპტომების იდენტიფიკაციისთვის, რომლებიც B ვირუსისთვისაა დამახასიათებელი. იმ პაციენტებში, რომლებსაც შეუწყდათ ანტივირუსული თერაპია, საჭიროა მჭიდრო დაკვირვება B ვირუსული ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების დროულად აღმოსაჩენად.[4]

ჭრილობის ნიმუშის აღება ექსპოზიციის მომენტში არ არის რეკომენდებული. ექსპოზიციის არედან ნიმუშების PCR ან ვირუსულ კულტურაზე გასაგზავნად შეგროვება დაშვებულია მხოლოდ კარგად გაწმენდის შემდეგ, რათა აცილებული იქნას ვირუსის ჭრილობაში ღრმად ჩასვლის რისკი. ნიმუშების PCR ან ვირუსულ კულტურაზე გასაგზავნად შეგროვება ძირითადად ხდება მაშინ, როცა კლინიკური სიმპტომები არსებობს ან თუ ანტისხეულებზე დადებითი სეროლოგიური პასუხი მიუთითებს ინფექციაზე. ასევე საგულისხმოა, რომ ნიმუშები, რომლებიც ექსპოზიციის დროს გროვდება და იგზავნება PCR ან კულტურაზე, ხშირად უარყოფითია, რადგან თავისუფალი ვირუსული ნაწილაკები შორდება ჭრილობას გაწმენდისას. შესაბამისად, ნიმუშს შესაძლოა არ ჰქონდეს დიაგნოსტიკური ან კლინიკური მნიშვნელობა ინფექციის სადიაგნოსტიკოდ.

ნიმუშები უნდა გაიგზავნოს სპეციალიზირებულ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში, რომელთაც აქვთ B ვირუსის ტესტირების შესაბამისი ექსპერტიზა. B ვირუსი არის მე-4 რისკის ჯგუფის აგენტი, რაც მოითხოვს ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის კლასის (BSL-4) ლაბორატორიას; შესაბამისად, სპეციალიზირებულ ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს BSL-4 აღჭურვილობა და შესაბამისი სერტიფიცირება B ვირუსის სადიაგნოსტიკოდ.

თავდაპირველი ლაბორატორიული კვლევები

მე-4 დონის ბიოუსაფრთხოების მქონე ლაბორატორიაში ჩატარებული სეროლოგიური ანალიზი არის პირველი ხაზის დიაგნოსტიკური ტესტი B ვირუსული ინფექციის შემთხვევაში. იგი ასევე წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ (და ხარჯთეფექტურ) ლაბორატორიულ ტესტს ექსპოზირებული პაციენტების განმეორებითი შეფასებების ჩასატარებლად. როდესაც B ვირუსზე მიგვაქვს ეჭვი სეროლოგიური დასკვნის საფუძველზე, ინფექცია საუკეთესო ვარიანტში დასტურდება პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის ნიმუშებით, რომლებიც ჰერპესული დაზიანებებიდან გროვდება, ან, ინფიცირებული ადგილის არარსებობის შემთხვევაში, ნიმუში აიღება კონიუნქტივიდან, ლოყის ლორწოვანიდან ან თავზურგტვინის სითხიდან. ვირუსული კულტურა კვლავ რჩება B ვირუსის დადასტურების ერთ-ერთ მეთოდად, მაგრამ მისი გამოყენება კლინიკური მართვის სახელმძღვანელოდ შეზღუდულია. მეტიც, ვირუსის ლაბორატორიაში დათესვისას არსებობს პოტენციური საფრთხე; აუცილებელია სპეციალიზებული ლაბორატორიის გამოყენება, რომელსაც აქვს ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის შესაბამისი სტანდარტები. დადებითი კულტურა უნდა დადასტურდეს აგენტის მიმართ სპეციფიკური ტესტით (მაგ.: პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია, სექვენირება, რესტრიქციული ენდონუკლეაზას ანალიზი, ნატრიუმის დოდეცილ სულფატ-პოლიაკრილამიდის გელის ელექტროფორეზი [SDS-PAGE], ვირუსული ცილების ანალიზი). პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია უპირატესია, ვინაიდან ეს მეთოდი არის უფრო სწრაფი, აქვს მაღალი მგრძნობელობა, საფრთხის დაბალი რისკი და არის უფრო ხარჯთეფექტური, ვიდრე კულტურა. შესაბამისად, სეროლოგიური ანალიზი და პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის ტესტი დადასტურებისათვის არის ყველაზე გამართლებული კლინიკური მიდგომა. თუ პაციენტი სიმპტომურია, პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია უნდა ჩატარდეს პირველ ტესტად. კულტურა არ არის აუცილებელი კლინიკური დადასტურებისათვის, მაგრამ შესაძლოა დაგვეხმაროს სიცოცხლისუნარიანი ვირუსის არსებობის დადასტურებაში და მედიკამენტებზე მგრძნობელობის დადგენაში.[47]

სეროლოგიური ანალიზი:

  • სეროლოგიური ანალიზი ტარდება B ვირუსული ინფექციის აღმოსაჩენად, მაგრამ ანალიზის პასუხს ვერ ექნება გავლენა მკურნალობის გადაწყვეტილებაზე, რადგან საჭიროა დრო ანალიზისათვის აღსაქმელი რაოდენობით ვირუსისთვის სპეციფიკური ანტისხეულების წარმოსაქმნელად. მკურნალობასთან დაკავშირებული დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კლინიკურ შეფასებას.

  • ყველაზე შინაარსობრივი ტესტი იქნება მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზის ნიმუშების ერთმანეთთან შედარება, თუმცა შესაძლოა მხოლოდ ერთი ნიმუშის ტესტირებაც იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა B ვირუსული ინფექციის კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები.

  • სეროკონვერსიის ან ანტისხეულის ტიტრის ≥4ჯერ მომატების დოკუმენტირება სარწმუნოდ მიუთითებს ექსპოზიციის ინფექციამდე პროგრესირებაზე. ხოლო ამ მონაცემების არარსებობა სეროლოგიურ ტესტებში ექსპოზიციიდან 3-6 კვირის შემდეგ, გარკვეულწილად სავარაუდოდ უარყოფს ინფექციის არსებობას.

  • მიუხედავად იმისა, რომ B ვირუსის ექსპოზიციასთან ქრონოლოგიურად დაკავშირებული სეროკონვერსია ამტკიცებს ინფექციის არსებობას ფარდობითი სარწმუნოობით, შესაძლოა მოხდეს ჯვარედინი რეაქცია სხვა ჰერპესვირუსებთან, განსაკუთრებით HSV-1-თან. ამ მოვლენამ შესაძლოა გაართულოს დიაგნოსტიკური ინტერპრეტაცია ცრუ დადებითი რეაქციების გამო.[48] შესაბამისად, თუ ტიტრში სეროლოგიური მატება არ არის ზუსტად კორელაციაში B ვირუსული ინფექციასთან, შესაძლოა საქმე გვქონდეს ახალ ინფექციასთან. თუ სეროდადებითობა პირდაპირ არ არის ასოცირებული ახალ ექსპოზიციასთან, შესაძლოა გვქონდეს წარსულში განვითარებული ინფექცია, მაგრამ ამ ორივე შემთხვევაში პასუხი ნაკლებ სარწმუნოა, ვიდრე სეროკონვერსიის დოკუმენტირებისას ექსპოზიციის შემდგომ.

  • პაციენტებს, რომლებსაც სავარაუდო ექსპოზიცია აქვთ ანამნეზში, არ უნდა დაესვათ დიაგნოზი მხოლოდ სეროლოგიური რეაქტიულობის საფუძველზე, სიმპტომური დაავადების არსებობის ან ვირუსის გამოყოფის ლაბორატორიული დადასტურების გარეშე (მაგ.: PCR ან კულტურა). უმნიშვნელოვანესია ექსპერტის ჩართვა დიაგნოსტიკური ტესტირებისა და ინტერპრეტაციის ეტაპებზე.

PCR და ვირუსული კულტურა:

  • დადასტურებული ინფექციის არარსებობის შემთხვევაში, დადებითი PCR ან ვირუსული კულტურა ექსპოზიციის ადგილიდან ხანმოკლე პერიოდში შეგროვებულ ნიმუშებში მიუთითებს B ვირუსთან ექსპოზიციაზე. თუმცა, უარყოფითი პასუხი ვერ გამორიცხავს ექსპოზიციას. ასევე, ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი პასუხი ვერ განსაზღვრავს, გადაიზარდა თუ არა ექსპოზიცია ინფექციაში. შესაბამისად, ამ ნიმუშების ტესტირების შედეგებს აქვთ შეზღუდული დიაგნოსტიკური ღირებულება.

  • სიმპტომურ პაციენტებში, კანის დაზიანებებიდან ან სხვა ადგილებიდან აღებული ნიმუშების PCR ან კულტურით კვლევებს აქვთ კლინიკური ღირებულება დიაგნოზის დასასმელად, ინფექციის დოკუმენტირებისათვის, პაციენტის კლინიკური მართვისა და ინფექციის კონტროლის პროცესების წარმართვისათვის. მაგალითად, ისეთი ადგილებიდან აღებული ნიმუშების PCR ან კულტურის ანალიზი, რომელთაც ადრეული სიმპტომები ახასიათებდათ, როგორიცაა ვეზიკულური კანის დაზიანებები ან დისტალური არედან მოცემული ნიმუშის ტესტირება, სადაც კლინიკური სინდრომი ვლინდებოდა (მაგ.: თავზურგტვინის სითხე, როცა ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციაა ნავარაუდები), მეტი ალბათობით იქნება დადებითი პასუხის მქონე და შესაძლებელი იქნება თავდაპირველი დიაგნოზის დადასტურება, რომელიც ეფუძნებოდა სეროლოგიურ ტესტირებას და კლინიკურ გამოვლინებებს.[4]

  • დადებითი PCR ტესტი ან კულტურა ექსპოზიციის ადგილიდან მოგვიანებით აღებულ ნიმუშზე ან არა-ექსპოზირებული ადგილიდან აღებულ ნიმუშზე (მაგ.: დაზიანებები, კონიუნქტივა, ხახა, თავზურგტვინის სითხე) ნებისმიერ დროს, სიმპტომებთან ასოციაციაში, რომლებიც B ვირუსისთვისაა დამახასიათებელი, მიუთითებს ინფექციაზე.[4]

  • როდესაც კლინიკური სიმპტომები შეესაბამება ინფექციას და აღინიშნება B ვირუსზე სეროდადებითი პასუხი, PCR არის საკმარისი B ვირუსული ინფექციის დასადასტურებლად.

  • სიმპტომურ პაციენტებს, რომელთაც PCR ან კულტურის ტესტი ჰქონდათ დადებითი B ვირუსზე, უნდა ჩაუტარდეთ ყოველკვირეული განმეორებითი ტესტირება მანამ, სანამ ორი თანმიმდევრობითი ტესტი არ იქნება უარყოფითი. ეს აუცილებელია მკურნალობაზე პასუხის განსაზღვრისა და ვირუსული გავრცელების/გამოყოფის შეწყვეტის დადასტურების მიზნით.

  • დაკვირვების პერიოდში, PCR ნიმუშების აღება შესაძლებელია დაზიანებების ქერქიდან. ნიმუშები დაზიანებებიდან, რომლებსაც ქერქი არ აქვთ, შეიძლება გამოყენებული იყოს კულტურის დასათესად.

სხვა შესაძლო გამოკვლევები

  • თუ ექსპოზიციაზე პასუხისმგებელი ცხოველის ლაბორატორიული გამოკვლევა (მაგ.: სეროლოგიური ანალიზი, PCR, კულტურა) შესაძლებელი და უსაფრთხოა, ვეტერინარული კონსულტაციის საფუძველზე, შესაძლებელია ამ გზით B ვირუსული ინფექციის იდენტიფიცირება. შესაძლო B ვირუსთან ექსპოზირებასთან ასოცირებული ცხოველების ტესტირება ინფორმაციას მიაწვდის დაწესებულების მენეჯმენტს ამ ცხოველის ან უფრო დიდი ჯგუფის შესახებ, რომლის წევრიც ეს ცხოველია. ამის მიუხედავად, პაციენტის მართვისათვის ეს ინფორმაცია საკმარისი არ იქნება. პაციენტის შეფასებისა და მართვის პროცესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ამ ტესტირების შედეგების მზაობამდე. მართვა უნდა გაგრძელდეს პაციენტის ტესტირების მტკიცებულებების დაფუძველზე, და არა ექსპოზიციის წყაროს მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, პაციენტის კლინიკური მართვის მიზანი ვერ გაამართლებს იმ ხარჯებსა და რისკებს, რომლებიც ასოცირებულია შესაძლო ექსპოზიციაზე პასუხისმგებელი ცხოველების ტესტირებასთან.

  • ორსულობის ტესტი უნდა ჩატარდეს რეპროდუქციული ასაკის ქალებში, სავარაუდო ან დადასტურებული B ვირუსის ექსპოზიციის შემთხვევაში, რათა შესაბამისად შეირჩეს ანტივირუსული მედიკამენტები. მწირია გამოცდილება აციკლოვირის გამოყენების შესახებ ორსულებში, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება ნაყოფთან დაკავშირებული რისკების არსებობის თაობაზე. სხვა ანტივირუსულ პრეპარატებთან დაკავშირებული გამოცდილება კიდევ უფრო მწირია.[4]

  • შესაძლოა ჩატარდეს თავის ტვინის MRI ენცეფალომიელიტის დასადგენად, თუ განვითარდა ნევროლოგიური სიმპტომები.[27][28][49] თუ MRI ხელმისაწვდომი არ არის, შესაძლოა ჩატარდეს CT კვლევა, თუმცა CT ნაკლებმგრძნობიარეა ტვინის ღეროს ენცეფალიტის დიაგნოსტიკაში; ეფექტურობის გასაზრდელად რეკომენდებულია კონტრასტის გამოყენება.

  • თუ განვითარდა ნევროლოგიური სიმპტომები, უნდა ჩატარდეს ლუმბალური პუნქცია, თავზურგტვინის სითხე უნდა შემოწმდეს რუტინულ ბიოქიმიურ პარამეტრებსა და უჯრედულ მაჩვენებლებზე, ასევე B ვირუსის არსებობაზე (მაგ.: კულტურა, PCR ან სეროლოგია).[50][51]

  • ნევროლოგთან კონსულტაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაკეთდეს EEG, ენცეფალიტის მეტად დახასიათების მიზნით. B ვირუსით განპირობებული ენცეფალიტი ტიპიურად არის ტვინის ღეროს ენცეფალიტი, რომელიც დროთა განმავლობაში ხდება დიფუზური, HSV ენცეფალიტისაგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ცალმხრივი, საფეთქლის წილის ენცეფალიტით ვლინდება. ორივე შემთხვევაში- B და HSV ვირუსებით განპირობებული ენცეფალიტის მკურნალობა შედგება ინტრავენური აციკლოვირისაგან, ამიტომ მკურნალობა არ უნდა დაყოვნდეს. მკურნალობა უნდა დაიწყოს B ვირუსის მაღალი კონცენტრაციისას, ხოლო შესაბამისად უნდა შეიცვალოს თუ შემდგომი შეფასებით ეტიოლოგიურ ფაქტორად განისაზღვრება HSV, ან შესაძლებელია გადასვლა განციკლოვირზე, თუ შეფასებით B ვირუსია ეტიოლოგიური ფაქტორი.

  • ნევროლოგთან კონსულატიის საფუძველზე, შესაძლებელია დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება ტვინის ღეროსა და ზედა ზურგის ტვინის ფუნქციებზე, ტვინის ღეროს სმენითი გაღიზიანების პასუხების (ცნობიერებაზე მყოფ პაციენტში) ან სომატომგრძნობელობის გაღიზიანების პოტენციალების (ცნობიერების გარეშე) ტესტების საშუალებით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას