შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
29 წლის მამრობითი სქესის პაციენტს, რომელიც ცხოველებთან უშუალოდ მუშაობს, უკბინა სავარაუდოდ ჯანმრთელმა მაკაკამ. ნაკბენი ჭრილობა დაუყოვნებლივ ჩამოირეცხა ონკანის წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში, საპონის გამოყენებით. მას განუვითარდა ლოკალური და გენერალიზებული ინფექცია (სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი) მეორე დღეს, რისთვისაც დაენიშნა ანტიბიოტიკოთერაპია. შემდეგ მას განუვითარდა დროგამოშვებითი, სუბფებრილური ცხელება 10 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვა ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, მათ შორის ქვედა კიდურების პარალიზი და პარესთეზია. პარალიზი აღმავალი იყო და გრძელდებოდა ძუძუს დვრილის ხაზიდან 1 ინჩის სიმაღლეზე. აღინიშნა ცხელება- 40.2°C, ნაკბენიდან მე-12 დღეს. მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირებით არ გამოვლინდა დაზიანებები თავის ტვინსა და ზურგის ტვინში.
სხვა გამოვლინებები
აღნიშნულ თარიღამდე გამოქვეყნებულია დაახლოებით 50 შემთხვევა, სადაც დოკუმენტირებულია B ვირუსული ინფექცია. აქედან 21 შემთხვევა დასრულდა ფატალური შედეგით.[4] შესაბამისად, შეზღუდული სტატისტიკური რიცხვების გამო, რთულია მყარი მონაცემების საფუძველზე განვსაზღვროთ ტიპური კლინიკური სურათი, განსაკუთრებით ადრეული ნიშნები და სიმპტომები. პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ ჰერპესული დაზიანებები ექსპოზიციის ადგილზე, რაც შემდეგ გრძელდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებით. სხვა ტიპის გამოვლინებაა დიზესთეზიები ექსპოზიციის ადგილზე, რაც გრძელდება აღმავალი პარალიზით ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებით. შემთხვევის ერთი ანგარიშის მიხედვით, პაციენტს აღენიშნა მხედველობის ნერვთან დაკავშირებული ჰერპესული დაზიანებები, რაც მიუთითებდა დაავადების რეაქტივაციაზე. სხვადასხვა შემთხვევაში პაციენტები თავდაპირველად მიმართავდნენ ექიმებს შემდეგი სიმპტომების გარკვეული კომბინაციით: გენერალიზებული, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ცხელება, ვეზიკულები ექსპოზიციის ადგილის პროქსიმულად ან კონიუნქტივიტი. შემდგომი ნევროლოგიური ჩართულობა შესაძლოა გამოიხატოს თავბრუსხვევით, სისუსტით, დისპეპსიით, დისპნოეთი, მძიმე პერსისტენტული თავის ტკივილით და დაავადების პროგრესირების პარალელურად, აღმავალი პარალიზითა და შესაბამისი გართულებებით. გადარჩენილი პაციენტების უმრავლესობას მთელი სიცოცხლის მანძილზე აწუხებს საშუალო ან მძიმე ნევროლოგიური დარღვევა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას